ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ წავიდნენ.
„4 ოქტომბერი არის მორიგი რუსული სპეცოპერაციის დღე, როდესაც „ქართულ ოცნებას” რამენაირად სჭირდება ლეგიტიმაციის მოპოვება საზოგადოების შიგნით და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანაში რაიმე სახის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“. ყველა ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეებიც უნდა დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა ივანიშვილის ამ თამაშში მონაწილეობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს, 4 ოქტომბერს, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღონ. თავად უბნის ტერიტორიაზე შესვლაც კი, ზღურბლის გადაბიჯება ნიშნავს ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას, არ უნდა მივცეთ რეჟიმს ამის საშუალება და ამის ფუფუნება. არის მოსაზრება, რომ მივალთ და ყველას გადავხაზავთ, ან ის, რომ ოპოზიციური ხმები არ უნდა დაიკარგოს. არ არსებობს არჩევნები, არ არსებობს ოპოზიციური ხმები. არჩევნების შედეგები წინასწარ განსაზღვრულია. ამიტომ, ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა მოქალაქემ არ უნდა მიიღოს. ყველას მოვუწოდებთ, არ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბნებზე“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს.
„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი. დავასრულოთ ხალხის ხარჯზე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება. უნდა დავასრულოთ ქვეყანაში კორუფცია, შემოვაბრუნოთ ევროპისკენ და ქართველი ხალხის გამარჯვების დღედ ვაქციოთ 4 ოქტომბერი“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.
