სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილის პირას არიან, „მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია“.
როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან და როგორც გაარკვია, საკვებთან დაკავშირებით პრობლემა ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული, თუმცა ეს ხარვეზი მოგვარდა და პატიმრები ჩვეულებრივად იკვებებიან.
„დღეს მქონდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და ეს ამბავიც დაემთხვა. რა თქმა უნდა, მინისტრთან ამ საკითხზეც მქონდა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, მნიშვნელოვნად არის გადაჭარბებული – ის, რომ პატიმრებს შიმშილი ემუქრებათ, ან კვების მიწოდებაში რამე წყვეტა იქნება, ასეთი რამ არ არის და არც ასეთი რამ მომხდება მომავალში.
როგორც ამიხსნეს, ტექნიკური ხარვეზი იყო, კომპანიასთან, თუმცა ეს ხარვეზი მოგვარდა და პატიმრები ჩვეულებრივად იკვებებიან.
გუშინ ვიყავი იქ. სხვათა შორის, სასადილოშიც ვიყავი. ყველაფერი დავათვალიერე. პატიმრებსაც ვესაუბრე დიდხანს და ადმინისტრაციასთან.
ბევრს არ მოსწონს სიმართლეს რომ ვსაუბრობ. მაინცდამაინც უნდათ რომ მოგონილ რაღაცებს ავყვე და აჟიოტაჟი ავტეხო. რაც არის სიმართლე, იმას ვამბობ“,- განაცხადა იოსელიანმა.
გარდა ამისა, იოსელიანმა სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში მოცემულ ერთ-ერთ საკითხზე, კერძოდ ციხეებში არაფორმალური გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის დაწესებულებები, სადაც არის არაფორმალური გავლენები და სადაც ასეთ შემთხვევებს გადააწყდა ყველაფერი ასახულია ანგარიში.
„ყველა დაწესებულებაში განსხვავებული მდგომარეობაა. არის დაწესებულება, სადაც ასეთი რამ საერთოდ არ ხდება და არის დაწესებულება, სადაც ასეთ რაღაცებს აქვს ადგილი, მაგრამ ეს მაინც არის ცალკეული შემთხვევები და ანგარიშიც ჩვენ მაინც მოგვყავს ცალკეული შემთხვევები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაშია „ქურდული გავლენები“ თუ არაფორმალური მმართველობა დანერგილი და ასე ხდება ციხეების მართვა. ეს ნამდვილად ასე არ არის. სადაც ასეთ შემთხვევებს გადავაწყდით, ყველაფერი აისახა ჩვენს ანგარიში“,- განაცხადა იოსელიანმა.
