ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის მოქალაქეების მხრიდან – პირველ რიგში, მოდიოდა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები, როდესაც მათი რაოდენობა არ იყო საკმარისი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ვალდებულია „ადეკვატურად და შესაბამისად უპასუხონ ვითარებას, როდესაც ხელოვნურად ხდება რაღაცის გადაკეტვა, ეს იქნება მანქანების გზის ნაწილი თუ ე.წ. ტროტუარი.”
„ახლა სტრატეგია შეცვალეს და ტროტუარებს კეტავენ ისეთ ვიწრო ქუჩებში, რომ ხელოვნურად შეუქმნან პრობლემა ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად და შესაბამისად, როდესაც ხელოვნურად ხდება რაღაცის გადაკეტვა, ეს იქნება მანქანების გზის ნაწილი თუ ე.წ. ტროტუარი, ჩვენ ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, არ მივცემთ. ვისაც რა უნდა ის გააპროტესტოს, ოღონდ გააპროტესტოს ისე, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს და მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეუქმნან”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას, მაჭავარიანმა განმარტა, რომ თუ ადამიანმა არ იცის შინაარსობრივად კანონი პოლიცია და სამართალდამცავი მას გაფრთხილებას მისცემს, მიუთითებს თუ სად უნდა გადავიდეს და სად უნდა დადგეს და სად უნდა გააპროტესტოს.
“თუ ისინი ხელოვნურად ქმნიან რაიმე ტიპის პრობლემას, იგივე ე.წ. ტროტუარზე, თუ მაინც არ დაემორჩილება სამართალდამცველს მაგ შემთხვევაში არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო თუ ამ ადმინისტრაციული სასჯელის მერე ეს ადამიანი ეცდება გამიზნულად დაარღვიოს კანონი, ამის შემდეგ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა“ , – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი