4 ოქტომბერი არის საერთო სახალხო პროტესტის დღე – დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ხალხმა ძალაუფლება კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აიღოს საკუთარ ხელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს მხარდამჭერებსა და წევრებს, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
„4 ოქტომბერი არის საერთო სახალხო პროტესტის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში და დააფიქსირებს თავის დამოკიდებულებას იმ დიქტატორული რეჟიმის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არც პარლამენტი, არც კანონები, არც სასამართლო, აუქმებენ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ყველა დემოკრატიული ნიშანი ფაქტობრივად გაუქმებულია. საზოგადოებას არაფერი დარჩენია, თუ არა გამოვიდეს ქუჩაში. 4 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც ამ ე.წ არჩევნების, რუსული სპეცოპერაციის კვალდაკვალ გამოვა ქუჩაში და დააფიქსირებს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე დიქტატორულ რეჟიმთან მიმართებაში.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 4 ოქტომბერი არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული დღე. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიის წევრებს, როგორც ყველა საზოგადოების წევრი მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის საპროტესტო ღონისძიებაში, ასევე, ჩვენმა პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროტესტში და ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება. ქართველი ხალხის პროტესტი ჩვენ მიერ ასევე გაჟღერდება 4 ოქტომბრის საპროტესტო ღონისძიებაზე. მიზანი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი – დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ხალხმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში. როდესაც დიქტატორული რეჟიმი უგულებელყოფს ხალხის უფლებას არჩევნებზე, სასამართლოზე, როდესაც აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, კანონების მიღება ხდება იმის და მიხედვით „ქართულ ოცნებას“ რა პოლიტიკური ველის მოსუფთავება სჭირდება. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არ არსებობს კანონიერება, აქვთ ვალდებულებაც და უფლებაც, რომ გამოვიდნენ და თავისი პროტესტი დააფიქსირონ. 4 ოქტომბერს დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი არ იმსახურებს დიქტატორულ რეჟიმს!“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
