ლევან ლორთქიფანიძე – ხელისუფლების ორმაგი სტანდარტებით მუშაობა მაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავადაც არ იცის სად მთავრდება მისი ტაქტიკა და იწყება სტრატეგია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, 2024 წელს ქვეყანას ორი დიდი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – 2024 წლის ს დემოკრატიულად ჩატარება და ევროკომისიის 9 რეკომენდაციების ისე შესრულება, რომ წლის ბოლოს ბრიუსელმა საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, და რაც უფრო მეტად ვადევნებთ თვალს საშინაო პოლიტიკაში არსებულ დინამიკას, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ კლასს, ხელისუფლების ჩათვლით, აშკარად გაუჭირდებათ ცალ-ცალკე და ერთადაც ამ ორივე მიზნის შესრულება.
ამ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს იზრუნოს უმნიშვნელოვანეს და ურთულეს საკითხებზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან „კონსენსუსის ძიებას“. კონტექსტი ასეთია, – ასე ვიქცევით რადგან მთელი ოპოზიცია „რადიკალურ ოპოზიციას“ წარმოადგენს.
ხელისუფლება ამბობს, რომ სურს ქვეყანა ევროკავშირში გააწევრიანოს, თან ამბობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასეთ ფონზე გაუგებარია, რატომაა ხელისუფლების განცხადებების მთავარი სამიზნე ამერიკა და ევროპა.
თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 7 თვით ადრე ორივე მთავარი მიზნის, 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების ქმედებებს?
– საქართველოს ხელისუფლებისთვის 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ევროპული რეკომენდაციების შესრულება მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი – მორიგი ვადით მოიპოვონ მმართველი გუნდის სტატუსი.
შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდის უმრავლესობის წარმომადგენელთა მთელი ძალისხმევა მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ. „ქართული ოცნების“ ხედვა ასეთია თუ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ევროპული რეკომენდაციის საკითხი ხელს შეუშლის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას, წყალს წაუღია ქვეყნის წინაშე დღეს არსებული ორივე გამოწვევა.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი პრობლემების სანახევროდ გადაწყვეტა, ნახევარ-სიმართლეებით ფონს გასვლა გახლავთ. ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ისინი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი მიზნების შესრულებისას ისინი სხვა გზას აირჩევენ.
მაშასადამე, „ქართული ოცნების“ წევრები შეეცდებიან ცხრა რეკომენდაციიდან სანახევროდ მაინც შეასრულონ ზოგიერთი მათგანი, სომხებზე, უკრაინელებზე და მოლდოველებზე უკეთ ჩაატარონ საპარლამენტო კენჭისყრა, მაგრამ საარჩევნო სტანდარტებით არავითარ შემთხვევაში არ გაუტოლდებიან ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი.
აქედან გამომდინარე, 2024 წლის მიწურულს მოველი არჩევნებს, რომელიც პროცედურულ დონეზე შეიძლება იდეალურად წარიმართოს – არავინ ჩაყრის ბიულეტენებს ურნებში, არ გახდება საჭირო „კარუსელების“ დატრიალება, ელექტრონული აპარატები სწრაფად დაითვლიან ხმებს, ოქმები და შედეგები უმალვე აიტვირთება ადმინისტრაციის ვებგვერდზე და ა.შ.

თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ხარბად და სათავისოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გაბედავს უარი თქვას სამთავრობო გუნდის დაფინანსებაზე, პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთხმად შეეცდება ივანიშვილის ზურგის გამაგრებას და ამომრჩეველთა მობილიზებას, კვლავ აქტიურად იმუშავებენ გაურკვეველი დავთრებით შეიარაღებული კოორდინატორები, პროცესს ფონად გაჰყვება ბინძური პროპაგანდისტული კამპანიები და ა.შ.
მოკლედ, ვვარაუდობ, რომ 2024 წლის არჩევნები დაემსგავსება ვაშლს, რომელიც გარედან ელვარებს, შიგნიდან კი მთლიანად დამპალია.
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნებას, მის ირგვლივ ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდირებას, ხოლო არჩევნების შემდეგ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირთან დასაახლოებლად.
ოპოზიციის უდიდეს ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი – მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ“.
ამის დასტურად სახელდება ს ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისას და მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერებაზე ტესტირების ჩატარებაზე უარის თქმა.
