ჩვენ „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვქონდა დაანონსებული – დავაკვირდეთ, როგორ იმავნებლებენ და თუ მათი მავნებლობა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
რაც შეეხება მათი სადეპუტატო უფლებამოსილების არცნობის საკითხს, მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ სიას ვერ ჩახსნის, უფლებამოსილების ცნობაზე ვერ იტყვის უარს, ხოლო შემდგომში თავად პარლამენტი იმსჯელებს, შეუწყვიტოს თუ არა მათ მანდატი.
მაჭავარიანის მტკიცებით, ეს კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული წესია და მას ვერც ცესკო და ვერ ოპოზიცია გვერდს ვერ აუვლის.
„პარლამენტის პირველ სხდომამდე და უფლებამოსილების ცნობამდე ვერავინ ვერავითარ სიას ვერ ჩახსნის. ამის შემდეგ, ვისაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ სურს, ინდივიდუალურად მოგვმართონ და პარლამენტი დამატებით იმსჯელებს, ვის შეუწყვიტოს უფლებამოსილება და ვის – არა. კონსტიტუციითა და კანონით პროცედურა ასეთია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და პოლიტიკური პოპულიზმი. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ ვერავითარ სიას ვერ ჩახსნის”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.