ლევან მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილის ემოციური ფონი კარგად გვესმის – ასაკშია, 6 წელზე მეტია, რაც ამ თანამდებობას იკავებს, სასახლეში ცხოვრობს, სერიოზული კომფორტია და ძალიან უჭირს, ამ ყველაფერს შეელიოს

სალომე ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის – ქალბატონია, ასაკშია, 6 წელზე მეტია, რაც იკავებს ამ თანამდებობას, სასახლეში ცხოვრობს, სერიოზული კომფორტია და ძალიან უჭირს, რომ ამ ყველაფერს შეელიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი იმედს გამოთქვამს, პრეზიდენტი სკანდალურ ქმედებებს არ ჩაიდენს და თავისი ფეხით დატოვებს იმ სასახლეს, სადაც მას ცხოვრების უფლება 29 დეკემბრის მერე აღარ ექნება.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ხელახალი ს ჩატარებაზე საუბრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ჯერ თითქოსდა, რაღაც პარალელურ პარლამენტს აყალიბებდნენ, ახლა რაღაცა საბჭო უნდა შევქმნათ და ახალი არჩევნები ჩავნიშნოთო. ვინ მისცა მათ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია, რომ ზოგადად ასეთ თემებს განიხილავენ? ეს არის ჩვეულებრივად რაღაცა საბავშვო ბაღი. სახლობანას თუ შტაბობანას თამაშს ჰგავს. ის, რომ ვიღაცამ ახალი არჩევნები გადაწყვიტოს, აბსოლუტური სისულელეა.
ქალბატონი ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, შევდივართ მის მდგომარეობაში. ქალბატონია, ასაკშია, 6 წელზე მეტია, რაც იკავებს ამ თანამდებობას, სერიოზული კომფორტია, სასახლეში ცხოვრობს, მაღალი რანგის შეხვედრები აქვს და ძალიან უჭირს, რომ ამ ყველაფერს შელიოს. ქალბატონმა ზურაბიშვილმა სავარაუდოდ, შექმნა შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს, იგი იქნებოდა რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. შესაბამისად, ამ აღქმებიდან გამოსვლა მას ძალიან უჭირს, თუმცა მას ჰყავს საკმაოდ ნორმალური გარემოცვა და მათ უნდა უთხრან, რომ „ქალბატონო სალომე, რეალობა სხვა არის, უნდა შეეგუოთ ამ რეალობას“. რამდენი ხანი უნდა იცხოვროს ამ ქალბატონმა პარალელურ სამყაროში?! სანამ ცოცხალი ვიქნები უნდა ვიყო საქართველოს პრეზიდენტიო და ორი პრეზიდენტი წარმოუდგენია რომ ჰყავდეს ჩვენ ქვეყანას.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი რაღაცა სკანდალურ ქმედებებს არ ჩაიდენს, არ გადარევს ისევ ჩვენს საზოგადოებას და თავისი ფეხით დატოვებს იმ სასახლეს, სადაც მას ცხოვრების უფლება 29 დეკემბრის მერე არ ექნება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.