ლევან თაქთაქიშვილი: ზაზა მესხი- ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი-შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან მივიღე

” ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული სევდა, ამაოება მომყვება, რადგან ამ კაცის არქივი მე არ უნდა ჩამომეტანა, ჩემი შვილიშვილების გასაკეთებელი იყო, თუ თვითონ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპენსიო ასაკში გადასული. მაგრამ… ცხოვრებამ მე დამაყენა ამ საქმის განმახორციელებლად . ზაზა მესხი- ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი-ს ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან Cinta Depondt მივიღე და ხვალ დილას ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება. ამ ახალგაზრდა კაცს, უკაცრავად, ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეს, რამდენი უღვაწია, ემიგრაციაში პერიოდული გამოცემაც დაუარსებია, მის გარშემო გაუერთიანებია ახალი ემიგრაციის რჩეული პირნი, ძველნიც არ დავიწყებია. მისმა ყოფილმა მეუღლემ-,ქალბატონმა ცინტამ, ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკემ, სევდიანი თვალებით გამოგვაცილა ზაზა მესხის არქივის წამოსაღებად რომ ვეწვიეთ. ჟურნალ ” თანამემამულეს” ყველა ნომერი-ჩაწიკწიკებული კოლექცია, მიუნხენის, თესალონიკის, პარიზის, სტამბულის ქართული გამოცემები, მიმოწერა, ფოტოარქივი… და დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრეს და დაექცეს, თუმცა ბატონ ზაზას თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დარგული სიკეთეები, კეთილშობილური საქმეები , შეიძლება, უფრო მოსავლიანი იყოს არაერთის მოხუცებულობამდე მიტანილი ცხოვრებაზე. დრო ხომ პირობითია, ხოდა ისიც, რომ ჩვენ ვინახავთ მის არქივს, მისი არქივის მიღებით რომ გაიზარდა ქართული ემიგრაციის ფონდის ქრონოლოგიური საზღვარი და უკვე ოცდამეერთე საუკუნეს გადმოაბიჯა, იმის მაჩვენებელია, რომ მას შეუძლია თქვას: ცუდად ხომ მაინც არ ჩაიარა ამ განწირულმა სულისკვეთებამ და გზა უვალი ჩემგან თელილი სამშობლო, ჩემო მაინც დარჩება… “
ხვალიდან ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იხილავთ: ზაზა მესხის საარქივო ფონდი!” – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი  სოციალურ ქსელში.
May be an image of 1 person and beard