საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნეს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარესთან, ჰასან ალ – ჰუვაიზისთან ერთად იმყოფებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნეს საბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობა. კონკრეტულ ბიზნესებთან ვისაუბრეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ამ ინვესტიციების განხორციელებით შესაძლებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილთან შეხვედრამდე საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს სხდომა, ასევე ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან მიიღეს. ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში, ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნესფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.