ლევან დავითაშვილი – ესპანური კომპანიის Aqualia – ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებმა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.
,,Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. აქციონერები მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება”, – აცხადებს GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ესპანური კომპანიის Aqualia – ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად.
„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანური კომპანიის Aqualia – ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia – ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, ფინანსური დირექტორი ისიდორო ხოსე მარბან ალვარესი, საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი ლუის ფრანსისკო ალონსო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და “საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან