ლევან ლორთქიფანიძე – დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

– ბატონო ლევან, ფეხბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელთანაც ჩვენი ნაკრები დამარცხდა, მაგრამ, ისიც ფაქტია რომ მსოფლიოს ამ უძლიერეს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დებიუტანტი საქართველოს ნაკრები 21 წუთი უგებდა.

ვიდრე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა, ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობდა. სპორტის ამ სახეობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ერთობა და გულწრფელი გულშემატკივრობა და ერთიანობით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.

მეტიც, ფეხბურთი მარტო სპორტია კი არა ჩვენი, ქართველების იდენტობის ნაწილიც კია…

ამ თემაზე სოციალურ ქსელში ბევრი აქტიურობდა, მათ შორის თქვენც და საკმაოდ საინტერესოდაც.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში… რა უნდა გაკეთდეს სპორტის ამ სახეობაში, რომ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო ხელშესახები წარმატებები გვქონდეს?

– სასიხარულოდ, ჩვენი თაობა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. მესამედი საუკუნეა დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები ოცნებობენ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რომელიმე მსოფლიო ფორუმზე ასპარეზობა შეძლოს.

როგორც იქნა, ჩვენმა ფეხბურთელებმა გააღწიეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ძალიან დიდი იშვიათობაა, როდესაც ჩემპიონატის დებიუტანტი მერვედფინალურ რაუნდში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჩვენებმა მეორე სასწაულიც აღასრულეს, რითაც მხოლოდ საქართველოს სპორტული ცხოვრების რიტმი კი არ შეცვალეს, არამედ ახალი ენერგია შემოიტანეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ დროებით ერთ მუშტად შეკრა მთელი ერი. ადამიანებს დაუბრუნდათ გამარჯვების რწმენა და დიდი ბზარი დააჩნდა დამარცხებულის მენტალიტეტს, რაც ასე ფართოდ არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. ხაზი გაესვა საქართველოს უპირატესობას მთელს რეგიონში.

ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები, სომხები და აზერბაიჯანელები აღფრთოვანებით შემოჰყურებდნენ ვილი სანიოლის გუნდს. ქართული ფეხბურთისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გამოვლინდა ხუმრობაში, რომელთაც სოციალურ ქსელებში აფხაზები და ოსები იმეორებდნენ: „აფხაზეთში დაბადებულმა დარასელიამ და გუცაევმა მოაგებინეს „დინამოს“ თასი, ახლაც რომ ჰყოლოდათ ვინმე დან და ოსეთიდან შეიძლება ფინალშიც გასულიყვნენ.“

სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის რა არის საჭირო, ეს მშვენივრად იციან სპეციალისტებმა. მე მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ასპექტზე შემიძლია გავამახვილო ყურადღება.

სპორტის რომელიმე სახეობის წარმატება დამოკიდებულია მის მასობრიობაზე, უმაღლესი რანგის სპეციალისტებთან კავშირსა და ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

იმედი მაქვს, მომავალ წლებში ერთი დიდი, გრანდიოზული სტადიონის თბილისში აშენების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება იმას, რომ თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა საშუალო ზომის დასახლებაში მაინც გაჩნდეს კეთილმოწყობილი მოედანი, სადაც უამრავი ადამიანი შეძლებს ფეხბურთის თამაშს.

გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელების ტოპ-ჩემპიონატებში დაწინაურება, იმედია, საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები დავამყაროთ მოწინავე საფეხბურთო ერებთან და შევძლოთ მათი გამოცდილების გაზიარება.

რაც მთავარია, უნდა შეწყდეს პარტიული პოლიტიკის დღის წესრიგში ფეხბურთელთა ჩათრევის მცდელობები. თუ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის სურვილი და ვაჟკაცობა ექნებათ სპორტსმენებს, როგორმე ჩვენი ზეწოლის გარეშეც გადადგამენ ნაბიჯს. კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბებას თავდაუზოგავი, მტანჯველი შრომა სჭირდება და მათ განვითარებას ნამდვილად ხელს უშლის ქართული პოლიტიკური საზოგადოების ისტერიკა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს დიდი ეროვნული ზეიმისთვის.

