ლევან იოსელიანი – ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ – ჩემს კომენტარში განსაკუთრებით “ეუთო/ოდირის” დასკვნას ვეყრდნობოდი, სადაც მასშტაბური გაყალბების შესახებ ინფორმაცია ვერ ვნახე

ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და ს დაკვირვებას არ ვახდენ – თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამ არ გამიკეთებია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, როგორც სახალხო დამცველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება არ განუხორციელებია.
„ის 200-მდე შემთხვევა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, ეს იყო საჯარო წყაროებით გავრცელებული სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევები, მათ შორის ბატონ გივი მიქანაძესთან მქონდა კომუნიკაცია არჩევნების წინ, ისევე, როგორც სხვა პარტიებთან, რომ გამოეგზავნათ ჩემთვის სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და რა ინფორმაციაც მქონდა, ყველაფერი ანგარიშში ავსახე, მათ შორის, ბანერების დაზიანება და ა.შ. მაგრამ მეორე მხარეს ასეთი ფაქტები იყო უფრო მეტი და ამ ფაქტების შესახებ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს ყველაფერი გადავამისამართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. მერე მოვიკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, ე.ი. არ ყოფილა ლევან იოსელიანის მიერ მოგონილი ფაქტები, ხომ? მაშინ გამოძიება რაზე დაიწყო? – იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას და გამოძიება დაიწყო, ამიტომ მოვახდინეთ ამ ყველაფრის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების დამკვირვებელი ვიყავი ან 3000 უბანზე წარმომადგენელი მყავდა და შემიძლია ვისაუბრო გაყალბდა თუ არა არჩევნები. იმიტომ, რომ ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ. თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამე არ გამიკეთებია და გაყალბების შესახებ ჩემი კომენტარი შემოიფარგლებოდა იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ „100 000 პირადობის მოწმობა გაყალბდა”, რომ „300 000 ხმა გაყალბდა”, თუმცა არცერთი განცხადება ჩვენთან არ იყო. ამის გადამოწმება წარმოსადგენია, რა ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჩემს პირად აზრს გამოვთქვამდი, თორემ როგორც სახალხო დამცველს მე არჩევნების დაკვირვება არ განმიხორციელებია. იმიტომ, რომ ამას სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკეთებდა. ყველაზე მეტად მე იმათ დასკვნას ვეყრდნობი, განსაკუთრებით, “ეუთო/ოდირის” დასკვნას, სადაც ასეთი ინფორმაცია მასშტაბური გაყალბების შესახებ ვერ ვნახე”, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