პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
ინფორმაციის თანახმად, „ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
მათივე განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით – კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიას გადაეცა 10 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2014-2020 წლებში ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ, კრედიტის/ლიზინგის პროექტებზე პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით. „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში, შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს ჯამში ათვისებული აქვს 3,458,199 ₾ (1 სესხი, 4 ლიზინგი) 5 პროექტის ოდენობით, რომლის მიზნობრიობა საწარმოს მშენებლობა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა იყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 4 000 000 ლარზე მეტი შეადგინა.
„ეს არის წარმოება, რომელიც, ფაქტობრივად, ახალ ინდუსტრიას, საექსპორტო პროდუქციას ქმნის და ასაქმებს საქართველოში ადამიანებს. ვფიქრობ, კომპანია იმის კარგ მაგალითს იძლევა, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება კონკურენტუნარიანი, წარმატებული წარმოების შექმნა, რაც სახელმწიფოს სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების ნაწილია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველაზე რთულ, საწყის ეტაპზე ბევრ საწარმოს დაეხმარა, მისი მიზანიც ეს იყო – ქვეყანაში ასეთი ტიპის მეტი ბიზნესი შექმნილიყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა, წარმოების უწყვეტი ციკლი, ეკომეგობრული სტანდარტი და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო – ის მახასიათებლებია, რომლითაც საწარმო გამოირჩევა და რის გამოც ევროკავშირის მილიონზე მეტი მომხმარებლის ოჯახი სარგებლობს პროდუქციით “MADE IN GEORGIA”, რაც ხარისხის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ კუთხით კიდევ დიდი შესაძლებლობები აქვს. მათ შორის პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ გეგმაში აქვს, მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმოების პოტენციალი და ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის წარმოებებს, რადგან ისინი საშუალებას იძლევა, სრულად იქნას ათვისებული ის უპირატესობები, რასაც თავისუფალი ვაჭრობა ქმნის.
„საქართველოში წარმოებული პროდუქცია რომ კონკურენტუნარიანია, სახელმწიფოს მიერ სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგია. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ სრულად ავითვისოთ ის სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აქვს. ჩვენ თავიდან ვქმნით ამ სამრეწველო პოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ადამიანი დავასაქმოთ ღირსეულად, წარმატებულები ვიყოთ და მეტი ეკონომიკა შევქმნათ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.