– საპარლამენტო არჩევნებამდე 100 დღეა დარჩენილი და ცხადია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის აქტიურობა 28 ოქტომბერს არჩევნებს უკავშირდება.

არჩევნები კი ახლოვდება, მაგრამ, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე ოპოზიციური სპექტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას საარჩევნო რეჟიმში რომ ამყოფებდნენ, ესეც ფაქტია.

უკანასკნელი 4 წელია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში თუ რამ ხდებოდა, პოლიტიკურ ძალებს შორის ბრძოლას უფრო ჰგავდა. თან ბრძოლას წესების გარეშე და საზოგადოებრივი აზრისთვის.

დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ასე გამოიყურებოდა – ხელისუფლება ამტკიცებს რომ „მთელი ოპოზიცია“ „რადიკალური ოპოზიციაა“ და ყველანი „ნაცები“ და ქვეყნის მტრები არიან.

ოპოზიცია კი პირიქით ამტკიცებს – „ქართული ოცნება“, „რუსული ოცნებაა“, ანტიდასავლურსა და ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს და კრემლის დავალებებს ასრულებს.

ამ იდეოლოგიებით აწარმოებენ საინფორმაციო პოლიტიკას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გადანაწილებული მედიასივრცე და მედიასაშუალებებიც. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 100 დღით ადრე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

– არჩევნებამდე 100 დღით ადრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არაჩვეულებრივი მოწყენილობა სუფევს. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებს უკვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეთ, თუ როგორი კონფიგურაციით მიიღებენ მონაწილეობას მოახლოებულ კენჭისყრაში.

ნაცვლად ამისა, თვალს ვადევნებთ მუდმივ კინკლაობასა და გაუთავებელ კულუარულ მოლაპარაკებებს. ოპოზიციური პარტიები დროს კარგავენ საკუთარი ამბიციების გაზომვასა და დატოლებაში.

დედამიწის ზურგზე ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ამჟამად მხოლოდ ოთხი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბების რესურსი არსებობს. ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს მცირედი თავმდაბლობა და გონიერება რომ ჰქონდეთ, ქართველ ხალხს შესთავაზებდნენ არჩევანს „ნაცებს,“ „ქოცებს,“ სააკაშვილისგან დისტანცირებულ „ნაცებსა“ და გახარიას ირგვლივ შემოკრებილ ჯგუფს შორის.

ოთხი სიმძიმის ცენტრის არსებობა „ქართულ ოცნებასაც“ შეუზღუდავდა თავისი პრიმიტიული რიტორიკის წარმოების შესაძლებლობას. მძლავრ, კარგად შეკრულ პოლიტიკურ ბანაკებს შესწევთ ძალა დღის წესრიგში ახალი საკითხების დაყენებისა, რაც საფუძველს აცლის „ქართული ოცნების“ განზრახვას, რომ პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დავინახოთ.

სამწუხაროდ, ოპოზიცია სასათბურე პირობებს უქმნის ივანიშვილს, ყოველთვის აგვიანებს, არ იტოვებს დროს ორგანიზებისთვის, არ აწარმოებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხალხთან და ბოლო მომენტში გაბრძოლებისა და რაღაც ჯერ უხილავი მოვლენის იმედი აქვს.

– საგარეო პოლიტიკა რომ საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, თითქოს ყველამ იცის, მაგრამ, როცა საქმე საქართველოს ეხება, ეს ბევრს ავიწყდება.

სწორედ საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ წარმოებული საინფორმაციო პოლიტიკა და პარტნიორებთან არჩეული პოზა, აქაოდა „ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს ვიცავთო,“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან – თუ საქართველომ „უცხო ქვეყნის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი არ გააუქმა, ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა დახურული დარჩება. ვაშინგტონიდანაც მიღებული გზავნილები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე კარგს არაფერს გვეუბნება.

