თითქმის ხუთი თვეა, რაც საქართველოს აშშ-ში ელჩი არ ჰყავს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ახალ ელჩთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი ვიზიტის დროს ისაუბრა.
„წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები… ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – თქვა ლევან დავითაშვილმა. ვის განიხილავს „ქართული ოცნება“ აშშ-ში ელჩად, უცნობია.
აშშ-ში საქართველოს ბოლო ელჩი დავით ზალკალიანი 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა. ზუსტად 30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოსთან მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობას აჩერებდა. ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მონაწილეებსაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციებზე იძალადეს ჟურნალისტებზეც – ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დაკავებული.
დავითაშვილი „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ვაშინგტონში. მას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ჰქონდა შეხვედრები.
პრესსამსახურის ცნობით, „ძალიან საინტერესო შეხვედრები“ გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. როგორც დავითაშვილმა მოგვიანებით თქვა, საუბრის ერთ-ერთი თემა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები იყო:
„სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს“.
დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკსაც. თვეების წინ ჰაკმა საქართველოში მიღებულ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „არადემოკრატიული კანონპროექტები“, რითაც სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, ასევე დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო იმ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ.
რადიო თავისუფლება 24 აპრილის დილას დაუკავშირდა შეერთებული შტატების საელჩოს კითხვებით: რა თემაზე ისაუბრეს მხარეებმა; ასევე, ახსენა თუ არა ჯოშუა ჰაკმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, დემონსტრანტებისადმი მოპყრობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები; ასევე, რა იყო მისი გზავნილი ქართული მხარისადმი. საელჩოსგან მასალის გამოქვეყნების მომენტამდე პასუხი არ მიგვიღია – ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი