არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს – ისევ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ აქტიურად ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს.
„უწმინდესი არის ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანი ბრძანდება და ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, რომ მან მოუწოდა ოპოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ დესტრუქციული და მავნებლური ქმედებები, აქტიურად ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს. ამავდროულად, ვიცით, როგორი თავდასხმები დაიწყო რადიკალური ოპოზიციის, მათ აქტივისტებისა და რადიკალური ენჯეო სექტორის მხრიდან ჩვენს პატრიარქზე და ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა. წინა წლებში ეს ქმედებები რეგულარულად მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, არ ველოდებით, რომ ისინი ჩვენი უწმინდესის ამ მოწოდებას, თხოვნას გაითვალისწინებენ და მომდევნო 4 წელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პატრიარქმა ილია მეორემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ განცხადება გაავრცელა. ილია მეორე განცხადებაში აღნიშნავს, რომ შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. პატრიარქი მმართველ პარტიას „გულითადად ულოცავს ამ წარმატებას”.
ამასთან, როგორც პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამი, „მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.
„ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.