ლევან ალაფიშვილი – „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, უკვე ვიცით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ, თავის დროზე სახელმწიფო ინსპექციის სამსახური, შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა.
მართალია, მას თავიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ერქვა და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ, შემდეგ ამ სტრუქტურას ფუნქციები გაეზარდა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სამსახურის პროკურატურასთან შეერთების გადაწყვეტილებას? სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი?
– ალბათ, ნიშანდობლივია როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება. ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას – პირველი- ევროპასთან გაუარესებული მდგომარეობა, და მეორე – 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, სამართალდამცავთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების გამოძიება რომ არის დღის წესრიგში და არ არის გამოძიებული.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლება ამ საკითხს იმთავითვე თავმოწონების საკითხად განიხილავდა. მახსოვს იმდროინდელი არგუმენტები, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაანგრიეს, სუბიექტური მოსაზრებების გამო ლონდა თოლორაიას რომ სახლში გაეშვათ, მაშინ ხელისუფლება ამბობდა – სტრუქტურას ვაძლიერებთ, ცალკე ვქმნით საგამოძიებო სამსახურსო. თუმცა, შემდეგ ეს სტრუქტურა დაკომპლექტდა ისევ პროკურატურის კადრებით.
შესაძლოა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართლებრივი შინაარსი კარგი ჰქონდა, მაგრამ, რეალურად არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვინახავს არა ერთი ფაქტი, რომელიც უნდა გამოეძიათ, მაგრამ ისინი თაროზე იქნა შემოდებული. ძნელად შეიძლება ისეთი საქმის გახსენება, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ღირსეულად და წარმატებით გამოიძია.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართლებრივი შინაარსი კარგი ჰქონდა, მაგრამ, რეალურად არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვინახავს არა ერთი ფაქტი, რომელიც უნდა გამოეძიათ, მაგრამ ისინი თაროზე იქნა შემოდებული. ძნელად შეიძლება ისეთი საქმის გახსენება, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ღირსეულად და წარმატებით გამოიძია
ამიტომ, ამ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით რეზიუმირებულად ვთქვათ – „ფორმალური მმართველობა“ ამ ინსტიტუტში ერთი იყო ქაღალდზე, ხოლო მეორე ის იყო თუ არა იგი თავისუფალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან გარე ჩარევებისგან.
– ახლა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და აქტუალური თემაა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მიუსვლელობის გამო სასამართლოში მიმდინარე პროცესები. უკვე დაკავებულია ირაკლი ოქუაშვილი. ამავე თემაზე სასამართლოში განიხილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ზურაბ ჯაფარიძის, სა და ს საქმეები. ბევრის მტკიცებით არაა გამორიცხული ჯერ ზურაბ ჯაფარიძისთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ხოლო შემდეგ ასეთივე ბედი ეწიოთ სხვა დანარჩენებს.
იურისტთა ნაწილის მტკიცებით არა მარტო სასამართლოს გადაწყვეტილებაა უსამართლო, არამედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაც არაკანონიერად მიიჩნევა. ამ თემაზე რისი თქმა შეიძლება?
– აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია და შევეცდები თქვენი საშუალებით მივაწვდინო ხმა ერთი მხრივ სასამართლოსა და მოსამართლეებს, ხოლო მეორე მხრივ დაინტერესებულ საზოგადოებასა და იმ ადამიანებს, რომლებსაც იგი ეხებათ.
პირველი გახლავთ ის, რომ კონსტიტუციური საკითხია – მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ, საერთაშორისო აქტებით არის დაცული ადამიანის უფლება. იურიდიულად ეს ნიშნავს იმას, რომ – ადამიანს აქვს უფლება არ ამხილოს საკუთარი თავი. ანუ, საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. ეს ჩვენთან საპროცესო კანონმდებლობაშიც წერია, კონსტიტუციაშიც და საერთაშორისო აქტებშიც.
თავის თავად ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მას შეუძლია არ მივიდეს საგამოძიებო ორგანოსთან და იქ თქვას – არ გაძლევთ ჩვენებას, არამედ, ეს თავის თავადაც მოიცავს ადამიანის უფლებას გამოძიების ორგანოში არ მივიდეს, თუ მას იძახებენ ისეთ საქმეზე, რომელზეც მას შესაძლოა, მოუწიოს პასუხების გაცემა მის წინააღმდეგ დასმულ კითხვებზე, რაც მას შემდეგ ბრალად შეიძლება წარედგინოს.
