საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კახეთის რეგიონში უდიებით დასახლებულ სოფელ ზინობიანის მოსახლეობას და სოფელ თივში მცხოვრებ ავარების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის, კულტურის და განსაკუთრებით კი მშობლიური – უდიური და ავარული ენების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„ხაზი გაუსვეს სახელმძღვანელოების საჭიროებას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და აღნიშნეს, რომ მოსწავლეები საკუთარ ენას მოძველებული, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემული წიგნების ქსეროასლებით სწავლობენ.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, სასმელ წყალსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებიც განიხილეს.
კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ, ასევე, ცენტრალური აპარატისა და რეგიონული ოფისის თანამშრომლებმა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.