ადამიანურად არ მომწონს ბიძინა ივანიშვილი როგორ ამცირებს ღარიბაშვილს, იმიტომ, რომ ის მაინც ისტორიის ნაწილია. ვიღაცისთვის ირაკლი ღარიბაშვილია და ვიღაცისთვის მომავალში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნება, ასეთი დამცირება ადამიანის, რომელიც შეიძლება ისტორიის ნაწილი იყოს, ჩემთვის არ არის მისაღები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა განმარტებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოისურვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება, მოიტყუა. ამ არგუმენტის განსამტკიცებლად, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს ბევრი შეურაცხყოფა აქვს მოთმენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის თვალში „კარგი შემსრულებელი“ ყოფილიყო.
„არ მჯერა, რომ ღარიბაშვილს თვითონ მოენდომებინა პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა, იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლო, ყველანაირ შეურაცხყოფას, პიროვნულ და ადამიანურ დამცირებას, რომელიც გადატანილი აქვს ივანიშვილისგან. ამ ყველაფერს გაუძლო იმისთვის, რომ ყოფილიყო ივანიშვილის თვალში ყველაზე კარგი, ლაბორატორიულად გამოყვანილი, შემსრულებელი (სიტყვა „მონას“ აღარ გამოვიყენებ). როცა ფაქტის წინაშე დადგა, ეს მისთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ მასზე უკეთესებიც არსებობენ, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ ამ როლის შესრულება.
რაც არ უნდა არ მომწონდეს ირაკლი ღარიბაშვილი, ასეთი პიროვნული დემორალიზაცია და მორალური დეგრადაცია არ მომწონს. ჩემში სიბრაზეს იწვევს, რომ ამდენს როგორ ითმენს, სად ეტევა, სად გადის ზღვარი ამდენი პიროვნული შეურაცხყოფის? ადამიანური თვისებებისგან დაცლილი ადამიანი ცოტა საბრალო საყურებელია. “,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ყველაზე კარგი „დამცავი ფარი“ კობახიძეში დაინახა და სწორედ ამიტომ აირჩია მთავრობის მეთაურის პოსტის დასაკავებლად.
„ყველაზე მთავარი, ვფიქრობ, არის ის, რომ ივანიშვილს სჭირდება ფარი, ის არ ოპერირებს ბაზარზე პირდაპირ გარანტიების გარეშე. მას სჭირდება ბუფერული ფენები, რომელიც მას კომფორტს შეუქმნის და უსაფრთხო გარემოდან შეძლებს საკუთარი საქმის წარმოებას და ჩათვალა, რომ ყველაზე სქელი შრის მატარებელი მისთვის შეიძლება იყოს კობახიძე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, გუშინ სიტყვით გამოსვლების დროს გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე, რუსულ კანონსა და პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესზეა პასუხისმგებელი.
„ამ მადლობებში ყველაზე მთავარი ხაზი მაინც ის იყო, რომ სტატუსი ივანიშვილის დამსახურებაა, რაც აბსოლუტურად აბსურდია, მაგრამ ამით ისე გამოვიდა, რომ კორუფციაც მისი დამსახურებაა ამ ქვეყანაში, ქაოსი, ტოტალური ელიტური კორუფცია ივანიშვილის დამსახურებაა; რუსული კანონიც, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის დამსახურება ყოფილა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესებიც ივანიშვილის დამსახურება ყოფილა, გაუთავებელი ლანძღვა საქართველოს ევროპული გზის, ტროლებით ბოტებით, კობახიძით, სიბინძურით, ამაში ფულს ვინ იხდიდა ? თურმე ივანიშვილი იხდიდა, ამიტომ ივანიშვილი არის ამ პროცესების მთავარი ეპიცენტრი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ჩანს, რომ ივანიშვილმა არ იცის ზუსტად რას აკეთებს და ის კვლავ შეეცდება ჩრდილში გადასვლას.
„ივანიშვილს არ დარჩა არანაირი მანევრი. მისი მანევრი ყოველთვის იყო სააკაშვილის არსებობა ქართულ პოლიტიკაში და ამაში ივანიშვილმა დიდი ფული დახარჯა. თავისი რესურსი დახარჯა, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში პოლიტიკური სივრციდან არ გამქრალიყვნენ, ასევე არ გამქრალიყვნენ მათი მედიასაშუალებები და ზოგადად, ეს ინფრასტრუქტურა შეენარჩუნებინა სააკაშვილს. დღეს სააკაშვილი პოლიტიკურად ვეღარ იყიდება როგორც საშიში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ვარდნის რეჟიმში, შესაბამისად, დღეს ივანიშვილმა არ იცის ზუსტად რას აკეთებს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ მოდელირებას ვერ აკეთებს, ეს ნაბიჯი სადამდე მიიყვანს. მე ვფიქრობ, დღეს ის ნაბობს საერთოდ, რომ გამოჩნდა საჯარო სივრცეში. ივანიშვილი გუშინდელი დღის შემდეგ, ფიქრობს, რომ დაბრუნდეს კულისებში და მაქსიმალურად ისევ ის კომფორტის ზონა შეინარჩუნოს. „ქართული ოცნების“ ყოფილი ან ახლანდელი ამომრჩეველი, რასაც ივანიშვილს არასდროს აპატიებს არის პარტიის მორალური დეგრადაცია“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.