ლევან ბეჟაშვილი – ჩვენ მზად ვიყავით, დაგვეთმო სახელი, ნომერი, კვოტებიც და მინიმალურად მიგვეღო მონაწილეობა ერთიანი სიის ფორმირებაში, ოღონდ შემდგარიყო ერთიანობა

ჩვენ ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და როდესაც ეს ერთიანობა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო ვერ ხერხდება, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ვაჩვენოთ ეს ერთიანობა საზოგადოებასთან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ახალი პლატფორმის – „ერთიანობის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, დაეთმო სახელიც, ნომერიც და მინიმალური მონაწილეობა მიეღო ერთიანი სიის ფორმირებაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელის კორექტირება მოახდინა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურ სლოგანს ირჩევენ ესა თუ ის სუბიექტები. ერთიანობა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და როდესაც ეს ერთიანობა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო ვერ ხერხდება, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ვაჩვენოთ ეს ერთიანობა საზოგადოებასთან, ხალხთან.
ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ერთიანი პროპორციული სიის პირობებშიც კი, სახელიც დაგვეთმო, ნომერიც დაგვეთმო, კვოტებიც და მინიმალურად მიგვეღო მონაწილეობა ამ ერთიანი სიის ფორმირებაში, ოღონდ კი შემდგარიყო ეს ერთიანობა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
კითხვაზე, რომელ პარტიებზე საუბრობდა დეპუტატი, რომლის გამოც ერთიანობა ვერ შედგა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარტიები „ახალი“ და „ლელოა“. რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
„რამდენიმე დღის წინ, პარტია „ახალის“ ხელმძღვანელებმა, ასევე, „ლელოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ სურდათ და, ზოგადად, რამდენიმე პარტიასთან არ უნდოდათ ამ ერთობის გაფორმება, შესაბამისად, მათ მიაჩნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა მისცემდა ამომრჩეველს საშუალებას, რომ არჩევანის მრავალფეროვნებით ესარგებლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანება და სამწუხაროა, რომ „ახლებმა“ და „დროა-გირჩმა“ ვერ მოახერხეს „ლელოსთან“ მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.