ხელისუფლებას ურთიერთობები აქვს გაფუჭებული თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, გარდა, უნგრეთის პრემიერ ორბანისა, რომელიც 6 თვით კია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ის, ევროკავშირის ლიდერებს შორის დიდი ნდობით არ სარგებლობს.

იმის ფონზე რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სულ მეტად ამცირებენ საქართველოს მთავრობის დაფინანსებას, ხელისუფლება აგრძელებს, მართალია ისე ხმამაღლა არა, მაგრამ მაინც მტკიცებას, რომ მას ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს. ხელისუფლების მხრიდან ამის მტკიცება რას ნიშნავს და რაზე, ან ვისზეა გათვლილი?

– საქმე უბრალო ტყუილთან გვაქვს. ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაცია სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის საქმიანობის პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად ვერ გამოაცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება. თან კურსის ცვლილება ერთბაშად და დეკლარაციებით არ ხდება. ივანიშვილი ნელ-ნელა, მეთოდურად ცდილობს საქართველო დასავლეთისკენ მიმავალ გზას ააცდინოს და ეს გამოსდის კიდეც, რა საჭიროა ღალატისა და საბოტაჟის პოლიტიკურ განცხადებებში ასახვა?!

საერთოდ, ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ბლეფზეა აგებული. არავის სასაცილოდაც არ ჰყოფნის საქართველოს მთავრობის საუბარი სუვერენიტეტზე, ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა წყლის პოპულიზმია.

ქვეყანის 20% ოკუპირებულია, მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს და ვალაუვალობის ჭირით იტანჯება, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა სპეკულაციური დარგებია, ფაქტობრივად არაფერი სერიოზული არ გაგვაქვს იმპორტზე, ყოველწლიურად იმატებს საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობა და ა.შ.

ივანიშვილი ასეთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მშენებლობის მთავარ მეთოდად დასავლეთთან დაპირისპირებასა და ავტორიტარულ რეჟიმებთან, დასავლეთთან შედარებით გაცილებით დაუნდობელ გეოპოლიტიკურ ძალებთან დაახლოებას აცხადებს. ეს არასერიოზულია, როგორც სჩანს, მილიარდერს საკუთარი მოქალაქეები აზროვნების უნარის არმქონე არსებებად მიაჩნია.

– სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ადამიანებისგან ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ არჩევნების შემდეგ მეოთხე შემადგენლობის „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა დიამეტრულად განსხვავებული იქნება.

უფრო ზუსტად, მეტად ადეკვატური იქნება და სულაც არ იქნება არც ანტიდასავლური და არც ავტორიტარული ნიშნები აღარ ექნება. ამგვარ მოსაზრებებს მათი ოპონენტები მყისიერად უპირისპირებენ 29 აპრილს „თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს გამოსვლას.

რამდენად საფუძვლიანია სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ადამიანების მტკიცებები?

– სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ადამიანების მტკიცებები უსაფუძვლოა. მათ ზედაპირულ ანალიზს ძირი გამოუთხარა 16 ივლისს „ქართული ოცნების“ ახალი რეზიდენციის გახსნის დროს გაკეთებულმა განცხადებებმა. სახელისუფლებო პარტიის ახალმოსახლეობაზე შეკრებილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს, რომ ავტორიტარული რეჟიმის ჩაბეტონებას აპირებენ.

მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ წარმოუდგენია, რომ მომავალი 12 წლის განმავლობაში ოპოზიციაში წასვლა შეიძლება მოუწიოს. დასავლეთში არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 24 წლით ახერხებს ქვეყნის მართვის სადავეებთან დარჩენას. საუკუნის მეოთხედის მანძილზე ვერტიკალის სათავეში ყოფნა უფრო ლათინოამერიკული დიქტატორული რეჟიმების ხელწერაა.

ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რათა თავიანთი საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლონ. ახალი ძირითადი კანონით საკონსტიტუციო უმრავლესობა დეპუტატთა ¾-ს უტოლდება.

მაშასადამე, ივანიშვილმა გვითხრა, რომ ეფექტიან მართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ საპარლამენტო ოპოზიცია ფაქტობრივად არ იარსებებს. ძალისა და გავლენის არმქონე ოპოზიციაც ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

რაც მთავარია, დიქტატორები ცდილობენ საზოგადოებაში ფატალისტური შეგრძნებების განვითარებას, სურთ, რომ ხალხს მუდმივად ჰქონდეს საბედისწერო მომენტის შეგრძნება.

ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ მაქსიმუმ წელიწადში ევროპაში მშვიდობა დაისადგურებს, გაიმარჯვებს, დაიღუპება, დასავლეთი მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს რუსეთისა და ჩინეთის ორბიტაზე გადანაცვლებულ საქართველოსთან, მაგრამ „გლობალურ ომის პარტიას“ მაინც სურს ქართულ-რუსული სამხედრო შეიარაღების გაჩაღება, რათა მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ მიმავალ მსოფლიოში მხარეებს შორის ზავის დადება შეაფერხოს.

აღნიშნული მსჯელობაც ავტორიტარული მითების კატეგორიიდან არის. არავინ, მათ შორის არც ივანიშვილის მსგავსმა ულტრა ინტელექტუალმა არ იცის, რა იქნება ერთ წელიწადში და ყველა ხვდება, რომ სამმილიონიან საქართველოში სამდღიანი ომის წარმოქმნა დასავლეთს ხელს არ აძლევს და ახალ შესაძლებლობებს არ უქმნის. საქართველოში ომი მხოლოდ რუსეთს სჭირდება, რათა ზოგიერთი წარუმატებლობა მორიგი სისხლისღვრით გადაფაროს.

ბატონ ბიძინას დიქტატორებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი გამოარჩევს. ერთმმართველთა საყვარელი საერთო დევიზია: „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“. მილიარდერი გვეუბნება, რომ ყველა ომის გამჩაღებელია, ვინც მის სიბრძნეს არ იზიარებს, მთელი ოპოზიცია ერთია და არ არსებობს განსხვავება ცალკეულ ბანაკებს შორის. ეს ტყუილია და კვლავ პოლიტიკური ცხოვრების უკიდურეს გამარტივებასა და პოლარიზებას ემსახურება.

ერთი სიტყვით, საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელ საყრდენებსაც კი აფეთქებენ. დროა შევწყვიტოთ ილუზიების საშუალებით ფუჭი იმედების გაღვივება.

– მიმდინარე კვირა იმით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდის ფლაგმანად მიჩნეული ტვ „იმედის“ მფლობელმა და დამფუძნებელმა, ამერიკის მოქალაქემ ირაკლი რუხაძემ საგარეო პოლიტიკაში თავის საკუთარ ორიენტირებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში არსებული 78-ე მუხლი, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს იღვაწოს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, „სისულელე“ უწოდა.

ბევრმა, ირაკლი რუხაძის ეს განცხადება, ივანიშვილთან შეთანხმებულ „საზოგადოების ტესტირებად“ ჩათვალა. ეს განცხადება თუ რამის ტესტი შეიძლება იყოს, არაა გამორიცხული იმის „ტესტი“ იყოს, მოახლოებულ არჩევნებზე მხარს დაუჭერს თუ არა ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ აშკარად არა დასავლურ საგარეო კურსს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ტვ „იმედის“ მფლობელის ხმაურიანმა განცხადებამ და რას შეიძლება ის ნიშნავდეს?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ირაკლი რუხაძე საქართველოს მოქალაქე არ არის, არც მისი შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები. სანამ მულტიმილიონერი გახდებოდა ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები სიამოვნებით სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რომლებიც დასავლეთმა შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც მან თავად აღნიშნა, მისმა ოჯახის წევრებმა მრავალსაფეხურიანი განათლება „სოროსის ფონდის“ დახმარებით მიიღეს, ამავე ფონდის დამფუძნებელთა და მოწინავე თანამშრომელთა შორის გახლდათ დედამისი, თავადაც დასავლეთმა მისცა ის ცოდნა, რომლითაც ახლა ასე იწონებს თავს.

