ლევან გოგიჩაიშვილი – ვერ ვხვდები ვნებებს, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ შტაბში მიდის თუ არა გახარია, გახარია არ მიდის, მიდის სხვა, ყველგან ვერ იქნება – რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, მასხარები არიან და უნდა დარჩნენ მარტო!

ჩვენ ვთქვით მყარად, რომ ვიქნებით იქ, სადაც არის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ქუჩაში, ყველა აქციაზე დავდივართ , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მიდის თუ არა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ოპოზიციურ შტაბში, რადგან პარტიის წარმომადგენლები ყველა პროცესში მონაწილეობენ.
გოგიჩაიშვილმა ისაუბრა მისი პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას უშუალო მონაწილეობაზე პროცესებში და დასძინა, რომ პერსონალურად „გიორგი გახარია ყველგან ვერ იქნება“, თუმცა „საქართველოსთვის“ ყველა პროცესში არის ჩართული.
„ჩვენ ვართ თანმიმდევრული ხალხი, ჩვენ არ ვცვლით ჩვენს პოზიციებს. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა ფორმატში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან კარგად პრეზიდენტთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სამ კოალიციასთან. ჩვენ ვთქვით მყარად, რომ ვიქნებით იქ, სადაც არის ევროპული მომავალი, ანუ ჩვენ ვართ ქუჩაში, ყველა აქციაზე დავდივართ.
მე ვერ ვხვდები ამ ვნებებს, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ შტაბში მიდის თუ არა გიორგი გახარია. გიორგი გახარია არ მიდის, მაგრამ მიდის სხვა, ვიკა ფილფანი, ჩვენი უძვირფასესი წევრია და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ის გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვენდობით ვიკას, ვენდობით თეონას, ვენდობით დიმიტრის, ვენდობით ყველა გუნდის წევრს. ჩვენთან ასეა დივერსიფიცირებული, ყველგან გახარია ვერ იქნება, მაგრამ სადაც არ არის გახარია, მაგრამ არის ვიკა ფილფანი, ის გამოხატავს პარტიის პოზიციას. ჩვენთანა ასეთი თანასწორობა და დემოკრატიაა, სხვაგან თუ იერარქიაა და ვიღაც ლიდერია და თუ ის არა რის, არ ჩანს პარტიის პოზიცია, ჩვენ სხვანაირი პარტია ვართ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, „გახარია საქართველოსთვის“ არ მიიღებს მონაწილეობას „ისეთ პროცესში, რომელიც მოპარულ არჩევნებს „ქართულ ოცნებას“ გაუთეთრებს“.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვებს რაღაცების გამოცდილება აქვთ, ბევრი სახელის და გვარის თქმა შეიძლება, ვინც სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ვამბობთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს, არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც მოპარულ არჩევნებს „ქართულ ოცნებას“ გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების შესახებ, რომ „ხვალ ან ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება“. გოგიჩაიშვილის თქმით, ამ განცხადების ავტორი „ჩვეულებრივი მასხარაა“.
„ეს არის მასხარა, ჩვეულებრივი მასხარა, მაგრამ მანდატიანი მასხარაა. ეს მასხარები უნდა დარჩნენ მარტო, ამ მასხარების დრო უნდა დასრულდეს, უთავმოყვარეო ადამიანების, კორუმპირებული ადამიანების. საკუთარი მანდატის გამო ამას ვინც ლაპარაკობს, საკუთარ ოჯახის წევრებს გაყიდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში 2007 წლის, 7 ნოემბრის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, 7 ნოემბერს ს მხარეს იყო.
„იმ სიაში, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანა, 60% არის ყოფილი „ნაცი“. დღეს არის 7 ნოემბერი და ვინც არბევდა აქციებს, ზოგი თბილისის საკრებულოში უზით, ზოგი ბათუმში, აჭარის პარლამენტში. „ქართული ოცნების“ 5 ლიდერი რომ დგას ხოლმე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ხუთივე არის ყოფილი „ნაცი“, მე ის ხალხი 7 ნოემბერს არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილიც კი, რომელმაც შემდგომ დიდი როლი შეასრულა სააკაშვილის დამარცხებაში, 7 ნოემბერს იყო მიშას მხარეს და მასზე საუბრობდნენ, პრემიები რომ დაარიგა ვანო მერაბიშვილმა, 7 ნოემბრის დარბევის დაფინანსება, იყო თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. შემდგომშიც აფინანსებდა სააკაშვილს 2011 წლამდე. ყველაფერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც იმ უბედურმა რეჟიმმა ამ ქვეყანას მოუტანა, ყველაფრის უკან ეგ იდგა. მოსამართლე გვრიტიშვილიც, რომელიც დღეს „განაცებულ ქართულ ოცნებას“ მშველელად მოევლინა – გადამრჩენელად, იყო ადეიშვილის პროექტი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.