დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს აღნიშნავს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები და წინ გადადგმული ნაბიჯებიც, რაზეც უფრო დაწვრილებით მოხსენებაში ისაუბრებს.
„დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს აღნიშნავს. ჩვენ ბუნებრივია ერთად ვაორგანიზებთ ამ ღონისძიებას, ვინაიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მრავალეთნიკური და მრავალრელიგიურია.
ამ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ ნათქვამი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უკავშირდება როგორც ეთნიკურ, ისე რელიგიურ უმცირესობებს.
არსებობს გამოწვევები და წინ გადადგმული ნაბიჯებიც, რაზეც უფრო დაწვრილებით ჩემს მოხსენებაში მექნება საუბარი. მაგრამ ის ძირითადი საკითხები, რაც საკულტო ნაგებობების გადაცემასთან, სანებართვო ვადის გაჭიანურებასთან, მათ შორის დამოკიდებულებასთან და სიძულვილის ენასთანაა დაკავშირებული, გამოწვევებად რჩება, რაზეც სახალხო დამცველი წლებია თავის ანგარიშში მიუთითებს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.