“ახლა რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას:
ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების დაყოფა პირობითად შეიძლება სამ კატეგორიად:
1. სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად უნდა ესწრებოდნენ ფიცის დადების ცერემონიალს (აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, კონგრესის წევრები და ა.შ.);
2. VIP მოსაწვევის მფლობელები;
3. კონგრესმენების მიერ მიწვეული სტუმრები.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.
კონგრესმენებს მოსაწვევებს „ინაუგურაციის ცერემონიების საკითხებზე მომუშავე კონგრესის გაერთიანებული კომიტეტი“ (JCCIC) ურიგებს. წელს დარიგებულია 220 ათასი მოსაწვევი-ბილეთი, რომელიც კონგრესმენებს შეუძლიათ უფასოდ გადასცენ საკუთარ ამომრჩევლებს. ზოგი კანონმდებელი ამას გათამაშების ფორმას აძლევს.
თითოეული ასეთი ბილეთი კონკრეტულ პირზეა ავტორიზებული და მისი მფლობელის შეცვლა არ შეიძლება.
ასეთი მოსაწვევები გასაყიდი არაა, თუმცა შავ ბაზარზე, არალეგალურად მაინც იყიდება ხოლმე. ამას ძირითადად თაღლითები აკეთებენ, და ასეთი ნაყიდი ბილეთი არ იძლევა გარანტიას, რომ მისი მფლობელი ინაუგურაციას დაესწრება.
ასევე, კონგრესმენებს აქვთ უფლება თავად მიიწვიონ სტუმრები. ასეა წელს ჯო იულსონის მიერ მიწვეული სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება VIP მოსაწვევებს, მათ ასევე არიგებს JCCIC.
JCCIC ასევე პასუხისმგებელია საინაუგურაციო ღონისძიებების ხარჯების შეგროვებაზე. ვარაუდობენ, რომ წელს შეგროვდება 200 მილიონი დოლარი.
ინაუგურაციაზე მოსაწვევების დარიგებისას JCCIC-ს შეუძლია არ გაითვალისწინოს შემოწირულობის ოდენობა. ანუ, შეიძლება 1 მილიონი დოლარი გადარიცხო, მაგრამ მოსაწვევი არ მიიღო.
წელს VIP მოსაწვევების მფლობელებს შორის ძალიან ბევრი მილიარდერი იქნება.
განსაკუთრებული ადგილი ექნებათ მსოფლიოში სამ ყველაზე მდიდარ ადამიანს – ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსს და მარკ ცუკერბერგს. ისინი ერთად დასხდებიან.
ტრამპის ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორიცაა Apple, Google, OpenAI, Uber და TikTok.
რაც შეეხება უცხოელ ლიდერებს, მათ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, როგორც წესი, არ იწვევენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც 1874 წლიდან აწარმოებს აღრიცხვას, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არც ერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია.
ტრამპი ამ ტრადიციას არღვევს. მან უკვე მიიწვია ინაუგურაციაზე:
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი;
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი;
ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა;
სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.
ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან უარი თქვა, თუმცა ვაშინგტონში 20 იანვარს იქნება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი.
ასევე, ტრამპმა დაპატიჟა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, თუმცა ის არ ჩავა ვაშინგტონში. ოფიციალური მიზეზი – სხვა ღონისძიებაზე დასწრება.
მიწვეული იყო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, თუმცა სასამართლომ მას ნებართვა არ მისცა.
ტრამპის ინაუგურაციაზე ასევე მიიპატიჟეს არაერთი მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი. მათ შორის:
• ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი;
• ფრანგი ერიკ ზემური;
• პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიცის დადებით.
გაიმართება ასევე საინაუგურაციო აღლუმი, რომელზეც დასწრება, როგორც წესი, ყველას შეუძლია და უფასოა.
გაიმართება ორი წვეულება – ოფიციალური და არაოფიციალური, რომელზეც დასასწრები ბილეთებიც იყიდება.
ოფიციალურ წვეულებაზე ბილეთებს „ინაუგურაციის ცერემონიების საკითხებზე მომუშავე კონგრესის გაერთიანებული კომიტეტი“ გასცემს.
ცნობისთვის, უამინდობის გამო წელს ინაუგურაცია კონგრესის შენობაში გაიმართება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლევან ახალაია.