მოდით, ჩვენმა მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სინდისიერად და სამართლიანად იქცევა ბატონი რუხაძე. მან და მისმა ოჯახის წევრებმა ყველანაირი სარგებელი (საუნივერსიტეტო სტიპენდიები, ხელფასები, გრანტები, სამუშაო ადგილი, სოციალური კაპიტალი) მიიღეს დასავლური ინსტიტუციებისგან, ახლა კი ცეცხლს უხსნიან საქართველოს ევროპულ მომავალს და სურთ ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმების ორბიტაზე გადანაცვლება.

რაც მთავარია, მათი მომავალი ამ ქვეყანას არ უკავშირდება, -ის უმდიდრეს მოქალაქესა და მის ახლობლებს ყველაფერი უზრუნველყოფილი აქვთ და ექნებათ, მათი შვილები და შვილიშვილები საქართველოში მხოლოდ ეგზოტიკური მოგზაურობის დროს ჩამოვლენ… მოკლედ, ადამიანები, რომლებიც იმ ხელს კბენენ, რომლიდანაც წლების განმავლობაში ნოყიერად იკვებებოდნენ და რომელთა შთამომავლებისთვის საქართველო მხოლოდ ეთნოგრაფიული გასართობია, აპირებენ უფსკრულში გადაჩეხონ ეს ქვეყანა.

მათ და მათ ოჯახის წევრებს ევროპული და ამერიკული სტანდარტები, ჩვენ ივანიშვილის ერთმმართველობა. ბატონი ირაკლის დამოკიდებულება მისი ყოფილი სამშობლოს მოქალაქეებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილგონივრულია.

„იმედის“ მფლობელს საჯაროდ სიტყვის წარმოთქმის დროს უხერხულობას ისიც უნდა უქმნიდეს, რომ მისი სახელი „ლიბერთი ბანკთან“ არის დაკავშირებული. წლების განმავლობაში ეს ბანკი ჩვენს პენსიონერებს სხვადასხვა საბანკო სერვისების (რომელთაც გაჭირვებული მოხუცებისათვის ჩვეულებრივი ხაფანგის ფორმა აქვთ) საშუალებით უკანასკნელ გროშებს აცლიდა ჯიბიდან.

ადამიანი, რომელიც საკუთარი მშობლების ასაკის მქონე პენსიონერების გაუბედურების ხარჯზე ბიზნესს ქმნის, ცოტა წყნარად მაინც უნდა იყოს და საჯაროდ გამოჩენის უნდა ერიდებოდეს.

რუხაძე არნახული ცინიზმითა და დემაგოგიით მსჯელობს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბების გათხრაში ადანაშაულებს მესამე სექტორს, მაგრამ არასდროს არაფერს ჰყვება საკუთარი ბიზნესის შესახებ.

ალბათ, საინტერესო იქნებოდა, თუ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური დოკუმენტები და მოსახლეობა გაიგებდა იმას, თუ როგორ მოახერხა ბატონმა რუხაძემ ბატონი პატარკაციშვილის გზის გაგრძელება და საქართველოს თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესში წილის მოპოვება.

„იმედის“ მესაკუთრეს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს, ის საჯაროდ მხოლოდ მასზე დამოკიდებულ, დაქვემდებარებულ პირებს ესაუბრება, უყვება მათ ათას ზღაპარს, რომელთა შინაარსის ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია, მას არასდროს არავისთან არ უპასუხია კრიტიკული კითხვებისთვის, რაც ნაკლებად ვაჟკაცური საქციელია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მსურველი კაცის მხრიდან.

ბატონი ირაკლი რუხაძე იცავს თავის კაპიტალს, წერტილი. საკუთარი მდგომარეობის დასაცავად ბევრ რამეზეა წამსვლელი და საკონსტიტუციო ჩანაწერი აქ რა მოსატანია. თან ხომ იცით, მდიდრებს უჭირთ ჩვენი პერსპექტივიდან საკითხის აღქმა, მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია ხოლმე. ის ფიქრობს, რომ ჩვენც იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ, რაც მას აწუხებს. ის ფიქრობს, რომ ჩვენს ჩვენი ფული გვაქვს დასაცავი კონკურენტებისგან.

– გაყოფის შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ისე მონოლითურად რომ არ გამოიყურება, ცხადია, მაგრამ, ფაქტია, რომ გაყოფამდე და გაყოფის შემდეგ, ეს პარტია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად რჩება.

დღევანდელი მოცემულობით, სავარაუდოდ, რა შანსები აქვთ „ნაციონალებს“, რომლებსაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე გამართული პარტიული ინფრასტრუქტურა აქვთ რეგიონებში და რომლებსაც სხვადასხვა პარტიებიდან ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ?

– საუბედუროდ, სხვა ოპოზიციური ბანაკები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, ვერ დალაგდნენ. „ნაცმოძრაობას“ კი კვლავ აქვს თავისი სექტის მობილიზებისთვის აუცილებელი პარტიული ინფრასტრუქტურა.

შესაბამისად, თუ სხვა ოპოზიციური ჯგუფები რადიკალურად არ გარდაქმნიან თავიანთ სტრატეგიას და არ გააქტიურდებიან, პარტია, რომლის ყრილობაზეც ათასი ადამიანი ფეხზე დამდგარი სკანდირებდნენ – „მიშა, მიშა!“, კვლავ მთავარ ოპოზიციურ პარტიად დარჩება. „ნაცმოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების მთავარ ოპოზიციურ ძალად გაფორმება ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

– მას შემდეგ, რაც „ახლების“, „დროასა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლების“ „ლელოსთან“ გაერთიანება არ შედგა, ცხადია გახდა, რომ „ახლების“, „დროასა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლება“ არჩევნებში მონაწილეობას ცალკე მიიღებენ.

დღევანდელი მოცემულობით, არჩევნებში რა შანსები შეიძლება გქონდეთ „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლებას“? მხედველობაში მაქვს 5%-იან ბარიერის გადალახვა?

– აღნიშნულ გაერთიანებას „პოსტ-მიშისტურ“ ბანაკად მოვიხსენიებ. ისინი ჩვეულებრივი „ნაციონალები“ არიან, მხარს უჭერენ ნეოლიბერალური ეკონომიკის მშენებლობას, სერიოზული პრეტენზიები არ აქვთ ენმ-ის ცხრაწლიან მმართველობასთან, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებაში და ხმას არ იღებდნენ ირგვლივ გამეფებულ უსამართლობაზე, დაახლოებულნი არიან დასავლეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ ჯგუფებთან.

„ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ერთადერთი რამ განასხვავებთ „ნაცმოძრაობაში“ დარჩენილი პირებისგან – გვარამიამ და მელიამ, ხოშტარიამ და ჯაფარიძემ გადაიაზრეს სააკაშვილის როლი თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათთვის ყოფილი დიქტატორი უკვე აღარ არის ერთადერთი და უპირობო ავტორიტეტი, „პოსტ-მიშისტებისათვის“ სააკაშვილი რჩება პატივსაცემ ფიგურად, მაგრამ ისინი აღარ აპირებენ პატიმრის ნების აღმსრულებლებად ყოფნას.

ამგვარი პროფილი ახალ ბანაკს შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიზიდონ იმ ახალგაზრდების ხმები, რომელთაც „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი ეპოქა არ ახსოვთ.

