ლევან თაქთაქიშვილი: ათასობით საარჩევნო ხმას ზოგჯერ ერთი ცხედარით მიღებული ხმები გადასწონის!

“ავწიოთ თამასა!
მოვუმატოთ სიმძაფრე და ვთქვათ სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!
მაშ, ასე!
-საქართველოში თუ გინდა ძალაუფლების შეცვლა, მსხვერპლი უნდა ამას! მსხვერპლი? დიახ! მიცვალებული! ეს როგორ? ასეა, ბატონებო, ეს საუკუნეები ასეა!
ვარსქენი რომ ბრუნდებოდა სამშობლოში, აქ მისმა გარემოცვამ შუშანიკის ტრაგედია ჩაიფიქრა, მივიდნენ დედოფალთან, მიახალეს საშინელი ინფორმაცია-შენმა ქმარმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა არტოშანიო, ურჩიეს, არ შეუშალეს ხელი, დაეტოვებინა სასახლე, ჩამოსულმა ქმარმა რომ მოიკითხა-სადააო, შეეშინდა ხუცესს, ვაი და არ შეაცვლევინოს აზრიო და გაიქცა ეკლესიაში შეყუჟულ დედაკაცთან-დაარიგა-დიდი განცდა გელის და თუ არ ხარ ამისი გამძლე, ეხლა დაბრუნდი, თუ არადა ბოლომდე შეძლებო? მტკიცედ სდგაა? (რაღაც ასე მახსოვს!) თუმცა ამ სიზუსტეებს აქ აზრი არ აქვს! სიკვდილამდე მიიყვანეს ქალი, ყველაფერი ქნეს, ანუ არაფერი იღონეს, რომ შუშანიკი არ მომკვდარიყო! მოკვდა და ამით დამთავრდა ვარსქენის ძალაუფლება, რომელიც გორგასალს (ცენტრალურ ხელისუფლებას) არ ემორჩილებოდა. ეს გორგასალის მომხრეთა დაგეგმილი და განხორციელებული! დედოფლის ტრუპი გვინდაო! ასე უთქვამთ! ამაზე იტყვით-თითიდან გამოწურული აზრებიაო, მაგრამ …. რაც ჩვენს ქვეყანაში მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო მკვდრის კატალიზატორად გამოყენება პარტიულ წარმატებებში… ეს მსოფლიოში უპრეცენდენტოა. რით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში? დიმიტრი ყიფიანის მკვლელობით! კაცი, რომელიც ჯერ სრულიად უსამართლოდ გააძევეს სამშობლოდან, შემდეგ საშინლად მოკლეს სტავროპოლში, გახდა მასობრივი წინააღმდეგობის მიზეზი არა გადასახლებისას, ან მოკვლის ფაქტზე, არამედ დაკრძალვისას ცხედრის რუსთაველზე გატარების უფლების აღკვეთისას!
აი, აქ იკრეს ხელი ხმლებზე პროცესიის მონაწილეებმა, ილია ჭავჭავაძე როგორც საზოგადო მოღვაწე და ერის მამა აღსდგა მკვდრეთით მაშინ, როცა მისი სხეული ბერბიჭაშვილის და მისი ბანდისმიერ ნასროლმა ტყვიებმა დახვრიტა. 1902 წლიდან ისტორიის სანაგვეზე გასროლილი უდიდესი მოღვაწე მხოლოდ მისმა სიკვდილმა გააცოცხლა. ეს მე არ მითქვამს! სამსონ ფირცხალავამ თქვა 1913 წელს! სტალინმა იცოდა საქართველოში მკვდრის მისტერია, ამიტომ არ დაამარხვინა ლენინი და გახადა ის თავის ყველაზე მყარ მხარდამჭერად, ჩაუდო მკვდარს ჯიბეში და ათეული წლების განმავლობაში მოქმედი იყო ლენინის პარტბილეთი ნომერი პირველი. შემდგომ კიროვის მკვლელობა გამოიყენა და გაანადგურა ყველა თავისი მოწინააღმდეგე! იცოდა რა მჟავანაძემ მკვდრის მისტერია საქართველოში, სტალინის გამოსვენების ცერემონიალზე დაპატიჟებულმა ყინულებით აივსო ყელი და სიცხე აიწია-ჯავახიშვილი გააგზავნა და თავი გადაირჩინა, იცოდა-დაკარგავდა ძალაუფლებას! ხალხის მხარდაჭერას დაკარგავდა! 9 აპრილს დაღუპული ქალების მორგში გადაღებულმა ფოტოებმა და საბოლოოდ მერაბ კოსტავას საეჭვო სიკვდილმა წერტილი დაუსვა საქართველოს კომუნისტური პარტიის მმართველობას!
მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე მოსულმა ასი ათასმა მგლოვიარე ქართველმა უფრო მეტი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის, ვიდრე რეფერენდუმმა და დამოუკიდებლობის აქტმა! და კიდევ ერთი!
კოსტავას სახელს ვეღარ გაუტეხდნენ. ის მთაწმინდაზე იწვა! ცხედარი ამტკიცებდა, რომ სსრკ-ს წინააღმდეგ მებრძოლის საფლავი ეროვნულ გმირთა სავანეში იყო. მაშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხი იყო. კოსტავა ისე იყო ჩაშენებული საქართველოს ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის კედელში, როგორც ზურაბი სურამის ციხეში.
ზვიად გამსახურდიას ჩამოსაგდებადაც ეძებდნენ მკვდარს, ადამიანს, რომლის სიცოცხლეც უნდა შესწიროდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას! ბოლოს მოიგონეს, რომ კინოს სახლთან სასიკვდილოდ დაჭრეს მომიტინგე კაციო, არ აღმოჩნდა მართალი, შემდეგ არაერთი ჭორი გაავრცელეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
მაშინაც ეძებდნენ ე.წ. ტრუპებს. იცოდა პრეზიდენტმა და ამიტომ ამბობდა: ტყვიებს რომ გვესვრიან, ყვავილები ვესროლოთო!
შევარდნაძის ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად სამეგრელოში ახლად ამოსვენებულ გამსახურდიას ცხედარს თავსახური მოხადეს და მთელს საქართველოს დაანახეს, რომ პირველი პრეზიდენტი ცოცხალი არ არისო!
“მხედრიონის” და ჯაბას ძალაუფლებაც ბორჯომის რაიონში, სოფ. მზეთამზეში ბენზინის ავზში ჩაყრილი გახრწნილი გვამები რომ ანახეს ტელევიზიით, მაშინ დასრულდა!
ს ძალაუფლების რღვევაც გვირგვილიანის ნაწამები და გაშიშვლებული გვამის ტელევიზიით ჩვენებით დაიწყო, მკვდრების მისტერია ამ ხელისუფლებისათვის რომ კარგადაა ცნობილი, ვანო მერაბიშვილის სიტყვებიც ადასტურებს: ორი ტრუპი მინდა!
დღევანდელი ძალაუფლების შეცვლის მსურველთათვისაც ცნობილია ეს მისტერია. ამიტომაც დააბრალეს ისედაც განწირულ სააკაშვილის სახელმწიფო აპარატს რაფალიანცის ტრაგედია.ეს საკონტროლო გასროლასავით იყო. მიცვალებული შიშველი ბავშვი აჩვენეს ტელევიზიაში.
ხოდა იცის ეს მისტერია დღესაც ამ ამბოხებულმა მასამ, თუ რამე აკლია ამ ოპოზიციის განწირულ სულისკვეთებას, ესაა ქართულ ენაზე მოსაუბრე მჭერმეტყველი პოლიტიკოსი და… ცხედარი.
აბა ხმები მას აღარ სჭირდება. რაც არ მიუღია, წართმეულად ჩაუთვალეს, მაშ!
მკვდრის მისტერია ძალიან კარგად იცოდნენ ქრისტეს მომხრეებმა და მისმა მოწინააღმდეგეებმა. მისი ჯვარზე გაკვრა საშინელი დანაშაული იყო ორივე მხარისა. ყველა დამნაშავე იყო მის წინაშე. ამიტომ მისი ცხედრის გაქრობა ორივესათვის მისაღები იყო. ერთი ზეიმობდა ქრისტეს და მისი მოძღვრების გამარჯვებას და მეორე კი ამტკიცებდა, რომ ის არ ყოფილა საერთოდ!
სწორედ ასევე არ აძლევდნენ სიკვდილმისჯილთა ცხედრებს დასამარხავად საბჭოთა კავშირში!
კიდევ არ გჯერათ მკვდრის მისტერიისა პოლიტიკაში? ჩემი არ გჯერათ? ვაჟა ფშაველასი ხომ გჯერავთ?
ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარიაო!
ათასობით საარჩევნო ხმას ზოგჯერ ერთი ცხედარით მიღებული ხმები გადასწონის! აი, ესეც ერთი ლამაზი და საბედისწერო სტროფით ნათქვამი ის, რასაც მე ამ პოსტში ვბლუყუნებდი!” –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.