[აშშ-ში] ჩვენ მოვახერხეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაცია. დიალოგი დაწყებულია, დიალოგი ვფიქრობ, რომ არის ძალიან პოზიტიური და რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, რომ ძალიან მალე ვიხილოთ შესაბამისი შედეგებიც, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ამერიკაში მის ვიზიტთან დაკავშირებით.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველო, ისე აშშ პრაგმატულად დაინტერესებულია, რომ ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და მეტად ურთიერთხელსაყრელი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ძირითად პარტნიორებთან დიალოგის და ურთიერთობების გადატვირთვა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ურთიერთობები სასურველ ნიშნულზე არ იყო აშშ-სთან, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შეიცვალოს, გამოსწორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველო, ისე აშშ პრაგმატულად დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და მეტად ურთიერთხელსაყრელი, ამიტომ, ჩვენ ზუსტად ამაზე გვქონდა აქცენტი. ჩვენს პარტნიორებთან დიალოგი ამ თემის გარშემო მიმდინარეობს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გავხადოთ უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი. ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია ახალი ადმინისტრაციისთვის, ჩვენთვისაც ასევე ძალიან მკაფიო, საინტერესო და გასაგებია.
აშშ-ში ჩვენი ვიზიტო იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ძირითადად, ჩვენ ვიყავით ეკონომიკური ბლოკი წარმოდგენილი ეროვნულ ბანკთან ერთად, ჩვენ პარტნიორებთან საინტერესო შეხვედრები გვქონდა.“-განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრები ჰქონდათ ეკონომიკურ ბლოკთან, ვაჭრობის სამინისტროში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ფინანსთა სამინისტროში, თეთრ სახლში და და სახელმწიფო დეპარტამენტში.
„მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მინდა გითხრათ, რომ ეს დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრი საკითხში პოზიციების თანხვედრაა ახალ ადმინისტრაციასთან. ვფიქრობ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა. მე, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელიც უნდა იყოს ძალიან ურთიერთხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ურთიერთხელსაყრელი და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.“-განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან საქართველოს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს.
„პირდაპირ გეტყვით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოზიციებისგან და პრიორიტეტებისგან ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მეტი პერსპექტივა გვაქვს ამერიკასთან პროდუქტიული და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის, ვიდრე გვექნებოდა სხვა პოზიციების შემთხვევაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი განმარტებით, აშშ-ში საშემოდგომო ვიზიტიც ექნებათ.
„ჩვენ გვენება ისევ, საშემოდგომო ვიზიტი, როდესაც იქნება საშემოდგომო სესიები. ჩვენ ვფიქრობთ, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რომ პარალელურად გავმართოთ და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი დიალოგი პარტნიორებთან, მათ შორის უფრო მაღალ დონეზე გავაკეთოთ შეხვედრები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხვედროდით კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და იმ პირებს, რომლებსაც კონკრეტულად აქვს პასუხისმგებლობა საქართველოსა და რეგიონის მიმართ. ჩვენ მოვახერხეთ ასეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაცია. დიალოგი დაწყებულია, დიალოგი ვფიქრობ, რომ არის ძალიან პოზიტიური და ამას, რა თქმა უნდა დრო დასჭირდება, რომ ჩვენ ძალიან მალე ვიხილოთ შესაბამისი შედეგებიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.
