9 500 მსჯავრდებულით საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზე მოხვდა. აღნიშნულის პარალელურად პენიტენციური დაწესებულებების ნაწილში პატიმართა გადატვირთულობის პრობლემა დგას. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 14 პენიტენციური დაწესებულებიდან 4-ში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს.
როგორც იოსელიანი აცხადებს, პატიმრების რაოდენობის შემცირება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, მათ შორის, შეწყალების მექანიზმით, რასაც მისივე შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეფექტურად არ იყენებს. უფრო მეტიც, სახალხო დამცველის თქმით, თუ სხვა დროს, სხვა პრეზიდენტების მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობა რამდენიმე ასეული იყო, ეს რიცხვი ახლა ერთეულებზეა დასული.
– ბატონო ლევან, რა ვითარება და გამოწვევებია ქვეყნის მასშტაბით არსებულ ციხეებში? როგორც ვიცი, რამდენიმე, მათ შორის, მე-15 და მე-17 პენიტენციური დაწესებულება სტანდარტებს არ პასუხობს.
– საქართველოში 14 პენიტენციური დაწესებულებაა, მასში შედის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაც. ყველა მათგანს მონიტორინგი გავუწიეთ, ყველგან ვიცი რა მდგომარეობაა, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ბოლოს ლაითურის ახალგახსნილ დაწესებულებაში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ კი, მე-8 დაწესებულების ნაწილში, ე.წ. ყოფილ მატროსოვში. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში, სადაც საქართველო თურქეთის შემდეგ, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია. ასევე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით, რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მთელი პენიტენციური სისტემის პატიმრების რაოდენობის თითქმის, 35%-ია თავმოყრილი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 დაწესებულებასაც დავამატებთ, 4 დაწესებულებაში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან სულ მცირე, 2 ახალი, საშუალოდ 500-კაციანი დაწესებულება სჭირდება. ამავე დროს, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.
– როგორც თავად აღნიშნეთ, ევროპის მასშტაბით პატიმრების რაოდენობით მე-2 ადგილზე ვართ. რა მიზეზებით არის ეს გამოწვეული?
– ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. ძალიან ბევრი მსჯავრდებული იღებს გათავისუფლებაზე უარს, მათ შორის, ისეთ უარს, სადაც მიზეზი დასაბუთებული არ არის. დიდი ხანია ველოდებით ელექტრონული სამაჯურების სისტემის ეფექტურად ამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს, პატიმრობის პერიოდი ოჯახში გაატარონ და მსჯავრი გარეთ მოიხადონ. ასევე, ეფექტურად არ არის ამუშავებული აღკვეთის ღონისძიების დროს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, ეს იქნება გირაო, შინაპატიმრობა, თუ სხვა, რაც ასევე პატიმრების რაოდენობას განტვირთავდა. ასევე, რაც მთავარია, ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია. არადა, ეს კიდევ ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ პენიტენციური სისტემა განიტვირთოს. პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, წელიწადში რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიდა, იმდენჯერ პატიმრების რაღაც რაოდენობა შეეწყალებინა.
როგორც მარგველაშვილის პერიოდში, ასევე მანამდეც, რამდენიმე ასეულ პატიმარს იწყალებდნენ. დღეს, ეს რიცხვი რამდენიმე ათეულამდეა დასული, რაც ძალიან ცოტაა.
– ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენი პატიმრის არსებობა იქნებოდა ოპტიმალური?
– პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას ვუსმინე, თუ არ ვცდები, პატიმრების ოპტიმალურ რაოდენობად 5 500 დაასახელა, რასაც მხოლოდ მივესალმები. თუმცა, ვფიქრობ, ამ რიცხვამდე შემცირება იმ პირობებში, როგორი მართლმსაჯულების სისტემაც გაგვაჩნია, რთული იქნება. დაახლოებით, 2 000-2 500 მსჯავრდებულით შემცირება შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება იქნება და თუ რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემაც მოემზადება. ადამიანების გამოშვება თავისთავად გამოსავალი არ არის, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, თუ ასე უბრალოდ უღებ კარს და უშვებ მსჯავრდებულებს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დანაშაულს ხელახლა სჩადის და ისევ უკან ბრუნდება. ამიტომ აუცილებელია, ყველა, ვინც საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს, მომზადებული იყოს, ადაპტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები გავლილი ჰქონდეს. თუ მსჯავრდებული, გათავისუფლებული პირი საზოგადოებაში თავის ადგილს ვეღარ იპოვის, დიდი ალბათობაა, რომ ის დანაშაულს ჩაიდენს და ისევ საპატიმროში დაბრუნდება. ეს სხვა პრობლემას წარმოშობს, ეს ქვეყანაში კრიმინალის მაჩვენებელს ზრდის, რაც თავისთავად უსაფრთხოების ხარისხზე აისახება. ამიტომ, როცა საუბარია ამნისტიაზე, შეწყალებაზე, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, ყველაფერი უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, მაგრამ რაც მთავარია, პენიტენციური სისტემა უნდა სთავაზობდეს პატიმარს პროგრამებს, რომელიც მას ციხისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებს.
– ციხეების გადატვირთულობაზე საუბრობთ. რა პრობლემებს იწვევს ის და არის თუ არა აღნიშნული ფაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობების მიზეზი?
– საქართველოში არსებული 14 დაწესებულებიდან გადატვირთულობის ფაქტზე უმეტესად მე-15 და მე-17 დაწესებულების შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ. 3 500 პატიმრამდეა კონცენტრირებული აღნიშნულ დაწესებულებებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე დაწესებულება გადატვირთულია, აუცილებელია ორივე დაწესებულება მოდიფიცირდეს და მათ ადგილას გაიხსნას მცირე ზომის დაწესებულებები. ეს არის ევროპული სტანდარტი, პატარა ზომის, თანამედროვე დაწესებულება. თანამედროვე ციხის ინფრასტრუქტურა მათ შორის, ძალიან ამცირებს არაფორმალური გავლენების არსებობის რისკებს. როდესაც ძველი, საბჭოთა ყაიდის დაწესებულებებზეა საუბარი, იქ რა თქმა უნდა, არაფორმალური გავლენების გამორიცხვა შეუძლებელია. ზემოაღნიშნულ ორ დაწესებულებაშიც არსებობს აღნიშნული გავლენები, თუმცა, ამას ვერ განვაზოგადებ ყველა დაწესებულებაზე. ცალკეული შემთხვევები სხვა დაწესებულებებშიც გვხვდება, რაზეც აპარატი სათანადო რეაგირებას ახდენს.
– სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადატვირთულობის პრობლემის გარდა, კიდევ რა სტანდარტებს არ პასუხობს?
– პრობლემები, რომელიც კვებასთან იყო დაკავშირებული, ძირითადად აღმოფხვრილია. ვერ ვიტყვი, რომ კვების ნაწილში მსჯავრდებულებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. ცალკე მაღაზიებიც არსებობს და სახელმწიფო პატიმრებს რამდენიმე ტიპის მენიუსაც სთავაზობს, მათ შორის, დიეტურს. ძირითადი პრობლემები მაინც პატიმრების დროულ მკურნალობასთანაა დაკავშირებული. მათ დიდი ხანი უწევთ ლოდინი, რომ სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევა, ან მკურნალობა ჩაუტარდეთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ყველაფერი კი მთელ რიგ ფორმალობებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებასთან და ა.შ. რასაც დიდი დრო მიაქვს. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვასა განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია. ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, ასეთი პატიმრები დეესკალაციის საკნებში გადაიყვანოს, სადაც მათ ფსიქიკური პრობლემები კიდევ უფრო უმძაფრდებათ. საკუთარი თვალით ვნახე ძალიან რთული შემთხვევები, სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემაა, სისტემა არაა ეფექტურად აწყობილი დროულად მოხდეს მათი გამოვლენა და შემდეგ გადაყვანა, მკურნალობა და ისევ ციხეში დაბრუნება. ეს ბიუროკრატია, რომელიც დაკავშირებულია ექსპერტიზასთან, მის დანიშვნასთან და ა.შ. ხანდახან, 3-4 თვე გრძელდება და ამასობაში ეს ადამიანები მათთვის გაუსაძლის პირობებში არიან. ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ხონის ფსიქიატრიული დაწესებულებაა, ყველა ასეთი ტიპის მსჯავრდებული იქ გადაჰყავთ.