მე დეტალურად არ შეუდგები ამის განხილვას, მაგრამ იგივე ხაზარაძესთან მიმართებაში მაგალითს მოვიყვან. სანამ ხაზარაძეს საპარლამენტო კომისიაზე გამოიძახებდნენ, კომისიაზე იყო მიწვეული ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის საქმე პროკურატურას არ გამოუძიებია. თავად მან თქვა – ამ საქმეზე პროკურატურას კი მივმართე, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ არაფერი გამოუძიებიათო. საუბარია იმაზე, რომ მას აქვს პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელიც მას წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა. იმავე კომისიაზე მან დაასახელა ხაზარაძე.
ხაზარაძეს, კომისიაზე რომ მისულიყო, როგორც მინიმუმ მოუწევდა ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. არადა, მას კანონმდებლობით ასეთი ვალდებულება არ აქვს.
ეს ისეთი კონსტიტუციურ – სამართლებრივი საკითხია, საუბარია საკუთარი თავის წინააღმდეგ არა თუ არ მისცე ჩვენება, არამედ არც მივიდეს, აქ ძნელია სასამართლომ რაიმე ხელმოსაკიდი იპოვოს გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.
ხაზარაძის საქმე და ყველა დანარჩენების საქმეები, იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, თუკი სტრასბურგის სასამართლოში წავა, საქართველოს წინააღმდეგ მორიგი გამამტყუნებელი განაჩენების სერიას ვიხილავთ.
ეს ისეთი კონსტიტუციურ – სამართლებრივი საკითხია, საუბარია საკუთარი თავის წინააღმდეგ არა თუ არ მისცე ჩვენება, არამედ არც მივიდეს, აქ ძნელია სასამართლომ რაიმე ხელმოსაკიდი იპოვოს გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად
იმ ფორმით, როგორც წარმართავს ამ საქმეებზე საქმეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ვგულისხმობ მის შემადგენლობას და კომპეტენციას, ეს თემები ჩვენი კონსტიტუციის მიღმაც კია. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობა აშკარად საქართველოს კონსტიტუციის მიღმაა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია არ არის მიმდინარე გამოძიებების ხელახლა გამოძიება. კომისია ამბობს, რომ ისინი გამოძიებას იწყებენ 2003 წლიდან. რატომ 2003 წლიდან, რა 2003 წლამდე სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იყო?
ნებისმიერი სასამართლოსთვის, მით უმეტეს სტრასბურგის სასამართლოსთვის პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა, პოლიტიკური ნიშნით წარმართული პროცესებია.
– სახელისუფლებო გუნდმა მიიღო ცვლილებები კანონში „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, რომელიც გაუმარტივებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის შესახებ.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამზადებს საფუძველს, რომ შემდეგ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის შესახებ.
თქვენი დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რა გავლენას იქონიებს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესზე?
– ეს არ არის დემოკრატიული თვალსაზრისით სწორი გზა. როცა საუბარია პარტიის აკრძალვაზე, უნდა გაიაზრო რა არის პარტია? პარტია ხომ მხოლოდ შენობა არაა, არის ადამიანთა ერთობა. სასამართლომ, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ რომ აკრძალოს პარტია, ამ პარტიის წევრებს რას უშვრებიან? მათ ხომ სხვა პარტიაში გაწევრიანების უფლება მაინც ექნებათ და ამას მათ ვერ აუკრძალავენ?
მაგალითად, ვთქვათ, პარტია „თეთრებს“ ჰყავთ 5 ათასი წევრი, საკონსტიტუციო სასამართლო ამ პარტიის 5 ათასივე წევრს ხომ ვერ აუკრძალავს ახალი პარტიის შექმნას? ან სხვა პარტიებს ხომ ვერ აუკრძალავენ ეს ხალხი სხვა პარტიაში მიიღონ?
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სასაცილოცაა და ფუჭიც. ეს ყველაფერი „ტომი და ჯერის“ დაემსგავსება თუკი ხელისუფლებამ ასეთი სულელური გზა აირჩია მათთვის არასასურველი პარტიის წინააღმდეგ.
იმედი მაქვს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხში ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოც არ აჰყვება და დადგება კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე და არ მიიღებს მორიგ პოლიტიკურ გადაწყეტილებას.
