საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირადი ინიციატივით განსაკუთრებული მიმართვით უერთდება კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, სწორედ ის, რომ დღეს ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს.
ბეჟაშვილის შეფასებით, სააკაშვილს კიდევ უფრო მეტი შეეძლო ამ გზაზე გაეკეთებინა, რომ არა პატიმრობა.
„ამ ღონისძიებით საქართველოს საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, არასამთავრობო სექტორმა, ყველამ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ საქართველო არის ერთიანი ამ მოთხოვნაში და ყველა წინაღობის მიუხედავად, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ქართველი ხალხი, გეოპოლიტიკური ვითარება ამას იმსახურებს. შესაბამისად, ჩვენც ბუნებრივია მონაწილეობას ვიღებთ ამ ღონისძიებაში, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებული მიმართვით უერთდება ამ ხელმოწერას თავისი პირადი ინიციატივით. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ინიციატივა ცალკეული სუბიექტის მიერ არ გაჟღერებულა, რადგან მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა სწორედ ის, რომ დღეს ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და კიდევ უფრო მეტი შეეძლო მას ამ გზაზე გაეკეთებინა, რომ არა პუტინის პატიმრობა და რომ არა რუსული რეჟიმის პატიმრობა“ , – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.