– ეს კლინიკა სტანდარტებს პასუხობს?
– ეს დაწესებულება დღეის მდგომარეობით ინფრასტრუქტურული კუთხით სტანდარტებს პასუხობს, თუმცა, მისი პრობლემა გადატვირთულობაა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკებს ზრდის. ასევე, დგას თანამშრომლების, ფსიქიატრების, მათ შორის, სანიტრების ნაკლებობის პრობლემა.
– როგორია ციხეებში საყოფაცხოვრებო პირობები?
– სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ლაითურის ახალ დაწესებულებაში ძალიან კარგია. ქსნის მე-15 და რუსთავის მე-17 დაწესებულება სტანდარტს არ შეესაბამება. საკნებში მაინც გადატვირთულობაა, მათი ინფრასტრუქტურა არ უზრუნველყოფს იმ მინიმალურ სტანდარტს, რაც კანონში წერია. გარდა ამისა, არის საკნები, სადაც რამდენიმე ათეული პატიმარია შესახლებული, ამ პირობებში ადამიანისთვის თავის მყუდრო გარემოში ყოფნა რთულია, ხელოვნურად აქვთ გადასაფარებლებით გადატიხრული. ასეთ გარემოში, ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც დადგენილია, ძნელია, დაიცვა, რადგან თვითონ ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ამ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.
– უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილებზე გკითხავთ. რამდენი ასეთი პატიმარი ჰყავს ქვეყანას და რამდენი მათგანია ქალი?
– 82 უვადო მსჯავრდებულია საქართველოში, აქედან 1 არის ქალი. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან 2012 წლის ამნისტია ყველას შეეხო და დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მათგანმა ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა. ჩემი აზრით, ძალიან ცინიკური ჩანაწერი გაკეთდა კანონში, როდესაც თან თქვეს, უვადო პატიმრებს ამნისტია ეხებაო, მაგრამ ვინაიდან მათ დანიშნული სასჯელი არ ჰქონდათ, კანონი კი დანიშნული სასჯელის რაღაც ნაწილის შემცირებას ითვალისწინებდა, უვადოების შემთხვევაში ვერც ვერაფერი შემცირდებოდა. კანონში ჩაიწერა, რომ ეხებოდათ, მაგრამ ამავე დროს არ ეხებოდათ. 2021 წელს სახელმწიფომ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა უვადო პატიმრების სასჯელის შემცირებისა და მათი განთავისუფლებისთვის მომზადების შესახებ, რომელიც 2-წლიან პროგრამას გულისხმობს. თუ აღნიშნულ პროგრამას უვადო პატიმრობაში მყოფი პირი გაივლიდა, მას საშუალება ჰქონდა სასამართლოსთვის მიემართა [ეს პროგრამა დღესაც არსებობს] და მისთვის სასჯელი შეემცირებინათ, ან თუ 20 წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი, სასჯელისგან გაეთავისუფლებინა. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა უვადო სასჯელის გადახედვას ახალ გამოვლენილი გარემოებების გარდა არ ითვალისწინებს, სხვა მექანიზმი იმისა, რომ უვადო მსჯავრდებულს რამე შეეხოს, არ არსებობს. 50-მა, ან ცოტა მეტმა მსჯავრდებულმა გაიარა ეს პროგრამა. 2 თვის წინანდელი მონაცემებით, 19-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, ყველა მათგანს უარი მოუვიდა სასჯელის როგორც შემცირებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ანუ გამოვიდა, რომ პატიმრებმა, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს, 2 წელი პატარა ბავშვებივით იარეს სკოლაში. ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამაა, ამეცადინებდნენ ლიტერატურიდან დაწყებული, სხვა მნიშვნელოვანი საგნებით, ამ ადამიანებს ტოტალურად ეთქვათ უარი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება, რაც მათ წინაშე აიღო, პრაქტიკულად არ შეასრულა და ეს პროცესი ჩიხში შევიდა. ამას 2023 წლის ჩემს ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ, რათა განსაკუთრებით, სასამართლომ გადახედოს ამ საკითხებს და რეალურად მათი საქმეების შესწავლა დაიწყოს – ვისაც სასჯელი შესამცირებელი აქვს, შეუმციროს და ვინც გასათავისუფლებელია, გაათავისუფლოს. ადამიანი, რომელსაც 20-25 წელი მოხდილი აქვს და ციხეში 18-19 წლის ასაკში მოხვდა, ფაქტობრივად ფუნდამენტურად შეცვლილია. ბევრმა მათგანმა დანაშაული პატარა ასაკში ჩაიდინა, ამიტომ სახელმწიფოს უფრო ჰუმანური მიდგომა უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის მსჯავდრებულების მიმართ. ძალიან ბევრ უვადო მისჯილ პატიმარს შევხვდი, თითქმის ყველას, ვინც სურვილი გამოთქვა, მხოლოდ რამდენიმემ არ ისურვა შეხვედრა. მათთან საუბრისას მივხვდი, რომ ბევრი განაჩენი, განსაკუთრებით, რომელიც 2012 წლამდეა გამოტანილი, მტკიცებულებების ძალიან დაბალი სტანდარტითაა მიღებული. ჩვენ 2012 წლამდე მისჯილი უვადო პატიმრების განაჩენების შესწავლა დავიწყეთ. ვფიქრობ, შემოდგომაზე სპეციალურ ანგარიშს გავაკეთებთ, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ. ეს არის საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობ.
– ანუ, 20212 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მისჯილებს კანონით გათვალისწინებული არც ერთი შეღავათი არ შეხებიათ?
– რამდენიმე ადამიანია გათავისუფლებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში. თუ არ ვცდები, სულ 12, ძირითადად, შეწყალებებით. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ის, რომ უვადო მისჯილებს სხვა სასჯელმისჯილებისგან განსხვავებით ახალი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათთან რეციდივის მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც, რამდენიმე ათეული წელი ციხეში გაატარა, მან რეალურად გაიაზრა თავისი დანაშაული და ციხიდან პოტენციური დამნაშავე არ გამოვა. ზოგადად, სასჯელის მიზანი კანონის თანახმადაც და ზოგადადაც, ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა არაა. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, საფრთხის მყისიერად აღკვეთა, ადამიანის რესოციალიზაცია და თანამედროვე საზოგადოებაში მომზადებული დაბრუნებაა. ეს მიზნები თუ მიღწეულია, მაშინ მისი ციხეში ყოფნის აუცილებლობა აღარ არსებობს.
– ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზეც გკითხავთ. როგორია ბოლო მონაცემები?
– საქართველოში 2023 წელს 24 ქალი მოკლეს, მკვლელობის მცდელობა კიდევ უფრო მეტი იყო, კერძოდ, მკვლელობის მცდელობის 27 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. გამოდის, რომ კვირაში ერთხელ, ერთ ქალს ან კლავენ, ან ასახიჩრებენ, რაც ძალიან სავალალო სტატისტიკაა. ოჯახურ ძალადობაზე დაკავებული ადამიანების მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ადამიანებს, რომელთაც ოჯახურ დანაშაულზე აკავებენ, ციხიდან გამოსვლისას გააზრებული არ აქვთ, თუ რის გამო დააკავეს და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულს სჩადიან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ის ერთი თუ ორი წელი, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში არიან, მათთან სახელმწიფომ იმუშაოს, რათა გარეთ გამოსასვლელად მოამზადონ. ამიტომ, ციხეებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და ეფექტური მუშაობა აუცილებელია.
მთავარია დანაშაულის პრევენცია და მისი მექანიზმის ეფექტურად ამუშავება. ის, რომ ოჯახურ ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო უწყებებს გაცილებით მეტი ქალი მიმართავს, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, კარგია. ამის გამოც არის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალი, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, მოტივები უფრო ღრმაა. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და განსაკუთრებული ძალისხმევაა, რათა ადამიანი იმ გადაწყვეტილებამდე არ მივიდეს, რომ თავისი ემოციური ფონის გამო ვიღაცის სიცოცხლე შეიწიროს. ამაზე მუშაობა ყველა საგანმანათლებლო დონეზე უნდა ხდებოდეს, სკოლიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლებით და დასაქმების ადგილებით დასრულებული.
– შოვის ტრაგედიის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს დაშვება მისცეს. რა შეგიძლიათ ამ ეტაპზე გვითხრათ?
– შოვის ტრაგედიასთან მიმართებაში კარგია, რომ ჩვენ დაშვება გვაქვს საქმის მასალებზე და შესწავლა დავიწყეთ. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია და ალბათ გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევისწავლოთ, ეს ალბათ, სრულფასოვნად 2024 წლის ანგარიშში აისახება. გარდა იმისა, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, ჩვენი კვლევის საგანია, რამდენად ეფექტური იყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს უნდა გაეტარებინათ, რამდენად იყო შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება და ადამიანების ევაკუაციის განხორციელება. ეს ის საკითხებია, რასაც სიცოცხლის უფლების ჭრილში ვსწავლობთ და გარდა გამოძიების ჩატარების ეფექტურობისა, ამ კითხვებზე ჩვენი მანდატის ფარგლებში პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას.
– „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში ვიხილეთ საპროტესტო აქციები. თქვენ მმართველ გუნდს არაერთხელ მოუწოდეთ, ის იმ ფორმით არ მიეღოთ, როგორი ფორმითაც მას უკვე კანონის სახე აქვს, იქამდე კი მათ, პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევისკენაც მოუწოდეთ. კიდევ ერთხელ როგორია თქვენი შეფასება იმ ყველაფრის მიმართ?
– ამასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია გვქონდა. მიზანი, რომელიც დასახელდა, საქართველოში შემოდინებული გარკვეული თანხების გამჭვირვალობა იყო, ამ მიზნის მიღწევა სხვა გზითაც შეიძლებოდა. ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული გზა, ეს იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელება, რომელიც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, ვიღაც მასტიგმატიზირებლად არ ჩათვლიდა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, ასევე არ გამოიწვევდა ადამიანებში ამხელა პროტესტს. ვფიქრობ, ეს იქნებოდა იდეალური და სწორი გამოსავალი, რადგან ერთის მხრივ ის ლეგიტიმური მიზანი, რაც სახელმწიფოს გააჩნდა, მიღწეული იქნებოდა, მეორეს მხრივ კი ამ დაპირისპირებას ავიცილებდით, რამაც ფაქტობრივად საზოგადოება ორ ნაწილად გაყო, ამ შედეგებს ჩვენ დღესაც ვადევნებთ თვალს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ზუკა ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმა განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად სახიფათოა საზოგადოების ასეთი ტიპის გახლეჩა, რადგან ამ დაპირისპირების თავიდან აცილება სახელმწიფოსგან ძალიან დიდ ძალისხმევას და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. ეს არის ის ველი, სადაც ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით და იქიდან ძლივს გამოვედით, იქ დაბრუნება ძალიან სახიფათო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზეა, ვისაც ლეგიტიმური ძალა აქვს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები აღკვეთოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე.
– ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის გარდა, ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს სახლებთან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. დანარჩენ შემთხვევებს თუ სწავლობთ?
– არც ერთი ფაქტი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება, ყველა საკითხს ვიკვლევთ, მაგრამ მთავარი, ვინც ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს, საგამოძიებო სტრუქტურებია. ყველა შემთხვევა, სადაც ძალადობაზე იყო საუბარი, აღვრიცხეთ. 180-ზე მეტი პირისპირი გამოკითხვა გვქონდა, ყველა მათგანზე შედგა ოქმი და ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა რეაგირებისთვის, დღეს უკვე ამ საქმეების მონიტორინგს ვახორციელებთ. როცა გამოძიების გაჭიანურებაზე, არაეფექტურ გამოძიებაზე დგება საკითხი, ეს ჩვენი შესწავლის საგანია, ყველა ამ ნაწილზე ჩვენ ჩვენი პასუხი გვაქვს, რამდენად ეფექტური, დროული იყო გამოძიება და ა.შ.
– და როგორ აფასებთ გამოძიებას? დაკავებული მომიტინგეების უმეტესობა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს. ამას გარდა, მედიასაშუალებებში არაერთი ვიდეოა გავრცელებული, სადაც ძალადობის განმხორციელებელი სამართალდამცავების უმეტესობა იდენტიფიცირებულია. ამის მიუხედავად, მხოლოდ აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები და არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არაა.
– ჩემს ერთ საინტერესო დაკვირვებას გაგიზიარებთ. გასული წლის 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულებთანაც ვიყავი შესული, ყველა მათგანი მოვინახულე, ისევე როგორც, წელს დაკავებულები პირადად მოვინახულე, ვინც თბილისში იყო. შარშან დაკავებულთაგან ძალიან იშვიათად, ვინმე თუ მიუთითებდა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, ან ცემაზე, განსხვავებით, წლევანდელ აქციაზე დაკავებულებისგან. პრაქტიკულად, ყოველი მეორე, ან უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა, თუმცა, ეს არ იყო იზოლატორებში, იქ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო. ეს ძირითადად, დაკავების პერიოდიდან იზოლატორამდე ხდებოდა, რამდენიმე მათგანი მანქანაში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა. ერთი საყურადღებო საკითხია, საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ყველა პოლიციელი, რომელიც დემონსტრანტს აკავებს, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, ეს სახელ და გვარს არ გულისხმობს, სპეციალური ნომერია დატანილი, თუკი, პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტებს, მისი იდენტიფიცირება, გამოძიების წარმართვა მოხდება. ხშირ შემთხვევაში, ასეთი საიდენტიფიკაციო ნომრები სამართალდამცავებს არ გააჩნდათ, რაც შემდეგში საქმის გამოძიებას ართულებს, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როცა იდენტიფიცირებული არიან, კადრებში ჩანან პოლიციელები, რომლებმაც დემონსტრანტებზე იძალადეს. ვფიქრობ, მათ მიმართ ღონისძიებების გატარება საკმაოდ მარტივია, ჩვენც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებებს ველოდებით, რომლებიც ყველა საქმეს იძიებენ, მათთან კავშირი, პერიოდული შეხვედრები გვაქვს და გვეუბნებიან, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დადგება შედეგი.
– თქვენ პირადად იმყოფებოდით დაშავებულ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილთან, ალეკო ელისაშვილთან და დავით ქაცარავასთან. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება?
– სამივე შემთხვევის გამოძიების პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და პერიოდულად ვინტერესდებით, რა ხდება აღნიშნულ პროცესში.
– „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, მოხვდება თუ არა ეს ფაქტი თქვენს წლიურ ანგარიშში?
– რა თქმა უნდა, მოხვდება. შარშანდელი შეზღუდვის ფაქტი უკვე მოხვდა 2023 წლის ანგარიშში, წლევანდელი ფაქტიც აისახება. გარდა იმისა, რომ მოწოდება გავაკეთეთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ეს ბრძანება სასამართლოშია გასაჩივრებული და ამ ნაწილში „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარვადგინეთ. აღნიშნულითაც ვეხმარებით პროცესს, რომ საბოლოოდ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.
– „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის“ შესახებ პაკეტთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟზეც გკითხავთ. როგორია თქვენი შეხედულება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეზღუდავს თუ არა ეს უმცირესობების უფლებებს.
– ეს კანონპროექტი ახლახან აიტვირთა და ახლა მიდის ამ საკითხის შესწავლა, თუ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ნაწილში დავინახავთ რამე ტიპის საკანონმდებლო ჩარევას, რომელიც სტანდარტს აუარესებს, რაც საქართველოში არსებობს, ამაზე აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება.
ეკა ლემონჯავა
„ინტერპრესნიუსი“