მას [გიორგი გახარიას] როგორც პსუხისმგებლიან პირს, უნდა გამოეყენებინა უსაფრთხოების საბჭო, მარჩიელობაზე და მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული – როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე , – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პროკურატურაში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.
“ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური და არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი საკითხი განხილული არ ყოფილა.
2019 წელს, აპრილში შეიქმნა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონი ითვალისწინებს 3 თვეში ერთხელ შეკრებას. მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლება თავისი ინიციატივით პრემიერს მიმართოს და ჩაატაროს უსაფრთხოების სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო. ამ თემაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის მისია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა საგუშაგო.
მე როგორც თავდაცვის მინისტრი, საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ რამეს დაზუსტებას საშუალება არ მექნებოდა. ასევე იცით, რომ ორი თვის შემდეგ, ნოემბერში მე დავინიშნე უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ესეც მოწმობს, მაშინ უსაფრთხოების თემებს რამდენად სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო მის ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდაცვის უწყებას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა. ეს იყო საპოლიციო მოქმედებების სფერო. სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი ოკუპაციის პირობებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სავალალო შედეგებს ვიღებთ, არის სამწუხარო.
არ არსებობს ფაქტი, რომ ახალშექმნილი ორგანო, ახალი მოტივაციით შეიკრიბოს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელოს. ეს არის კრიტიკული პუნქტი, რომელიც გამოკითხვის ცენტრალური თემა იყო. მე, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა განხილულიყო. არც გახსნის შემდეგ იყო კომუნიკაცია. მაგ დროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, შესაბამისად, ეს სამსახური არ არის საშინაო საფრთხეების ანალიზისთვის, ეს სამსახური საგარეო საფრთხეების ანალიზს აკეთებს. ეს კი უკავშირდებოდა საშინაო თემებს. შესაბამის მუდმივმოქმედ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ამზადებდა, უნდა მოეხსენებინა კოლეგებისთვის, მით უფრო მდივანი იყო საბჭოსი [გიორგი გახარია].
[გიორგი გახარიამ] დანიშვნის პროცედურაც გაწელა, რომ არ ვისაუბროთ საკითხის განხილვაზე, ეს მის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, ორი თვის განმავლობაში საბჭო მდივნის გარეშე იყო, რა განხილვაზეა საუბარი. მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, მით უფრო გადაწყვეტილების მიმღები, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება. ინიციატივის ავტორიც თვითონ არის.
მას [გიორგი გახარიას] როგორც პასუხისმგებლიან პირს, უნდა გამოეყენებინა უსაფრთხოების საბჭო, მარჩიელობაზე და მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ფორმატებში უნდა მოხდეს თემების განხილვა. უნდა განეხილა პასუხისმგებლობიან ფორმატში, როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე”,- განაცხადა ლევან იზორიამ.
