ლევან კობიაშვილი: სანიოლის სურვილი ნაკრებში დარჩენაა

გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშის და მწვრთნელის, ვილი სანიოლის მომავლის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენ ჩვენი თამაშით და გულშემატკივრობით ევროპის ჩემპიონატი გავამდიდრეთ, უფრო საინტერესო და სანახაობრივი გავხადეთ. თქვენ რომ ბიჭების განწყობა გენახათ, შედეგი არ გაგიკვირვებოდათ. პორტუგალიასთან შეხვედრის წინ დილიდან გუნდთან ერთად ვიყავი და ასეთი მშვიდი მე პირადად არასოდეს არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამას გაგრძელება მოჰყვება.
მოცემულობა ასეთია – მწვრთნელს, ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამაზე
პლეი-ოფების დაწყებამდეც ვისაუბრეთ, შემდეგაც, გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩვენთან. ვილი ძალიან კომფორტულად გრძნობს აქ თავს, ხედავს ამ გუნდის პოტენციალს და წინსვლას და შესაბამისად, მისი სურვილია დარჩეს. ამას უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურად გავივლით – ბევრი რამაა, პირობები და ა.შ. ლოგიკურია, რომ სურვილები, ინტერესები და მოთხოვნები სხვადასხვა გვაქვს. ორივე მხარეს გვინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ერთად ვიყოთ.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთა ლიგის B დივიზიონში ვითამაშებთ. მიზანია მინიმუმ შევინარჩუნოთ ადგილი, მაქსიმუმ კი გადავიდეთ A დივიზიონში. დეკემბერში კენჭისყრაზე გავიგებთ, რომელ ჯგუფში ვიქნებით, ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზე ვართ და მესამე კალათაში უნდა ვიყოთ“.