ლევან გაჩეჩილაძე 2011 წლის 26 მაისზე – ცემის მერე ვიყავი გათიშული, შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, უფროსი შვილი დაიჭირეს, დაიჭირეს ჩემი ძმა, ბიძინა გეგიძე ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე

ცემის მერე ვიყავი გათიშული. შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, უფროსი შვილი დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში. დაიჭირეს ჩემი ძმა. ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნულით მან გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენები.
„26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით. პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს და სადაც უნდოდათ დაღვრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე, ჩხუბის და ცემის მერე ვიყავი გათიშული, გაზებისგან და ცემისგან და ჩემმა ბიჭებმა მხატვრის სახლის ეზოში შემიყვანეს, იქ პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემიფარა თავის სარდაფში. მე ვერ მიპოვეს, ჩემ შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, ისიც და რამდენიმე ადამიანიც გვერდზე კორპუსში ოჯახმა შეიფარა. უფროსი შვილი, რომელმაც მოახერხა გარღვევა მხატვრის სახლის, დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს. დაიჭირეს ჩემი ძმა, დაიჭირეს ბიძინა გეგიძე, რომელსაც ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე, იქ, რომ არა ერთ-ერთი სასაფლაოს მომვლელი, იქიდან ვერც გამოვიდოდა. მეორეჯერ მკვდარს დაგაგდებთო, უთხრეს“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა იუსტიციის სახლის შექმნის მიზნებზეც. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლი შეიქმნა, იყო მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, იმისთვის, რომ ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ამუშავებდნენ.
„დაიწყეს არანორმალურად ბევრი დაჭერა, ხალხის ჩაგვრა, სასტიკად გასწორება, პირადი თუ ხელისუფლების მტრების. ჩემთან მოდიოდა ალბათ ათასობით, ათი ათასობით თუ არა, ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც თავის ისტორიას ჰყვებოდა და ეს იყო დაუმთავრებელი. პირდაპირ, თვითონ იძახდა, რომ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა და არავის არაფერი არ ეპატიება. „არავის არაფერი არ ეპატიება“ – პირდაპირ გადაიზარდა პირველ რიგში მთელი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვაში, ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი, აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ. აი, გეტყვით, რომ 100 ათასი კაცი რომ მოსულიყო მაშინ მიტინგზე, 100 ათასივე გმირი იყო და 100 ათას სურათს გადაიღებდნენ, რომ სცოდნოდათ ვინ დადიოდა, როგორ მოეშორებინათ სამსახურიდან, როგორ დაეჩაგრათ მათი შვილი, როგორ დაეტოვებინათ უფულოდ, რომ ის მეორედ მიტინგზე არ გამოსულიყო და თუ მეორეჯერ მოდიოდა, ან იტაცებდნენ ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ფული ჰქონდა და ძალიან სცემდნენ, ფულს ართმევდნენ და ტყეში აგდებდნენ, სასაკლაოზე, ასეთი ადამიანებიც არსებობდნენ და არსებობს დღესაც, ვახო ლაღიძე, გოგა ლომიძე, დათო უჯმაჯურიძე. დათო უკვე გარდაცვლილია, ცოცხალი აღარ არის. ყველა ოჯახმა იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, მათ უყურებენ, მათ უთვალთვალებენ, მათ უსმენენ და მათ ატერორებენ ამა თუ იმ ფორმით“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ამასთან, ლევან გაჩეჩილაძემ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზეც ისაუბრა.
“თვითონ ხელისუფლებაშიც მაგარი არეულობა იყო. ეტყობოდათ, რომ რესურსი მათ აღარ ჰქონდათ, იმიტომ, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა ჩვენს მერე 7 ნოემბერს და იმდენი ტყვია ისროლეს. რამდენიმე ადამიანს, ფეხიც კი მოაჭრეს – მე და გოგა ხაინდრავა მათ სანახავად ვიყავით საავადმყოფოში, რამდენიმე ახალგაზრდა ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ მათ ფეხი მოაჭრეს.” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.