თქვენი დაკვირვებით 2024 წლის არჩევნების წელს ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები ძალაუფლების შესანარჩუნებლად სახელისუფლებო ძალის ტაქტიკას უფრო ჰგავს თუ სტრატეგიას ?
– სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართებით შემაშფოთებელ ხასიათს იძენს. ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლების ლიდერებს ევროკავშირის ხსენებაზე ტრანსგენდერის მოჭრილი ასო, მოზარდის მიერ გადაკეთებული სქესი, ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინებების საკონსტიტუციო დონეზე ლეგალიზება ახსენდებათ. თან ამ საკითხებზე არნახული ინტენსივობით, დუჟმორეულნი მსჯელობენ.
ხელისუფლებას თითქოს სურს საზოგადოებაში კონსერვატიული ღირებულებები დაამკვიდროს, სინამდვილეში კი ორად ორი მიზანი აქვს: საზოგადოებაში ევროპა გარყვნილების ბუდედ წარმოაჩინონ და ჩვენი ხალხის კონსერვატიული სენტიმენტები საარჩევნო შედეგებად გარდაქმნან.

თავს სოციალისტად მივიჩნევ, მეც ყელში მაქვს ამოსული გენდერული პრობლემების, იდენტობის პოლიტიკის აბსოლუტური დომინაცია სოციალურ-ეკონომიკური სამართლიანობის საკითხებზე, უბრალოდ, უკანასკნელი ნაძირალა ვიქნებოდი, დასავლეთი მხოლოდ ულტრალიბერალური პოლიტიკის ჭრილში რომ წარმომედგინა საზოგადოებისთვის და ხალხისთვის მეთქვა – არ არსებობს კონსერვატიული ან სოციალ-დემოკრატიული ევროპა, ყველანი უზნეობას ემსახურებიან.
ადამიანები, რომელთაც ევროპის ხსენებაზე არ ახსენდებათ ხანგრძლივი მშვიდობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება, მძლავრი მანქანათმშენებლობა, მრავალპარტიული დემოკრატია, გოეთე, სერვანტესი და ნაცვლად ამისა, გაუთავებლად საუბრობენ გენიტალიების ტრანსფორმაციაზე, არ არიან პატიოსანი და განათლებული მოღვაწეები. ბოლო წლებია ხშირად ვიმეორებ, რომ დასავლეთი კრიზისშია, ის უნდა გავაკრიტიკოთ, მას უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ დაუშვებელია მისი მიღწევების ხელის ერთი მოსმით წყალში ჩაყრა.

ევროკავშირის დაუნდობელი და უპატიოსნო შეჩვენების პარალელურად, ხელისუფლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყნისგან – ჩინეთისგან ამქვეყნიური სამოთხის დახატვას ცდილობს.
თითქოს იქ არ კლავენ და აწამებენ ქრისტიანებს, არ ჩაგრავენ მუშებს, არ დევნიან განსხვავებულ აზრს, თითქოს ჩინეთს მხოლოდ ეკონომიკური აღორძინება ახასიათებს.
სინამდვილეში კი, სახალხო რესპუბლიკას ევროპაზე გაცილებით მეტი ნაკლოვანება შეიძლება ჰქონდეს რიგითი ქართველი კონსერვატორი ამომრჩევლისთვის. უბრალოდ, საკითხის სრულყოფილად შესწავლაა საჭირო.
ხელისუფლების ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მუშაობა მაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავადაც არ იცის სად მთავრდება მისი სტრატეგია და მთავრდება ტაქტიკა, ისინი შორს არ იყურებიან, ეგოისტურად რეაგირებენ მხოლოდ დღევანდელ იმპულსებზე.
– თუ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰელჩინსკის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ცხადად დავინახავთ, რომ ბრიუსელი თბილისისგან ითხოვს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის მოსამართლეების მიერ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას.
იგი მუდმივად იმეორებს – „საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ახლა ჯერი საქართველოზეა თუ როდის გადაწყვეტს ამ კარის ზღურბლის გადალახვას“. ცხადია, რომ ბატონი ჰელჩინსკი მარტო თავის აზრს არ გამოხატავს.
ს ომის ფონზე, ასევე იმის გამო, რომ წელს ევროპაშიც ევროპარლამენტის არჩევნებია, ბრიუსელი მაინც იცლის საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ადევნოს თვალი.
ზოგი ამბობს, რომ ბრიუსელში ბევრი საქართველოს ქცევას, ევროკავშირისთვის პრობლემური უნგრეთის ლიდერის ორბანის ქცევას ამსგავსებს. ზოგი თვლის, რომ ბრიუსელში გარკვეულ წილად გაგებით ეკიდებიან საქართველოს მმართველი გუნდის ქცევას და აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ მათი ქცევა განსხვავებული იქნება.
სავარაუდოდ, ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე რა აზრი შეიძლება იყოს უმთავრესი დომინანტური და რას შეიძლება ფიქრობდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები?
– კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საქართველოს მოსახლეობას – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ევროკავშირის ყველაზე გავლენიან ლიდერებს არ სცალიათ საქართველოსთვის. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე თავიდან აიცილონ უკრაინის მარცხი რუსეთთან ომში და პუტინის რეჟიმს ცხვირში ძმრად ამოადინონ საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა.

ისინი ჯერჯერობით ახერხებენ პირველი ამოცანის გადაწყვეტას, მეორე მათგანის განხორციელება კი ძალიან უჭირთ. ევროპის მთელი ძალისხმევა ამ საკითხისკენ არის მიმართული. პარალელურად, ევროპის შიგნით ძლიერდება ეკონომიკური კრიზისი, მწვავდება კონფლიქტები კონკრეტულ საზოგადოებებში. ევროპელთა ენერგიის მეორე ნაწილი ამ ხანძრის ჩაქრობისკენ არის მიმართული.
საქართველოს მსგავსი ქვეყნების საკითხი კი ჯერჯერობით გაყინულია. ევროპა ელოდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურების გამოკვეთას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულის მოახლოებას და ამის შემდეგ უფრო ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს თანამეგობრობაში. მანამდე კი კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და ამგვარად საქართველო თავიანთი სივრცის ნაწილად მონიშნეს.
ევროპა ელოდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურების გამოკვეთას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულის მოახლოებას და ამის შემდეგ უფრო ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს თანამეგობრობაში. მანამდე კი კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და ამგვარად საქართველო თავიანთი სივრცის ნაწილად მონიშნეს
მაშასადამე, ჯერ ქარიშხალი გრძელდება, მის ჩაცხრობამდე ვერც საქართველოს სერიოზული დახმარებისთვის და ვერ სერიოზული კრიტიკისთვის ვერ მოიცლიან. შესაბამისად, საქართველოს შესახებ კლიმატს მაკრონისა და შოლცის ნაცვლად მეათეხარისხოვანი, გავლენის არმქონე ევროპარლამენტარები ქმნიან.
ზოგადად კი, ნებისმიერი არასრულყოფილი, მაჩანჩალა დემოკრატიის ტექსტი არჩევნების მშვიდად და სამართლიანად ჩატარება გახლავთ. ცხადია, საქართველოს მიმართ პოლიტიკის განსაზღვრის დროს ევროპელები არჩევნების შედეგებს გაითვალისწინებენ. გამოდის, რომ ამ ეტაპზე ჩვენი შეფასების მთავარი კრიტერიუმი ოქტომბრის კენჭისყრა გახლავთ.
– ხელისუფლება ლამის ყოველ მეორე დღეს იმეორებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ხმათა 60%-ს მიიღებს. ამგვარი განცხადებები რომ სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია იქიდანაც ჩანს, რომ ეს რომ ასე იყოს, კვალიფიციური პიარტექნოლოგიები არ ურჩევდნენ ამ მოსაზრებების ასე ხშირად გამეორებას. შესაძლოა, სულაც პირიქითაც იყოს.
ხელისუფლების სუპერაქტიურების ფონზე თვალს ვადევნებთ ქართულ პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის აქტიურობას. ოპოზიციურ პარტიათა რიცხვს ცოტა ხნის წინ გვარამია-მელიას პარტია „ახლები“ დაემატა.
მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანდნენ, რომ მათ არ გაუჭირდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ამ თვალსაზრისით ახალი არც არაფერი ხდება.
„ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მკაფიოდ დგანან იმ პოზიციაზე, რომ არჩევნებისთვის არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ. სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც იტყვიან, არ თვლემს და ამტკიცებს, რომ „ლელოს“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 5% ბარიერის დაძლევა გაუჭირდებათ.
თქვენ როგორ შეაფასებდით და დაახასიათებდით არჩევნებამდე 7 თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ ველს?
– პარტიული პოლიტიკის მკვლევრები პოლიტიკური ველის აღწერის დროს ძალებს ხშირად ყოფენ სხვადასხვა ფენებად. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენი პარტიული ლანდშაფტი სამ ფენისგან შედგება.
პირველი ფენა აერთიანებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება აქვთ. მათ ჰყავთ წარმომადგენლები საქართველოს ყველა რაიონში, იღებენ სოლიდურ სახელმწიფო დაფინანსებას და არც კერძო შემომწირველთა სიმცირეს უჩივიან. პირველი ფენის ნაწილად ქცეულ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ. ამ ჯგუფში, ცხადია, მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას მოვიაზრებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კალათში თავმოყრილ პარტიებს შორის შესაძლებლობები არაპროპორციულად არის გადანაწილებული. „ქართული ოცნება“ განუზომლად უფრო მოწესრიგებული და ძლიერია, ვიდრე“ნაცმოძრაობა“.

მეორე ფენის ნაწილად „ლელო“, „ახალი“ და გახარიას გუნდი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშასადამე, პარტიები, რომლებიც ბარიერთან შეჭიდებას აპირებენ და მისი გადალახვის შანსიც აქვთ. იდეურად, პოლიტიკური პოზიციებით, მორალით „ლელო“ და „ახალი“ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათმა ლიდერებმა თავიანთი ამბიციები გვერდით რომ გადადონ და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად ერთად რომ წარდგნენ ამომრჩეველთა წინაშე, მათ მიერ 5%-იანი წინაღობის დაძლევის შანსი ერთი ორად გაიზრდებოდა.
დამოუკიდებლად ასპარეზობის შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით გვარამია-მელიას გუნდის უპირატესობა იკვეთება, ენმ-ის ყოფილ ლიდერსა და მთავარ პროპაგანდისტს აქვთ შანსი, რომ ხმები გაუყონ ხაბეიშვილის ხელში დარჩენილ პარტიას და ამგვარად სერიოზული ფრაქცია შექმნან მომავალ საკანონმდებლო ორგანოში.

საკმაოდ საქმიანი გზა აქვს არჩეული გახარიას გუნდს. ისინი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ შინაარსზე, ცდილობენ ამომრჩევლებს წარუდგინონ კარგად დამუშავებული, არაპოპულისტური პროგრამები. ყოფილი პრემიერის თანაპარტიელებმა პირველებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკა პირდაპირ ეთერში ლაყბობა არ არის და აქტიურად ეწევიან მუშაობას რეგიონებში.
პარტია „საქართველოსთვის“ შედეგიანად ცდილობს „ნაცებისგან“ და „ქოცებისგან“ დისტანცირებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი კარგად მუშაობენ. უბრალოდ, ძალიან გვიან შეუდგნენ გზას, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თითქმის ყველა საკრებულოში მომუშავე ფრაქცია პარტიული სტრუქტურების მშენებლობისთვის გამოეყენებინათ.

ყველა დანარჩენი სუბიექტი მესამე ფენად შეგვიძლია მოვიაზროთ. ამ ფენის წარმომადგენელთაგან პარლამენტში აღმოჩენის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კონსერვატორებს ჰქონდათ, მაგრამ კონსოლიდაციის ნაცვლად ისინი კიდევ უფრო მეტად დაიქსაქსნენ. კონსერვატიულ ფლანგზე 4-5 თანაბარი ძალის მქონე პარტია გამოიკვეთა, მათ ცალ-ცალკე ძალიან გაუჭირდებათ სერიოზული მიზნების მიღწევა.
– დღეს აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ 2024 წლის არჩევნებში აშკარად აქვს უპირატესობა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით. მეტიც, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ავლენს მთავარს, რომ ისაა, ან შეიძლება იყოს ხელისუფლების ალტერნატივა.
საუბრები მომავალი მთავრობის კოალიციურობაზე კარგია, მაგრამ, ამ თემაზე მსჯელობისას პოლემიკაში ჩართულებს, როგორც ჩანს ავიწყდებათ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა არა მხოლოდ არჩევნების შედეგებზე, არამედ პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ კულტურაზე და თანამშრომლობის სურვილსა და უნარებზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის სურვილს ჩვენს პოლიტიკურ ველზე ჯერ მხოლოდ „ხალხის ძალა“ ავლენს, რომელიც „ქართულ ოცნების“ წიაღის ნაწილად ითვლება და სამართლიანადაც.
