დღეს, ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის ისჯება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ დღეს აქ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობისთვის. ღრმა შეშფოთებით მოგმართავთ, რადგან თქვენს ყურადღებას ვამახვილებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობაზე. დღეს, ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს ისჯება საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის.
ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგო კომიტეტის ბოლო მოხსენებაში ხაზგასმულია მისი ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც კვლავ სერიოზული რისკის ქვეშ რჩება, მთავრობის მიერ სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის გამო. დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისადმი ჩვენი ერთგულების შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის სამიზნე არაერთხელ გახდა, როგორც ციხეში, ასევე სამედიცინო კლინიკაში ყოფნის დროს. ის სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას მოწამლეს.
მისი საქმის მიღმა, ვხედავთ დემოკრატიული ღირებულებების დაკნინებისა და სამართლებრივი სისტემების პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების საკითხს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მისი საქმე კრემლისადმი წინააღმდეგობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების შედეგია, რაც მას პუტინის პირად ტყვედ აქცევს.
ამ გადაუდებელი გარემოებების გათვალისწინებით, მე ვეკითხები კომიტეტს: როგორ აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და რა ქმედებები შეიძლება განხორციელდეს სამართლიანობის დასამყარებლად და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად?
მოდით, ჩვენი ხმები გავაერთიანოთ სამართლიანობის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.