ამასთანავე, მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის ბლოკს ნამდვილად შესწევს ძალა, რომ რესურსები წამოიღოს ენმ-ის ტრადიციული ელექტორატიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აღნიშნულ ბანაკს გავლენა აქვს პროპაგანდისტულ მანქანაზე – „მთავარ არხზე“, მათ ზურს უმაგრებთ ს კაპიტალიც. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პოსტ-მიშისტებს“ ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.

– ვნახეთ, რომ გიორგი გახარიამ და მისმა პარტია „საქართველოსთვის“ „ლელოსთან“ დაახლოებისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, „ლელოს“ პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი აღმოჩნდა.

გახარია ამბობდა, რომ მას და მის გუნდს უნდა „ლელო“ განაცებისგან“ გადაარჩინოს, მაგრამ, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, როგორც ბევრი შენიშნავს, სახელისუფლებო გუნდმა ისე გაამკაცრა მმართველ პარტიაში ვერტიკალური დაქვემდებარება, გახარიას გუნდს ნაკლები შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი. ანუ ეს იყოს „ლელოსთან“ გაერთიანების მისი მოტივი.

ექსპრემიერმა გახარიამ ისიც თქვა, რომ მას პრემიერობა არ სურს, მაგრამ, „ლელოსთვის“ არც ეს გახდა საკმარისი მასთან გასაერთიანებლად. დღევანდელი მოცემულობით, არჩევნებში რა შანსები შეიძლება ჰქონდეს გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“?

– „ლელომ“ დაარსების დღიდან მრავალი ბრიყვული ნაბიჯი გადადგა. მათი ყველაზე დიდი შეცდომა გახლდათ ის, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად წაშალეს ზღვარი ენმსთან. 2020 წლის შემდეგ ისინი საუბრობდნენ, იქცეოდნენ, იბრძოდნენ ისე, როგორც „ნაცმოძრაობა“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურშიც მთლიანად ინტეგრირდნენ ს მიერ მართულ ჯგუფთან. მ შეცდომა გვიან გააცნობიერა და სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საკუთარი პარტიისთვის მკაფიო საზღვრების შემოვლება. ბანკირმა დააგვიანა, მას საკმარისი დრო არ რჩება თავისი დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად, რამდენი წიგნიც არ უნდა დაბეჭდოს მიზნის მისაღწევად უფრო მეტი რესურსია საჭიროა.

შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, თუ „ლელო“ ე.წ. პოსტ-მიშისტებთან (გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძე) შეკრავდა ალიანსს. თან აღნიშნულ ბლოკში ხაზარაძეს თავისი კაპიტალიდან გამომდინარე მელიაზე, ხოშტარიაზე და ჯაფარიძეზე მეტი წონა ექნებოდა, თანასწორ ვითარებაში აღმოჩნდებოდა გვარამიასთან და გადამწყვეტ გავლენას მოიპოვებდა პოლიტიკური ბანაკის მართვაზე.

სამწუხაროდ, ბატონი ხაზარაძე კვლავ თავისი ამბიციების ტყვეობაში აღმოჩნდა, ის ფიქრობს, რომ შეუძლია შეკრას ალიანსი, სადაც მასზე მნიშვნელოვანი ფიგურა არ იარსებებს. ესაუბრება ს, ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველ მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“ და სხვა წვრილ-წვრილ აქტორებს. შეიძლება წარმატებასაც მიაღწიოს, მაგრამ ეს მისი პერსონალური წარმატება იქნება.

ქვეყანას კი დღეს ერთადერთი რამ სჭირდება – მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰყავდეს 75 ან მეტი დეპუტატი. ხაზარაძის ბლოკის შექმნა ამ საქმეს, ალბათ, არ წაადგება და ხმების კიდევ უფრო მეტ ფრაგმენტაციას გამოიწვევს.

