მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური ძალის მხრიდან კეთდება არასაფუძვლიანი პროგნოზები, წინასწარი შედეგებით, 2024 წელი 9%-იანი ზრდით უნდა დავასრულოთ, მაგრამ, რაც ყველაზე საყურადღებოა, ის დაგეგმილი მაჩვენებელი, რომელიც 2025 და 2026 წლებში გვქონდა, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ასევე შენარჩუნებულია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების“ მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერად რჩება.
„მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, 2024-2026 წლებში საქართველოს ექნება საშუალოდ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (6.7 პროცენტი). მსოფლიო ბანკმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებასა და 2025 წლის პროგნოზს. განახლებული შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.0%-ით გაიზარდა (2024 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 3.8 პ.პ-ით მეტი). მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ს (2024 წლის ივნისთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტი), ხოლო 2026 წელს 5%-ს (2024 წლის ივნისთან შედარებით არ შეცვლილა) შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს.
2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.