ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ

ჩვენ არ უნდა დავპანიკდეთ, ნიჰილიზმში არ უნდა გადავვარდეთ, ბრძოლა გრძელდება! ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს. 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს სუს-თან განუცხადა, სადაც იმყოფება დაკავებული პოლიტიკოსი, .
მისი თქმით, ბრალი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს წარუდგინეს, აბსოლუტურად აბსურდულია.
„ლევან ხაბეიშვილს ედავებიან თვე ნახევრის წინ საკაროდ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელი, თუ არ დაარღვევს კანონს, უკანონო ბრძანებას არ შეასრულებს და არ აღმართავს ხელს მშვიდობიან მომიტინგეებზე, თითოეული მათგანი დაჯილდოვდება 200 000 დოლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სწორედ ამ განცხადების გამო ხდება დღეს სისხლის სამართლის საქმის შეთითხნა და ქრთამის მიცემის ბრალდების შეკერვა. იურიდიულ საზოგადოებაში ეს ინფორმაციები სასაცილოდაც კი არ ჟღერს. გასაგებია, რომ მდინარაძე მოვიდა სწორედ იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკური დაკვეთები შეასრულოს. აღსანიშნავია,რომ თვე ნახევრის განმავლობაში ამ საკითხზე არცერთი კითხვა, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და სწორედ მდინარაძის დანიშვნის მერე მოხდა ამ მოქმედებების დაწყება. ესეც მაგალითია იმისა, თუ როგორი შეთითხნილია პოლიტიკურად. სავარაუდოდ, დღესვე იქნება სასამართლო პროცესი, მაგრამ ცხადი და ერთმნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ არ უნდა დავპანიკდეთ, ნიჰილიზმში არ უნდა გადავვარდეთ, ბრძოლა გრძელდება! ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უკანონო მმართველობა უნდა დასრულდეს“.
„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორეა, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. როგორც უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.
ლევან ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას გულისხმობს, და საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით წარედგინა, რომელიც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყება ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.