“აი, მაგალითი ამ ქვეყნის გამოთაყვანებისა:
გუშინ დავწერე პოსტი, სადაც წუხილი გამოვთქვი სენაკში 800 წლოვანი( ასე თვლიდნენ) ჭადრის წაქცევაზე, მივადექი სენაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარეს, რატომ არ მიიღო ზომები მეთქი… მერე დავწერე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაფერს აკეთებს და თავისუფლად შემოდის ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე თურქული პამიდორი, ასეთივე მდგომარეობა რომ არის ხახვის და კიტრის შემთხვევაში, არ დამიწერია. ვნანობ!
მაგალითიც მოვიყვანე, რომ პამიდვრის ჩითილი 5 ლარად იყიდება გარდენია-შევარდნაძესთან მეთქი. თურმე ბილეთია 5 ლარი და ჩითილი- ერთი ლარი! პარდონ, შემშლია.
მე ამ შევარდნაძესთან არაფერი საქმე არ მაქვს! პირიქით, მადლობელი ვარ, რომ ვიღაცას ახარებს, რომ საქართველოში სადღაც სინათლეა. მართლაც დიდი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ… უნდა ითქვას, რომ ეს რაღაც პამიდორი, რომელსაც ხარისგულა დაარქვეს და დიდ იმედს ამყარებენ, არაა და ვერ გამოდგება პამიდვრის მოყვანის პრობლემების აღმოფხვრისათვის საქართველოში ! აი, რატომ! საქართველო ისეთი ბუნებრივი პირობებითაა დახუნძლული, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ სხვა ზონაში ხვდები. ამიტომ იყო ათეული წლების წინ( იმ ბნელ სსრკ-ში) საქართველოს ტერიტორია დაყოფილი სასოფლო-სამეურნეო ზონებად. იყო ჯიშთა გამოცდის სადგური, იყო წიგნი, სადაც ტარდებოდა ადგილობრივი ან შემოტანილი ჯიშები. კარგი დედმამიშვილი იყავი და დაგეწერა-ჯიში გამოვიყვანეო! ჯიშის გამოყვანას წლები უნდა. სანამ არ ჩამოყალიბდება და არ “დაღვინდება”. ამისათვის კიდევ ერთი პირობაა საჭირო, რომ ჯიშის შეჯვარების და გამოყვანის დაწყებიდან მის გარშემო სხვა ჯიშის პამიდორი არ იყოს. შემდეგ უნდა დააკვირდე და პამიდვრის აღწერილობა და გემოვნური თვისებები უნდა იყოს ერთი და იგივე წლების განმავლობაში. ბოლოს მოგცემენ საბუთს, რომ ეს არის შენი გამოყვანილი პამიდორი. ჩემმა დიდმა პაპამ 1901 წელს დაიწყო პამიდვრის ჯიშის გამოყვანა და რადგან მისი ფორმა მუზარადს ჰგავდა, მას ესევე დაარქვა”მუზარადი”. მის თესლს ჭოპორტში იღებდა, სადაც ჰქონდა სათესლედ აღებული ნაკვეთი. მთელ ჭოპორტს უფასოდ აძლევდა თესლს, რომ მის სანერგეს პრობლემა არ ჰქონოდა დამტვერვისა. მხოლოდ 1950 წელს მოახერხა საკავშირო ჯიშად დარეგისტრირება. აი, ვოლგოგრადული პამიდორიც რომ შემოდიოდა 90-იან წლებში პაპაჩემის მუზარადის ჰიბრიდი იყო. ვაქვეყნებ ამ პამიდვრის პასპორტს და მაინტერესებს 1990 წლიდან მიღებული ნებისმიერი ბახჩეული ჯიშის პასპორტი, გაცემული საქართველოში. არ იქნება, იმიტომ რომ სამსახური გააუქმეს. რა შუაშია შევარდნაძე? მას ეძახდნენ სსრკ-ს დროს მოწინავე გლეხს, სელექციონერი კი თანამშრომლობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მიღებულ ჯიშებს არეგისტრირებდა, უთითებდა მამასა და დედას ამ ჯიშისა!
ახლა მეორე პრობლემა-მერიას ჰქონდა სანერგე მეურნეობა, რომელიც ასევე გააუქმეს. დღეს ქუჩებში და სკვერებში რგავენ ძირითადად უცხოეთიდან შემოტანილ ნერგებს. ისინი ხშირად აქაურ პირობებს არ პასუხობენ. გახსოვთ პლეხანოვზე 20 წლის წინ დარგული ჯუჯა ზედა წელზე დამყნობილი ხეები? თითქმის ყველა გახმა. ეს უაზრო ხარჯია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი სანერგეები, სადაც ქართველი ხეები დაიბადებიან.
და ერთიც-რა აგეწვათ გული შევარდნაძეზე? ის კარგი, გემოვნებიანი პრაქტიკოსი კაცია, კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მეცნიერი არაა! მგონი არც აქვს პრეტენზია! საქართველოს სოფლის მეურნეობას საქმისათვის გადადებული მეცნიერები და მოხელენი სჭირდება და არა კოსტუმში გამოპრანჭული მინისტრები, რომლებიც რამდენიმე წელი დაგვანახებენ თავს და მერე ბიზნესში გადადიან! ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! ათასი გარდენია შევარდნაძე საქართველოს და სახელმწიფოსგან პატრონი სოფლის მეურნეობას !” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.