ვფიქრობ, შეცდომას უშვებს გიორგი გახარიაც. გახარიას არაფერში სჭირდება „ლელო“. ექს-პრემიერი ძირითადად იმ ძალების შემოკრებაზე უნდა მუშაობდეს, რომელთაც ყოველთვის ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდათ „ნაციონალებთან.“

როგორც რიგითი მოქალაქე და „ნაციონალების“ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ოპოზიციური ბანაკის გულშემატკივარი ვისურვებდი, რომ ანა დოლიძეს, სა და სხვა ჯგუფებს საერთო ენა გამოენახათ გახარიასთან. ასეთ შემთხვევაში ბლოკს მეორე ადგილზე გასვლის რესურსიც კი შეიძლება გასჩენოდა.

– პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის კანონთან“ დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტი ამ კანონის მიმღებებს ედავება იმას, რომ მათ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვიეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კონსტიტუციის ამ მუხლის შესასრულებლად.

პრემიერი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ დასავლელი პარტნიორებისაგან ვერც ერთი კრიტიკული შენიშვნა ვერ მოისმინეს გახმაურებულ კანონთან დაკავშირებით.

არადა, ამ საკითხზე ვენეციის კომისიის მრავალგვერდიან დასკვნაში ყველაფერი, როგორც იტყვიან შავით თეთრზე წერია.

გაქვთ განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე არჩევნებამდე გამოიტანს გადაწყვეტილებას?

თუ გადაწყვეტილება არჩევნებამდე არ იქნა მიღებული, არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, რა სურათს მივიღებთ?

– ცხადია, სასამართლო საქმეს გააჭიანურებს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია მოსახლეობისთვის. მას მხოლოდ უმიზნო, უსაფუძვლო ხმაური სჭირდება, რომელიც თავისი რიტორიკის მემილიონედ განმეორებაში დაეხმარება.

მოველი, რომ სექტემბერში ხელისუფლება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ამოიღებს სამიზნეში, „აგენტების კანონის“ გამოყენებით დაიწყებს მათ დაწიოკებას, თითოეული მათგანის წინააღმდეგ ააგორებს კამპანიას, ოფისებიდან „ამოღებული“ დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებს მათ ჯაშუშებად, ტრადიციული ოჯახის მტრებად, ომის გამჩაღებლებად და ამგვარი სკანდალებით გადააგორებს წინასაარჩევნო კამპანიას.

– აშშ საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობაზე თქვა უარიაშშ – ასევე უარი თქვა ჩვენი თავდაცვის საჭიროებისთვის თანხების გამოყოფაზე. 9 ივლისს გავიგეთრომ ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიარდით არ დახმარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავლე ჰერჩინსკიმ კი განაცხადა – „თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლისსაქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა – ჩვენ თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდითრომ მიღებულ კანონს შედეგები მოჰყვებოდა – ახლა შედეგების დრო დადგა“.

ევროკავშირის კარი აქამდე ღია იყოახლა ასე არაააშშ დააანონსა საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებაარჩევნებამდე 4 თვით ადრე საგარეო ფონი საკმაოდ მძიმეა ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვისაცთქვენი აზრითსაგარეო ფაქტორი რა გავლენას იქონიებს ოქტომბრის არჩევნებზე?

– თუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააძლიერებენ სანქციებს „ქართული ოცნების“ წევრებისა და ლიდერების მიმართ, საგარეო ფაქტორმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს მომავალი არჩევნების ბედის განსაზღვრისას.

სამწუხაროდ, სანქციები იგვიანებს, რაც ივანიშვილის მომხრეებს აძლევს საფუძველს, რომ ამტკიცონ: „დასავლეთი სუსტია, არაფერი შეუძლიათ, ვერაფერი დაგვაკლეს!“. აუცილებელია დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში. ნელ-თბილი დამოკიდებულება ხელისუფლებას აძლევს ხელს.

სხვა შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ძლიერ დასავლურ სადამკვირვებლო მისიას მივიღებთ, რომელიც უკიდურესად კრიტიკულ დასკვნას გამოაქვეყნებს. საუბედუროდ, დემოკრატიული სამყაროს შეფასებებს „ქართული ოცნებისთვის“ უკვე ჩალის ფასი აქვს.

 

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი