მაღალი თანამდებობის პირები ცრუ მოწმეებად აქციეს! – როდესაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი იყავი და წარმოდგენა არ გქონდა კონფლიქტის ზონაში რას აკეთებდნენ უწყებები, რომლის ნაწილიც იყავი, ხარ ბრიყვი, საშინელი არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო! როდესაც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს არა გაქვს ინფორმაცია, რა ხდება შენს ცხვირ წინ, მთელი ცხოვრება იდიოტის სახელით იცხოვრებ! – ასე აფასებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს.
გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ იმის შესახებ ისაუბრა, რომ სავარაუდოდ, ამ ადამიანების მიმართ არსებობს კომპრომატები, რომლითაც სუს-ს მათზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
გოგიჩაიშვილმა ამ კონტექსტში კორუფციაზე გააკეთა აქცენტი.
“რამდენიმე ვარსკვლავიან გენერლებს, მაგალითად, ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამბედაობა არ აღმოაჩნდათ. წარმოიდგინეთ, ოხანაშვილს რომ აქვს ადამიანზე გავლენა. როგორც წესი, თუ ერთი ადგილი მოსვრილი არა აქვთ, ძალიან რთულია, რომ საკუთარ სინდისთან ასეთ კომპრომისზე წახვიდე.
ამ ვაჟბატონების მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვები ყოველთვის არსებობდა. როცა ჩვენ უმრავლესობაში ვიყავით, ბევრი საუბრობდა, რომ ლევან იზორია, სავარაუდოდ, კორუფციაში იყო ჩართული. მის მოადგილეებზე, გარემოცვაზე, ვისზეც მისი გავლენა ვრცელდებოდა, ასეთი ეჭვი და ვარაუდი “ქართულ ოცნებაში“ იყო და ამის თაობაზე ბევრი ადამიანი საუბრობდა. ჩემი რწმენითაც, ვარაუდის დონეზე ამ ადამიანების მიმართ ისეთი კომპრომატები არსებობს, რომელიც ოხანაშვილის უწყებას მათზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.
ბიძინა ივანიშვილს სისტემა სხვანაირად არ უჭირავს. ის ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ, სავარაუდოდ, მოიპარონ ფული და მერე ეს ხალხი კომპრომატებით მართოს. ეს არის მისი სტილი. მას კორუფცია სჭირდება – სჭირდება მთელი სისტემა: მინისტრები, მერები, დეპუტატები, სახელმწიფო უწყებების დეპარტამენტების ხელმძღვანელები კორუმპირებული იყვნენ.
ვახტანგ გომელაურს ვარკეთილში სამოთახიანი ბინა ჰქონდა. ეს იყო მისი ქონება. ათი წლის განმავლობაში სულ რომ კრედიტები გამოეტანა, წარმოუდგენელია, რომ იმ ხელფასით, რასაც ის იღებდა, ის ქონება დაეგროვებინა, რაც მან დააგროვა და რასაც, სხვათა შორის, ახლა სთხოვენ. ჩემი ინფორმაციით, გომელაური ერთ-ერთია, ვისაც ბიძინა ივანიშვილი მოპარული ფულის დაბრუნებას სთხოვს.
გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ცრუ მოწმეები არიან, გაცილებით მძიმეა, რომ ისინი არაფერზე ინფორმირებული არ იყვნენ.
ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ცრუ მოწმეებად აქციეს. ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალური შტაბის ხელმძღვანელი იყო და ძალიან დიდი პატივია იყო საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი. როდესაც ასე დაჩაჩანაკდები, ეს საქციელი გენერლისა და ოფიცრის პროპორციული არ არის. როცა ამას ემატება ის, რომ წარმოდგენა არ გქონდა კონფლიქტის ზონაში რას აკეთებდნენ უწყებები, რომლის ნაწილიც იყავი, მაშინ ხარ იდიოტი, ბრიყვი, საშინელი არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო. ესე იგი, იკავებდი ადგილს, სადაც შენი ადგილი არ იყო და ეს ადგილი მხოლოდ იმისა გამო დაიმსახურე, რომ პირობითად, ლევან იზორიას ემლიქვნელებოდი.
როდესაც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ხარ და უნდა იცოდე, რა ხდება სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრებში, რა განწყობებია იმ ქვეყანაში, სადაც შენი მტრები არიან და არ გვაქვს ინფორმაცია რა ხდება შენს ცხვირ წინ, ხარ იდიოტი და იდიოტის სახელით იცხოვრებ მთელი ცხოვრება – სადაც შეგხვდებით, უნდა დაგიძახოთ, რომ შენ ყოფილხარ იდიოტი!
რამხელა ცინიზმია – საგამოძიებო კომისია იმ ადამიანების უფლებების აღდგენისთვის შეიქმნა, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაადამიანური მოპყრობის ქვეშ იყვნენ, იტანჯეს, საშინელი დრო გაიარეს, გლდანის ციხის სასაკლაოზე გამოკეტეს და ამ კომისიის დასკვნაა ის, რომ გიორგი გახარია უნდა დევნონ. – წარმოიდგინეთ რამხელა ცინიზმია ეს!
ეს არის ამ კომისიის ორმაგი სტანდარტი – ამ კომისიას არ გამოუკითხავს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები, სადისტები, რომლებიც რვა პარტიაში არიან გადანაწილებული – გამოჰკითხეს გიორგი გახარია და დაიჭირეს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ეს იყო კომისიის მუშაობის შედეგი. ამათი სიმართლე არის ეს – ეს არის “ქართული ოცნების“ ყალბი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის.
კომისიაში ყველაზე მეტად აქტიურობს კაცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ელჩი იყო [თენგიზ შარმანაშვილი]. გახარია უნდა გაასამართლოს ადამიანმა, რომელიც სააკაშვილის სისტემის ნაწილი იყო – სანდრო გირგვლიანზე ტაშს უკრავდა, რობაქიძის მკვლელობაზე ტაშს უკრავდა, 7 ნოემბრის დარბევებზეც ტაშს უკრავდა, ციხეებში მასობრივ წამებებზე ტაშს უკრავდა. სისხლის რომ ღვრიდა სააკაშვილი, ეს კაცი იდგა და ტაშს უკრავდა – ამით ბედნიერი იყო. დღეს არის პორტირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძის მამის მეგობარია.
გივი მიქანაძე, რომელმაც 2007 წელს ხელისუფლების მიერ პროვოცირებული ციხის ბუნტი სისხლში ჩაახშო, დღეს განათლების მინისტრია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
გარდა აღნიშნული საკითხისა, გოგიჩაიშვილი თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ოჯახის გამოსახლებასაც გამოეხმაურა და როგორც განაცხადა,“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ხელწერითა და ფორმებით მოხდა ადამიანების გამოსახლება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციური ძალები მერიას არ ექვემდებარება, ასეთი გადაწყვეტილება მერიის მოთხოვნის და უშუალოდ მერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.
“ასე აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი – ასე ყრიდა ის დევნილებს სხვადასხვა შენობებიდან და მერე ავტობუსებით მიერეკებოდა. ასე გამოუყრიდნენ მთელს ქონებას და ქუჩაში, მზეზე დაუყრიდნენ: – აიბარგე და სადაც გინდა იქ წადი! გვინახავს წინა ხელისუფლების დროს როგორ უმტვრევდნენ ავეჯს, ტანსაცმელს – გვინახავს გამოყრა თაბუკაშვილის ქუჩიდან, დევნილების “მესხეთიდან“ ძალით გამოსახლება.
მნიშვნელობა აქვს გამოსახლების სამართლებრივ ფორმას – რის საფუძველზე იყო პოლიცია მისულია? ვინმემ საზოგადოებას ანახა, რომ გამოსახლების შესახებ განჩინება არსებობდა?
ცინიკური ფორმები, ცემა-ტყეპა, ბავშვების თვალწინ მშობლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, წყლის გადაკეტვა და სიცხეში ადამიანების ასეთ პირობებში დატოვება ჩვეულებრივი სიველურეა!“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