არაა გამორიცხული, ევროსკეპტიკოს ამომრჩეველთა, ღიად და ლატენტურად ანტიამერიკული და ანტიევროპულად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მობილიზება სწორედ მათ შეძლონ, ან შეაძლებინონ…
მალე იწურება ვადა, როცა პოლიტიკურ სუბიექტებს შეეძლებათ არა ერთ ბლოკად, არამედ ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანება და არჩევნებში მონაწილეობა. ამ თვალსაზრისით, აქტუალურია ოპოზიციურ ველზე ვინ ვისთან გაერთიანდება.
ოპოზიციურ ველზე ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანების თვალსაზრისით რა რეალური მოლოდინები არსებობს და სავარაუდოდ, საბოლოოდ როგორი სურათი შეიძლება მივიღოთ?
– ქართულ პოლიტიკაში მთავარი წარმმართველი ძალა ყოველთვის პირადი ამბიციებია. ღირებულებებსა და პრინციპებს ხშირად ნულოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ.
შესაბამისად, თუ დიდი ფული დაიხარჯა „შტრეიკბრეხერი“, საერთო საქმის მოღალატეც ადვილად გამოჩნდება და „ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციის გამაერთიანებელი რესურსიც.
ოპოზიციაში არჩევნებამდე დიდი გაერთიანება არ შედგება, სხვადასხვა ძალები შეეცდებიან თავიანთი პოტენციალის დამოუკიდებლად წარმოჩენას. პარლამენტის შეკრების შემდეგ კი ვითარების შესაბამისად ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

– მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უკვე ისტორიულად ქცეულ მატჩზე პრეზიდენტი სამთავრობო ლოჟაში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იჯდა, გასული კვირასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემაზე.
ვხედავთ, რომ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიცია აქტიურობს. თავად ემიგრანტების მტკიცებით, ჩვენი საგარეო უწყება იმითაა დაკავებული რომ პრობლემებს უქმნის საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტთა ჯგუფებს დარეგისტრირდნენ ამომრჩევლებად.
ვითარებაში, როცა რეგიონებში სოფლები პრაქტიკულად დაცლილია, ზოგი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ, ზოგიც თბილისშია ჩამოსული, რატომ არაა დაინტერესებული ხელისუფლება და ცესკო იმაში, რომ ემიგრანტებმა, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდ თანხებს აგზავნიან და ასე არჩენენ ოჯახებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში?
– ემიგრანტები ყველაზე მეტად გამწარებული ადამიანები არიან. ბუნებრივია, რომ ისინი კრიტიკულად არიან ხელისუფლების მიმართ განწყობილნი. ამასთანავე, მეტწილად ევროპულ სივრცეში ცხოვრობენ და კარგად იციან, რას ნიშნავს დასავლური კეთილდღეობა.
საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ყველაზე უკეთ ამჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ გამოსდის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ იმედი არ აქვს, რომ უცხოეთში ახალი უბნების გახსნით მოგებას ნახავს. ამიტომაც თავს არ იკლავს დამატებითი უბნების ორგანიზებისთვის.
საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ყველაზე უკეთ ამჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ გამოსდის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ იმედი არ აქვს, რომ უცხოეთში ახალი უბნების გახსნით მოგებას ნახავს. ამიტომაც თავს არ იკლავს დამატებითი უბნების ორგანიზებისთვის
თუმცა, მათ ადგილზე რომ ვიყო, სიმბოლურად დამატებით 10-15 უბანს ავამუშავებდი. ამ საქმეს დიდი მატერიალური რესურსები არ სჭირდება, დამატებითი უბნების შედეგებს შეუძლებელია დრამატული გავლენა ჰქონდეს საერთო სურათზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს საკონსულო აღრიცხვაზე ჩაწერა არც კი აწყობს. ვერ ვხდები, რატომ ქმნიან დამატებით პრობლემებსა და ხმაურს.
ერთადერთი ფორმალური მიზეზი რუსეთი შეიძლება იყოს, რუსეთში უბნების გახსნა ადვილად შეიძლება გამოცხადდეს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არ გახსნას კი შეიძლება დისკრიმინაცია ეწოდოს. ამიტომ „ოცნებამ“ შეიძლება თქვას, რომ სამართლიანი იქნება, თუ ახალ ურნებს არცერთ დამატებით ქალაქში არ დავდგამთო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი