კონფლიქტი არსებობს, ივანიშვილი შეიძლება ამ კონფლიქტს აკონტროლებდეს და ეს პროცესი მართვადი იყოს, შეიძლება რაღაც მომენტში მართვა დაიკარგოს და გადმოიღვაროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მმართველ გუნდში შიდა შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მთავრობის წევრებს შორის კონფლიქტი იმის მაჩვენებელია, რომ მათ კრიზისი აქვთ.
„ეს კონფლიქტი აზარაშვილსა და მთავრობის ახალ წარმომადგენლებს შორის, ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არათანმიმდევრულია და მათ უკვე მმართველობითი კრიზისები დაუდგათ. ამ შემთხვევაში, ორი რამ იკითხება, ერთი, რომ დიდი კონფლიქტია ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის. მეორე, კორუფცია ძალიან დიდია. აზარაშვილი ადრე, თუ გვიან, ამ თემებზე ისაუბრებს. როცა გადამდგარი მინისტრი ასე საუბრობს, ბევრი არ მახსენდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ამ ადამიანს არ უნდა იმ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, რაც იქ ხდება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
როგორც ის განმარტავს, მოსახსნელი მინისტრების რიგში შესაძლოა, სხვებიც იდგნენ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან.
„კალაძე-კობახიძე ყოველთვის ერთი ჯგუფი იყო, კობახიძე ყოველთვის წარმოადგენდა კალაძის კორუმპირებულ ინტერესებს, კობახიძე კალაძის ჯგუფის წარმომადგენელი იყო, ეს ინტერესები იგრძნობოდა ჩემი პარლამენტში ყოფნის პერიოდშიც, როგორ ცდილობდა ახლად არჩეული მერი მშენებლობებში კორუფციული რისკების შემცირების კანონპროექტებს შეეწინააღმდეგებოდა. კორუმპირებული ოჯახების ინტერესები იგრძნობოდა, როცა კანონი გამქონდა აზარტული თამაშების შესახებ, რეგულაციებზე, საგადასახადო ტვირთის აწევაზე, რაც საბოლო ჯამში გამოვიდა და მხოლოდ ამ კანონპროექტით რამდენიმე ასეული მილიონი ლარი შედის ბიუჯეტში, ამით ძალიან ვამაყობ. ეს ინტერესები იკვეთებოდა და მაშინაც იცავდნენ. როცა აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დადგა კენჭისყრაზე, კობახიძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დრო ითხოვა და უმრავლესობას მოუწოდა, ეს კანონპროექტი ჩაგდოთ.
არათუ დაპირისპირება არსებობს, ძალიან დიდი დაპირისპირებაა. კონფლიქტი არსებობს, ივანიშვილი შეიძლება აკონტროლებდეს ამ კონფლიქტს და ეს პროცესი იყოს მართვადი, შეიძლება რაღაც მომენტში მართვა დაიკარგოს და გადმოიღვაროს. მერიაშიც, არ ჩანს, მაგრამ ჩვენებებს იძლევიან კალაძის მოადგილეები, დაკითხვაზე დადიან, ვერსიები დადის, კედლებზე წერენ უკვე მისი მოადგილეები, თაბახის ფურცლები აღარ ჰყოფნით, ეს კონფლიქტი საჯაროდ გადმოიღვრება. აზარაშვილის პოსტი გადმოღვრას ნიშნავს, შეიძლება ვიღაცამ ეს პროცესი გააჩეროს, მაგრამ კონფლიქტი არსებობს, ამის დასტური ის არის, რომ არ შეიცვლება არანაირი მინისტრთა კაბინეტიო და 2 კვირაში აზარაშვილი მოხსნეს, შეიძლება სხვა ადამიანებიც იდგნენ მოხსნის დღის წესრიგში სავარაუდოდ, ისევ ღარიბაშვილის გუნდიდან“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მან ასევე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელებაზეც ისაუბრა. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რეფორმების განხორციელება პარლამენტმა უნდა დაიწყოს.
„ზოგადად, უცხოელების ჩარევა ჩემთვისაც მიუღებელი ამბავია, რადგან მგონია, რომ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენს მართლმსაჯულებას ჩვენ თვითონვე მივხედოთ. რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკომისიის რეკომენდაცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას გულისხმობს. რაღაც ჯგუფებმა ეს ვერსია, როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული და მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე შემოიტანეს. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, მაგრამ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების რეფორმა განხორციელდეს, თან თუ ეს ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არ დაუჭიროს. ერთის და მეორეს ინტერესიც არის, სასამართლო სისტემა მათ ქვეშ იყოს, მათ პოლიტიკურ ვერტიკალში იყოს.
პარლამენტმა უნდა დაიწყოს რეფორმების კეთება, არავინ უცხოელის ჩამოყვანა არ გჭირდება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა იძლევა საშუალებას, ყველანაირი მანკიერება გასწორდეს სასამართლოში.
[ოდიოზურ მოსამართლეებს] ხელი უნდა დაუქნიო და სასამართლო სისტემიდან უნდა გაუშვა. ჩინჩალაძე-მურუსიძეზე არსებობს ძალიან დიდი კორუფციული კითხვის ნიშანი საერთაშორისო მასშტაბით, როცა კორუფციული კვლევები დაიწყება, ამ ბრალდებით ძალიან ბევრ მოსამართლეს მოუწევს თავისი სამოსამართლეო მანტიის დატოვება, კორუფცია ერთ-ერთი დიდი ინსტრუმენტია მათ წინააღმდეგ, რომ უვადო მოსამართლეებმაც დატოვონ სასამართლო“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.