ლევან დავითაშვილი Fitch-ის რეიტინგზე – იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს

იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს – ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და ამ შემთხვევაში, საქართველოში ნაკლებად ხელგვეწიფება, რომ რეგიონული კონტექსტი შევცვალოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი მოლოდინია, რომ საქართველო „ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას წელსაც შეინარჩუნებს“.
„Fitch-მა იცით, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეაფასა და საქართველოს რეიტინგი BB დონეზე პოზიტიური პერსპექტივით დატოვა. ეს უკვე მეორედ ხდება, როდესაც რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით გვაქვს შენარჩუნებული. ჩვენი მოლოდინით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს. თუმცა იცით, რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ნაკლებად ხელგვეწიფება, რომ რეგიონული კონტექსტი შევცვალოთ, მაგრამ ჩვენი შიდა მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შეფასება და რეიტინგი გვქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. Fitch-ის მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება, 5%-ზე მეტად და პრინციპში ეს საკმაოდ ახლოსა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან. ჩვენც ვფიქრობთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას შევინარჩუნებთ და მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მაღალი ზრდა გვექნება. გვესმის, რომ 2025 წელს უფრო მეტი სტაბილურობა იქნება. ასევე, ინფლაციასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ 2024 წელსაც ინფლაციის მაჩვენებელიც სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ იქნება. როგორც ჩვენ ვპროგნოზირებთ, პრინციპში, Fitch ეთანხმება ამ ანალიზს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით – 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული