ლევან თაქთაქიშვილი: მეტიც, ეს პარტიული ელიტა კანონიერ ქურდებთან ქეიფობდა! დათა თუთაშხია ქრისტეზე მეტად სალოცავი გახდა მაშინ

“ერთი რამ ვიფიქრე, ვიფიქრე და … ვიცი, დაიწყებენ ჩემს კრიტიკას! აჰა, აპრავებს სიტუაციასო, მაგრამ… მაინც ვიტყვი!
კაცო, ქართულ მწერლობაში არაა ნაწარმოები, სადაც ადამიანისა და მშობლიური სახელმწიფოს ურთიერთობაზეა საუბარი. ეხლა შემეჩრებით-მგზავრის წერილები? აბა ეს რაღააო? არა, აქ ქვეყანაზეა საუბარი და არა სახელმწიფოზე! შენს სახელმწიფოზე! რით განსხვავდება ქვეყანა სახელმწიფოსაგან? ქვეყანა ტერიტორიაა ხალხით, რომელიც შეიძლება უუფლებო იყოს და შეიძლება უფლებათა სისტემით(სახელმწიფო) !!
მგზავრის წერილებში უუფლებო ქვეყანაზეა საუბარი, რომელსაც ცრემლი უნდა მოსწმინდო, ემსახურო, მოუარო, სული უბერო, შეინახო, რომ სახელმწიფო გახდეს! სახელმწიფო არა გვქონია და აბა რატომ ეწერებაო, მეტყვით. არათუ სახელმწიფოსთან მოქალაქის ურთიერთობა არაა ჩამოყალიბებული, არამედ ერთ მათგანში სახელმწიფო მოხელე უარყოფით პიროვნებად წარმოგვიდგება, ხოლო აბრაგი კი დადებითად. სწორედ იმიტომ, რომ იმპერიის შემადგენლობაში დაჩაგრულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ხდება ამბები.
ამიტომ მთავარი სამართალი აქ მორალია! მორალი , რომელიც კანონებზე მეტია.
მე არ გამოვყობ საბჭოთა ლიტერატურას. აქ უფრო მძიმედაა საქმე! კოლხეთის ცისკარი, გვადი ბიგვა, ჯაყოს ხიზნები! აქ არ არიან გმირები, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში დგანან. არსად არ ჩანს სახელმწიფოსთან ვალდებულებები! მექი ვაშაკიძე პარტიის დავალებებს უსმენს, გვადი -თავის ფიცრებზე დარდობს, ჯაყო კი მარგოს საშოდან დაწყებული თეიმურაზის მამულის დათრევაზე. თეიმურაზის პატრიოტული აზრები ირონიის ქარიშხალშია გახვეული! სახელმწიფო , გასაკვირია, მაგრამ უფრო პოეზიაშია დაფასებული, უფრო სწორედ, აქ ქვეყანა სახელმწიფოდაა აღიარებული. ჰე მამულო, გრძნობა შენი მოვლისა მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია! სანამ სული დალია… სამშობლო უპირველეს ყოვლისა!
მაგრამ 1974 წლიდან, მას შემდეგ, რაც დათა თუთაშხია დაიწერა, სერიოზული საძირკველი გამოეთხარა ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების კორპუსს! დათა თუთაშხია გახდა ქართველი ხალხის საყვარელი და ყველაზე გავლენიანი და მისაბაძი გმირი ახალგაზრდობისათვის, მუშნი ზარანდია და სეხნიევი, სეგედი და ნიკანდრო- სახელმწიფო მოხელეთა სიმბოლოები. ზოგი დადებითი და ენერგიული მოხელის, ზოგი კი მთლად უარყოფითი. ფილმის გადაღებამ ეს წარმოდგენა ტლუ და უწიგნურ ქართველებშიც გაავრცელა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქართული მაშინდელი სახელმწიფო მოხელენი საბჭოთა სისტემის ნაწილნი იყვნენ, ამ წიგნმა მათი ავტორიტეტი დაბლა დასცა .
მოდი, ვაღიაროთ-ჭაბუა ამირეჯიბმა ამ ნაწარმოებით უფრო მეტი ზარალი მიაყენა საბჭოთა მენტალიტეტს, ვიდრე მთელმა დისიდენტურმა მოძრაობამ 1988 წლამდე. მაგრამ ერთიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლები ავრცელებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივობის საკრალურობას და საქართველოს სახელმწიფოობრიობის აღდგენას ითხოვდნენ, დათა თუთაშხიას ავტორი კი ახალ ნაწარმოებზე მუშაობს, სადაც სახელმწიფოს მოწინააღმდეგის ცხოვრებას აღწერს. შედეგი სახეზეა! ხალხმა საბჭოთა მთავრობის გადაყენება მოითხოვა, ეს საბჭოთა მთავრობა მაშინდელი ქართული მწერლობის და ხელოვნების, საეკლესიო მოღვაწეთა წრეში გათქვეფილი დამოუკიდებლობაზე მონატრებული იყო( გაუფორმებელი და გაუპრავებელი ქონება) . მეტიც, ეს პარტიული ელიტა კანონიერ ქურდებთან ქეიფობდა! დათა თუთაშხია ქრისტეზე მეტად სალოცავი გახდა მაშინ.
ყველაფერი უფრო საშიში გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ჯერ გამსახურდიაში სეთური “დაინახეს”, კიტოვანი დათა თუთაშხიობდა!
ახლა ვიღაც მეტყვის-სისულეეებს წერ, არავითარ კავშირში არაა დათა თუთაშხია სახელმწიფოსთან კავშირზე არსებულ დისკუსიასთანო, მაგრამ 2002 წელს პარლამენტში დეპუტატმა დიმიტრი ჯაიანმა სიტყვაში თქვა: კმარა მუშნი ზარანდიას გზაზე სიარული, დათა თუთაშხიას გზით ვიაროთო. არადა პარლამენტის წევრმა არ უნდა იაროს აბრაგის და მოამბოხის გზით. ის არის სახელმწიფოს მოხელე, არჩეული ხალხის მიერ და უნდა ემსახუროს ხალხს და სახელმწიფოს მხოლოდ ჭეშმარიტების და სახელმწიფოს მშენებლობის გზით!! მუშნი ზარანდია ჩვენი ნაპირიდან დანახული, რა თქმა უნდა, უარყოფითი პერსონაჟია, ემსახურება ს იმპერიას, რომელიც მისი ქვეყნის სისხლის მწოველია, მაგრამ სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის ნაპირი იცვლება: ახალი ნაპირიდან მუშნი ზარანდია ნიჭიერი და ერთგული სახელმწიფო მოხელეა, თუმცა აქვს ავანტიურისტული წიაღსვლები, მაგრამ ის სახელმწიფო მიზნებისათვის იყენებს ყოველივეს, კარიერისთვისაც!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.