ლევან გოგიჩაიშვილი – გახარია ჩამოვა თუ არა, ამაზე თავი იმტვრიოს სუს-მა, ჩოჩიევის სახელობის კომისიაში კი ზის თეა ჩოჩიევი, წულუკიანს აღარ დავუძახებ – გამოსავალია მერობის საერთო კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია 2 ივლისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სავარაუდოდ, ვერ გამოცხადდება.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, გიორგი გახარია კვლავ ითხოვს, გამოკითხონ და კითხვები დისტანციურ რეჟიმში დაუსვან.
ამასთან, მან საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს, თეა წულუკიანს „თეა ჩოჩიევი“ უწოდა და დასძინა, რომ წულუკიანი ოკუპანტების და სეპარატისტების საქმეს აკეთებს.
„2 ივლისს, გიორგი გახარია სავარაუდოდ, თბილისში არ იქნება. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვამბობ, სავარაუდოდ. გიორგი გახარია ითხოვს, გამოკითხონ და კითხვები დისტანციურად დაუსვან. ნუ ეშინიათ იმიტომ, რომ მაუწყებლობას არ გავთიშავთ. თუ აქვთ გამბედაობა, თანაბარი პირობები არის. იქ რომ მიდიხარ, თანაბარი პირობები არ არის, პირობითად ვამბობ, 7 ოსი სეპარატისტი შენ გიტევს. ჩემთვის ისინი ოსი სეპარატისტები არიან, როლებიც შეკრულები არიან რუსულ საოკუპაციო სახელმწიფოსთან და ჩვენს სამშობლოს გლეჯენ. ისინი ჩემთვის ქართველები არ არიან, არცერთი, ზოგი პირდაპირ და ზოგი გადატანითი მნიშვნელობით. ისინი არ არიან ქართველი ადამიანები, ისინი ამ შემთხვევაში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ოსი სეპარატისტები არიან, რომლის კომისიასაც თეა ჩოჩიევი ხელმძღვანელობს. ის არის ბორის ჩოჩიევის სახელობის კომისია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ იმის გამო ასამართლებს, რომ მათ საკუთარი მიწა-წყალი დაიცვეს.
ჩოჩიევის კომისიაში სხედან ადამიანები, ვგულისხმობ, თეა ჩოჩიევს, წულუკიანს აღარ დავუძახებ… ის არის თეა ჩოჩიევი, რომელიც ოკუპანტების და სეპარატისტების საქმეს აკეთებს, ივანიშვილის ბინძურ დავალებას ასრულებს და გიორგი გახარიას მხოლოდ იმის გამო ებრძვის, რომ ამ ადამიანმა საქართველოს შეუნარჩუნა სოფელი ჩორჩანა და ის ტერიტორია, რომელზეც დღეს ქართველები ცხოვრობენ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არიან მოქცეული.
თეა წულუკიანი არის თეა ჩოჩიევი. ვერასდროს ვეღარ გაექცევა ამ სტიგმას, რასაც ის აკეთებს. ვინ არის თეა წულუკიანი? თეა წულუკიანი ივანიშვილმა გატეხა, ნამსხვრევებად აქცია. თეა წულუკიანი ერთი პერიოდი პროგრესული იყო, მას უნდოდა რეფორმის ჩატარება სასამართლოში, ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთებს სასამართლოში, პროკურატურაშიც, მაგრამ პირველად ცხვირი წატეხეს პროკურატურაში, როდესაც ვერაფერი ქნა და მერე სასამართლოში. დღეს ახლა საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულია ეს ადამიანი.
რეპრესიულმა სისტემამ პირი გააღო და მის მუცელს ვერაფერი ამოყორავს მანამ, სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა. ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამ ქვეყანაში დაცული არავინ არის. სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი საკონსტიტუციო სისტემა მორღვეულია. ბალანსი არ არსებობს, არსებობს ერთი ადამიანის სამფლობელო, სამეფო თუ საფეოდალო და ამ ადამიანების ვნებებით დღეს იმართება ეს ქვეყანა. პირდაპირი მნიშვნელობით,რასაც დღეს პოლიცია აკეთებს, ეს არის კრიმინალი და ბევრ მათგანს ამის გამო პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი განმარტებით, გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნა დღეს „ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანია“.
„გიორგი გახარია ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზე თავი იმტვრიოს სუს-მა და პროკურატურამ, ეს არის ჩემი პასუხი. ამ რეჟიმს არავინ შეეგუება, ამ რეჟიმთან ყველა იბრძოლებს. ეს პროცესი აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი კიდევ უფრო მეტად არის მზად რეჟიმს დაუპირისპირდეს. რეჟიმი რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რადგან ზღვარი არ არსებობს. ვისაც უნდა, იმას დაიჭერენ, ქვეყანა სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, პროკურატურაც, პოლიციაც, სასამართლოც. ეს სამივე უწყება ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით „ამოდებული აქვს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ის „ქართული ოცნების“ შეცვლის გამოსავალს ერთიანობაში ხედავს. ამ თვალსაზრისით, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან დიდია.
„უნდა გაჩნდეს ერთიანობის ინსტრუმენტი. დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის მერობის საერთო კანდიდატი, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ სხვა ადამიანებს უკეთესი იდეები და არგუმენტები ექნებათ, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ. ჩვენ სხვა მოცემულობაზე გადავალთ. დღეს სალომე ზურაბიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ის დარჩა ლიდერებიდან პოლიტიკურ ასპარეზზე.
დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს [თუ თბილისში მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება], მაგრამ ეს მისი საქმეა, [მოიგებს] თუნდაც იმ პესიმისტურ მოცემულობაში, რომ არავინ ჩამოვა, დამკვირვებლები არ იქნებიან, რაღაც ბრუტალური კანონები მიიღეს. ყოველთვის არსებობს ზღვარი, რომლის იქით პრობლემებია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.