ლევან დავითაშვილი – საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენციაზე ისაუბრეს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილ პროგრესზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ელჩებთან ინფორმაციის გაცვლა და მოსაზრებების გაზიარება. კონფერენციაზე ვისაუბრეთ ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილ პროგრესზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ძალიან კარგი პანელური დისკუსია გამოვიდა, სადაც ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს თავიანთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მაგრამ, ზოგადად, ეკონომიკური გუნდის პანელი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ძალიან ბევრი ელჩი იყო ჩართული ამ დისკუსიაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, შეხვედრის ასეთი ფორმატი საკმაოდ სასარგებლოა იმისთვის, რომ უკვე 2025 წელს ეკონომიკური უწყებების თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
„თითქმის ყველა საელჩოსთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი, მათი როლი და ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები ძალიან ბევრ ქვეყანასთან, გაგრძელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულდა მოლაპარაკებები კორეასთან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროგრესი გვაქვს უკვე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში და კიდევ რა არის გასაკეთებელი. ასევე შევეხეთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში” კახეთში გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.