იმედი მაქვს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხში ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოც არ აჰყვება და დადგება კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე და არ მიიღებს მორიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
პარტიის აკრძალვისთვის, გნებავთ ევროპული გამოცდილება აიღეთ, ამისთვის საკმაოდ რთული და მკაცრი პირობებია. ახლახან გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იქნა მიღებული ზომები. გერმანიაში ეს პარტია კი არ აიკრძალა, მას ექსტრემისტული პარტიის სტატუსი განესაზღვრა, რაც სახელმწიფოს ცოტა მეტ ბერკეტებს აძლევს აკონტროლოს ამ პარტიული გაერთიანების საქმიანობა.
ასე რომ, ამ საკითხში ევროპული მაგალითი გასათვალისწინებელია.
– 31 მაისს ამოქმედდება პარლამენტის მიერ მიღებული “Fara”-ს კანონი. ვის შეეხება და რამდენად შეიძლება წაადგეს ამ კანონის ამოქმედება „ქართულ დემოკრატიას“?
– ამ კითხვაზე პასუხი გაცემა იუმორით უნდა დავიწყო. ეს არის ის საკითხი, რომელშიც ამერიკასაც კი გავისწარით. ამერიკას ერთი Fara”-ს კანონი აქვს, ჩვენ კი უკვე Fara”-ს ორი კანონი გვაქვს.
გემახსოვრებათ, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი რომ მიიღო, მაგრამ, ვერ აამოქმედა, რადგან იგი იმთავითვე მკვდრადშობილი კანონი იყო. ასე იყო იმის გამო რომ ამ კანონისთვის სამოქალაქო სექტორი მომზადებული აღმოჩნდა. ეს რომ გააკეთეს, შემდეგ პოლიტიკური შეფუთვით შემოიტანეს Fara”-ს მეორე კანონი. ხედავთ როგორ წინა ვართ ამერიკაზე?
სინამდვილეში, Fara”-ს კანონის ამოქმედებაც წარუმატებლობისთვისაა განწირული. როგორ წინა პასუხზე მსჯელობისას აღვნიშნე, პარტიები ხომ ადამიანების გაერთიანებაა. ადამიანებს შესაძლოა იარლიყები მიკერო, მაგრამ, საქმიანობას ვერ აუკრძალავ. საბჭოთა წყობილების დაბრუნება რუსეთშიც კი შეუძლებელია. საბჭოთა კავშირი რუსეთში და ბელორუსში ვერ აღდგა და საქართველოს, რომელსაც დემოკრატიის უფრო ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა, სსრკ-ს მმართველობის აღდგენის მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.
საბჭოთა კავშირი რუსეთში და ბელორუსში ვერ აღდგა და საქართველოს, რომელსაც დემოკრატიის უფრო ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა, სსრკ-ს მმართველობის აღდგენის მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული
ხელისუფლების თავდასხმები პარტიებზე, არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე, დასავლურ დახმარებებზე იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალის მიზანი ქვეყანაში დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოო განადგურებაა.
მაგრამ, ეს ინსტიტუტები, ისევე როგორც ხელისუფლება, „დემოსის“, ანუ ხალხის გარეშე არ არსებობს. „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა პრინციპული, პასუხისმგებლობიანი, დემოკრატიული იდეების მატარებელი მოქალაქეები არიან და არა მოქალაქეთა ინსტიტუციური გაერთიანებები.
„ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა პრინციპული, პასუხისმგებლობიანი, დემოკრატიული იდეების მატარებელი მოქალაქეები არიან და არა მოქალაქეთა ინსტიტუციური გაერთიანებები
თუ ქვეყანაში ამგვარი ფასეულობების ადამიანები არსებობენ, იქ შეუძლებელია დემოკრატიის დამარცხება.
– ცნობილია, რომ დაზვერვის სამსახური გაუქმდება და სუს-ს შეერწყმება.
არადა, თავის დროზე დაზვერვის სამსახურის სუს-გან გამოყოფა და ცალკე სამსახურად ჩამოყალიბება ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის რომ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, ასე მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობს იმ საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანას, რაც მას ევროკავშირს აახლოებს?
