ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ში იმყოფება
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, 7 დეკემბერს ის უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს, ოლექსანდრ კორნიიენკოს, შეხვდა.
იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – “თავისუფლება თუ შიში.”
“კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მასზე მონაწილეებს მისასალმებელი ვიდეოთი მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.