ლევან ბეჟაშვილი – პარტიებთან ერთობის შეთავაზება კვლავ აქტუალურია და ძალაშია

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 8 ივლისს მოხდება პარტიის ყრილობის მოწვევა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული – თინათინ ბოკუჩავას კანდიდატურა დამტკიცდება პარტიის ყრილობის მიერ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. იმავდროულად იქნება პრეზენტაცია იმ სიახლეების, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა 4 ივლისს გამართულ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობაზე შეთავაზება პოლიტიკური პარტნიორებისათვის ოპოზიციური ველიდან რჩება და დარჩება მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების სიების წარდგენის ვადა არ ამოიწურება.
„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 8 ივლისს მოხდება პარტიის ყრილობის მოწვევა, ყრილობაში დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ყრილობაზე, ეს არის პარტიის თავმჯდომარის არჩევა – თინათინ ბოკუჩავას კანდიდატურა დამტკიცდება პარტიის ყრილობის მიერ, ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. იმავდროულად იქნება პრეზენტაცია იმ სიახლეების, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ერთობასთან დაკავშირებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ერთობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა, საუბარი იყო ერთიან სიაზეც, პარტიის ნომერზე, სახელწოდებაზე უარის თქმაზეც და ა.შ.
ერთობაზე შეთავაზება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებისათვის ოპოზიციური ველიდან რჩება და დარჩება მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების სიების წარდგენის ვადა არ ამოიწურება, თუმცა იმავდროულად ჩვენ ვერ გავჩერდებით, წინასაარჩევნო კამპანია უკვე მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენს ამომრჩევლებთან ურთიერთობა და კონტაქტი, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ სიახლე შევთავაზოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამიტომ ამ სიახლეების პრეზენტაცია და ცალკეული ელემენტები იქნება ყრილობაზე.
როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე, იცით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აქვს კავშირი „სტრატეგია აღმაშენებელთან,“ იმავდროულად, სხვა პარტიებთან მიმართებაში ეს შეთავაზება კვლავ აქტუალურია და ძალაშია, თუმცა ჩვენ ერთობას გავაფორმებთ საქართველოს ხალხთან, საზოგადოებასთან! ამ ერთობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც ხშირად შეიძლება ბევრად უფრო მეტი ელექტორალური წონა ჰქონდეს რომელიმე ზოგიერთ პარტიასთან მიმართებაში“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.