– ამ თემას საფუძვლიანი მსჯელობა სჭირდება და არ არის ასე იოლად გასატარებელი. „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უამრავი ფუნქციითაა აღჭურვილი -გამოძიება, ოპერატიული სამსახური, მოსმენები, სპეციალური შეიარაღებული ფორმირებების ყოლა, კონტრდაზვერვა მის დაქვემდებარებაშია, ასვე საზღვარი. ანუ ყველა ძალოვანი უწყება, და რაც მთავარია ფარული მოქმედების ფუნქცია, რომლის განხორციელების უფლება მას აქვს.
თუ სუს-ს დაზვერვა შეუერთდა ქვეყანა ინსტიტუციურად დაზარალდება. ასეა, რადგან დაზვერვის ფუნქცია სულ სხვაა, ვიდრე კონტრდაზვერვის ფუნქცია
ჩვენი დასავლელი პარტნიორები დიდი ხანია გვეუბნებოდნენ, ამ პროცესში მეც გარკვეულ წილად ვიყავი ჩართული, ერთი კვლევა მაქვს ჩატარებული, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ სახელმწიფო უწყებებში ფუნქციების გაყოფა. ამაზე საუბარი 2014 წლიდან მიდიოდა. სუს-ი რომ -ს შემადგენლობაში იყო, მაშინ მინისტრი ლევან იზორია ამბობდა, რომ დაიწყებოდა ფუნქციათა გაყოფის პროცესი, მაგრამ ყველაფერი ისე დარჩა როგორც იყო.
არა თუ გამოჰყვეს. არამედ მაშინ სტრუქტურა შეინარჩუნეს, გააძლიერეს და ახლა უკვე სუს-ში დაზვერვის ფუნქციასაც აქეთ ექაჩებიან. ხდება სრული კონსოლიდაცია და მე არ გამოვრიცხავ ეს ხდებოდეს შსს მინისტრის ინსტიტუციურად დასაბალანსებლად. ანუ, შსს იყო ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციურად, მინისტრი გომელაური მმართველი გუნდის წიაღიდან წამოსული კადრია. თუ სუს დაზვერვა შეურთდა ქვეყანა ინსტიტუციურად დაზარალდება. ასეა, რადგან დაზვერვის ფუნქცია სულ სხვაა, ვიდრე კონტრდაზვერვის ფუნქცია.
ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტზე დემოკრატიული და ეფექტური საპარლამენტო კონტროლი უბრალოდ არ არსებობს. თუ ამას იმას დავუმატებთ, რომ იგი პარტიულ ინსტიტუტად იქცა, ამხელა მონსტრის ერთ უწყებად გადაქცევა ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება თუ მისი საქმიანობის საიდუმლოებიდან გამომდინარე, დიდი საფრთხეების მატარებელიცაა
დაზვერვა ნიშნავს საქართველოსთვის საფრთხეების გამოვლენას და იდენტიფიცირებას და რეაგირებისთვის შესაბამისი პოლიტიკური თუ სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას. დაზვერვას თავისი ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე მოქმედების არეალი ქვეყნის გარეთ აქვს. კონტრდაზვერვის ფუნქციაა ქვეყნის შიგნით მოქმედი დაზვერვის სამსახურების საქმიანობის გამოვლენა, ანუ კონტრდაზვერვა სუს-ია.
ეს ყველაფერი რომ ერთად გაერთიანდება, გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს განსხვავებული ფუნქციების სტრუქტურების კონტროლი და ისინი ვინ უნდა გააკონტროლოს?
ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტზე დემოკრატიული და ეფექტური საპარლამენტო კონტროლი უბრალოდ არ არსებობს. თუ ამას იმას დავუმატებთ, რომ იგი პარტიულ ინსტიტუტად იქცა, ამხელა მონსტრის ერთ უწყებად გადაქცევა ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება თუ მისი საქმიანობის საიდუმლოებიდან გამომდინარე, დიდი საფრთხეების მატარებელიცაა.
დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ძალიან კარგი დაზვერვის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის ჩამოცილების პოლიტიკას ატარებდა, დაზვერვის სამსახურს, ფუნქციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და პოზიტიური კონტაქტები ჰქონდა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან.
ამ გადაწყვეტილებით, სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი გადაიხედება. არადა, არაა გამორიცხული ეს კონტაქტები და აქტიური თანამშრომლობა „ქართულმა ოცნებამ“ ქარს გაატაროს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი