არჩევნების თემაზე სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, მოთხოვნის არჩევნებისას დარღვევების საერთაშორისო ეგიდით შესწავლის პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი” იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, არჩევნების შემდეგ პროცესმა სასამართლოებში გადაინაცვლა და შესაბამისად, ახლა ყველაზე აქტუალური სასამართლოებში არჩევნების შედეგების განხილვის თემებია.
ჯერ იყო თეთრიწყაროს მოსამართლე ხუჭუამ გააკვირვა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, როცა არჩევნების ფარულად ჩატარება თეთრიწყაროს რაიონის ორ უბანზე დაადგინა. შემდეგ, ვნახეთ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში გამართული პროცესები. ის რაც მოსამართლე ხუჭუამ თეთრიწყაროში დაადგინა, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა უარყვეს.
მოდით, ზოგადად შევაფასოთ სასამართლოებში გადატანილი დავები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ის, ამ დავებმა რა გვანახა?
– ალბათ სწორი ვიქნები, თუ ამ თემაზე მსჯელობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საუბრით დავიწყებ. შინაარსში არ და ვერ შევალ, რადგან ამას აზრი არ აქვს, რადგან, თავად პროცესი იმდენად აშკარად შეუსაბამო იყო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობაზე საუბარი ძალიან გაუჭირდება ყველას.
მხედველობაში მაქვს განხილვის ხანგრძლივობა და პროცედურა, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლება. განხილვის მხოლოდ შინაარსობრივი საკითხი არ არის სადავო…
– 22 საათი გრძელდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვა. ასეთი შემთხვევა საერთოდ ახსოვს ქართულ სასამართლოს?
– არა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. მე ვარ მომსწრე 2003 წლის არჩევნების გაპროტესტების. მაშინაც ხანგძლივი პროცესები იყო სასამართლოებში, მაგრამ, მაშინდელ პროცესებთან ეს პროცესები ვერც მივა, რადგან მაშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიულეტენების გადათვლა დაადგინა და გადათვალა კიდეც. ასევე უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ბიულეტენების გადათვლა. ამდენი დრო ბიულეტენების გადათვლას არ დასჭირვებია.
ახლა იმის თქმა შეიძლება, რომ სასამართლოების მენეჯმენტებმა არასწორი, გადაწყვეტილების, ვფიქრობ, საეჭვო დასაბუთება გაცნობიერებულად მიიღო. მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ სწორად მახსოვს სააპელაციო სასამართლომ განხილვისთვის 26 საქმე ერთ საქმეში გააერთიანა. ასეთი რამ არ შეიძლება. ეს ისეთი ნონსენსია, რომელსაც სამართლის თეორიაშიც და პრაქტიკაშიც ძნელად თუ მოეძებნება.
26-ვე სარჩელზე დაირღვა სამართლიანი სასამართლოსა და პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან 22 საათის განმავლობაში ერთი საქმის მონაწილეები სხვა საქმეების განხილვას ელოდებოდნენ და სასამართლოში უნდა ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე მართლმსაჯულების ხარისხი მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად მივიღეთ ფორმალური შოუ სასამართლოს დარბაზებში. ის პროცესი, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 საქმის, ანუ სარჩელის განხილვაზე, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 26 სარჩელის განხილვა 22 საათშია შესაძლებელი. ამის შემდეგ 26 საქმეზე გადაწყვეტილება 2 საათში იქნა გამოტანილი. ეს ყველაფერი, ყველაფერს გასაგებსა და იმავდროულად უცნაურსაც კი ხდის.
აღარაფერს ვამბობ, იმ ფორმალურ ე.წ. ექსპერიმენტზე, რომლითაც უნდოდათ გადაეფარათ თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი. ვფიქრობ, რომ სასამართლო ხელისუფლებას თეთრიწყაროს სასამართლოს შემთხვევის გადაფარვა არ გამოუვიდა. ამაზე მეტყველებს ამ გადაწყვეტილებებზე მოქალაქეების დამოკიდებულება.
– სარჩელების გაერთიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ, მაგრამ, ამ თემაზე თქვენი აზრი როგორია…
– სააპელაციო სასამართლოს მენეჯმენტი რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში რამდენიმე კოლეგიის მონაწილეობა დასჭირდებოდა. ასეთი პრაქტიკას ადგილი ჰქონდა 2003 წელს, როცა არა ერთი სარჩელი იყო. რამდენიმე მოსამართლეს დაეწერა სარჩელების განხილვა.
ამ რამდენიმე საქმეში რომელიმე მოსამართლეს რომ განსხვავებული აზრი დაეწერა, ასეთი შემთხვევები ადრე ყოფილა. 2014 წელს ასეთ სარჩელზე განსხვავებული აზრი დაწერა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ. სასამართლო სისტემამ ნათია გუჯაბიძე სისტემიდან განდევნა და ახლა იგი დევნილად აშშ-ში ცხოვრობს. განსხვავებული აზრის შემთხვევები გვქონდა ანალოგიური საქმეების 2003 წელს განხილვისას. ამჯერად არც ერთ სააპელაციო სასამართლოში განსხვავებული აზრი, ვინც პროცესში მონაწილეობდა არ ჰქონია.
განსხვავებული აზრის დაფიქსირება იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში შესაძლებელია სამართლებრივად მოიძებნოს ობიექტურად საღი აზრი, მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფში კი.
შესაძლოა, ამ კოლეგიებში კუნთების თამაშით არ გადაეწყვიტათ საქმე, კენჭისყრით მიეღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ, სააპელაციო სასამართლოს რომელიმე მოსამართლის განსხვავებული აზრი ფასეული იქნებოდა. რადგან სტრასბურგის სასამართლოში განსხვავებულ აზრებსაც განიხილავენ.
– თბილისის სააპელაციო სასამართლოში რომ 26 საქმე ერთმა კოლეგიამ განიხილა, იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეთა კორპუსში კიდევ აღმოჩნდებოდნენ ნათია გუჯაბიძეები?
– დიახ, რა თქმა უნდა. ნათია გუჯაბიძე, ან გუჯაბიძეები. დღევანდელი გაგებით, ხუჭუეები. 2014 წელს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის პრეცედენტი და განსხვავებული აზრის სისწორე მაშინ დადასტურდა, როცა მან შემდგომ თავისი განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
გუჯაბიძის განსაკუთრებული აზრი შეეხებოდა ადგილობრივ არჩევნებში მოქალაქის ცხოვრების წესს, რომლითაც საქართველოში 2 წლის მცხოვრებ მოქალაქეს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენი კონსტიტუციით ეს არ შეიძლებაო. მისი ორი კოლეგა მოსამართლე მის ამ პოზიციას არ დაეთანხმა.
მან ეს საქმე წაიღო სტრასბურგში და მოიგო კიდეც.
– არანაკლებ საინტერესო იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნებში ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტებზე შეტანილი სარჩელის განხილვა და არდაკმაყოფილება. ახლა ვიცით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი ხობის საკრებულოში. დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირია ამა თუ იმ პარტიის ყოფილი დეპუტატები შემდეგ მოსამართლეები რომ ხდებიან?
– ეს ის შემთხვევაა, როცა გვიწევს განსხვავებულ სამართლებრივ და კულტურაზე საუბარი. მოსამართლის პროფესიული კარიერა როგორც წესი ვიდრე ის სასამართლო სისტემაშია, პოლიტიკაში მის მონაწილეობაზე არაა დამოკიდებული. იქ მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის პარალელურად ეწევიან სამეცნიერო საქმიანობას. პირადად მე, რაც შემხვედრია უმეტესად ასეთი პრაქტიკის ბევრი შემთხვევა ვიცი.
სამწუხაროდ, ჩვენთან პრაქტიკა განსხვავებულია და ამიტომ არა ერთი მოსამართლე გვყავს, ახალიც, ძველიც, რაც მათ პოლიტიკურ ლოიალობასთან დაკავშირებით ბევრ საფუძვლიან კითხვებს წარმოშობს ხოლმე. ვიმეორებ, ასეთი მოსამართლეები გვყოლია ადრეც და სამწუხაროდ, ახლაც გვყავს.
დასავლეთში მოსამართლეები კარიერას სასამართლო სისტემაში იკეთებენ. ვერ ნახავთ შემთხვევას, როცა ადამიანი ჯერ პოლიტიკური პირი იყო და მერე სასამართლო სისტემაში წავიდა იქ გაიკეთა კარიერა, ასეთი შემთხვევა არ შემხვედრია.
კარგი იქნებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ მცირედი კითხვის ნიშანი არ ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების და სასამართლოს მინიმალური ამოცანა იყო არც ერთ შემთხვევაში არ დაეშვათ სასამართლოს გზით არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი მგრძნობიარე საკითხის რევიზიაც კი.
ქუთაისის გარდა მნიშვნელოვანი იყო გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთ უწყინარ საკითხს ეხებოდა, როგორც რამდენიმე ოლქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლას. გორის სასამართლომ ესეც კი არ დაუშვა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, სასამართლო სისტემამ ესეც არ დაუშვა.
აღარაფერს ვამბობ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ე.წ. ჩეკების გადათვლას და გადამოწმებას. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის და მისდამი დაქვემდებარებული სასამართლოსთვის და მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანებისთვის პრინციპულია რომ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ნებისმიერ ფასად იყოს შენარჩუნებული. რაც გააფორმეს, ახლა იყოს უდავო, ოღონდ, ვისთვის იყოს „უდავო,“ ესაა საინტერესო, რადგან ეს მონაცემები ბევრისთვის სადავოა.
არჩევნების შემდგომ პოლიტიკური პროცესი და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა და არჩევნების „სამართლიანად და თავისუფლად წარმოჩენა“ ძალიან გაუჭირდება, რადგან ეს მონაცემები უკვე სადავოა. სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური პროცესი ამას აჩვენებს.
– როგორც ვხედავთ, არჩევნების გასაჩივრების ლეგიტიმური შესაძლებლობები ამოწურულია, თუმცა, ვხედავთ იმასაც, რომ ეს პროცესები გრძელდება. ოპოზიცია არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ჩვენმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ თემაზე გამოძიება აქვს დაწყებული. პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მისულმა პირებმა თქვეს, რომ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული არა დარღვევების გამოსაძიებლად, არამედ არ გამოსაძიებლად. არჩევნების გამოძიებას ითხოვენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც. არჩევნების პოლიტიკურ ნაწილს არ ვეხები, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დიდ სამართლებრივ გაუგებრობაში ვართ. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
– მას შემდეგ რაც შეჯამდება არჩევნების შედეგები, ქვეყნის შიგნით ამ თემებზე დავები სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში შეიძლება გაგრძელდეს. ეს საკითხები შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საქმე გახდეს.
რაც შეეხება გამოძიებას, ამის პრეცედენტი საქართველოში გვაქვს. 2004 წელის სარჩელი იყო პროპორციული არჩევნების შეჯამების თემაზე. მაშინ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა საარჩევნო უფლების. ეს ერთადერთი პრეცედენტია საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით. ამ თემაზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2008 წელს გამოაცხადა. მაშინ სარჩელი ლეიბორისტულ პარტიას სასამართლოს ჰქონდა შეტანილი.
– რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას, ასეთი პერსპექტივა რამდენად რეალისტურად გამოიყურება?
– რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე გამოძიების დაწყებას. საუბარი არ არის იმაზე, ვინმემ სისხლის სამართალი ჩაიდინა თუ არა. საუბარია არა გამოძიების, არამედ არჩევნების თავისუფალ გარემოსა და სამართლიანად ჩატარების შესწავლაზე. აქამდე ასეთი მოთხოვნა უმრავლეს შემთხვევაში ასეთი იყო.
თუკი საერთაშორისო ორგანიზაციების ამაზე თანხმდებიან, ამ რესურსის გამოყენება გონივრული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ მათ არაფერი არ დაურღვევიათ. თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით უცხოელების მონაწილეობაზე არჩევნების შედეგების არა გამოძიებაზე, არამედ შესწავლაზე.
რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას. გულწრფელად რომ გითხრათ, პროკურატურის გამოძიება იმ ჩიხში შეიყვანს მმართველ პოლიტიკურ ძალას, მე არ ვამბობ დღეს და თან აუცილებლად, რომლიდანაც გამოსვლა ადვილად ვერ მოხდება. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ თანამდებობრივ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
როცა საქმე აღძრულია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით შეწყვეტის მიზეზის დასაბუთება უნდა იყოს. მათ უნდა შეისწავლონ ყველაფერი, რაც არჩევნებს უკავშირდება. საჯარო ინფორმაციებით ვიცით, რომ მოწმეები მიდიან პროკურატურაში და ჩვენებებს აძლევენ კონკრეტული მტკიცებულებები მიაქვთ.
პროკურატურამ ამ მტკიცებულებებზე უნდა იმსჯელოს და პასუხები გასცეს. ხელისუფლება პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების თემას კი აუბრალოებს, მაგრამ, ამ თემის ასეთი გაუბრალებლობა ხელისუფლებისთვის წამგებიანია. ასეა, რადგან მოწმის ჩვენება ერთ-ერთია და არა ერთადერთი. დანარჩენი მასალების მოძიება პროკურატურის ვალდებულებაა თუკი აღძრა საქმე და დაიწყო დევნა.
– რაც გვესმის, არ ჩანს, რომ პროკურატურა აღძრული საქმის გამოძიებაზეა გადასული? არ ვგულისხმობ იმას, რომ რიგი პარტიებიდან უბნებზე დამკვირვებლებად განმწესებული ადამიანები ამბობენ, რომ ამ არჩევნებზე ისინი „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და აცხადებენ, რომ ამის გამო ისინი სხვა საარჩევნო უბნებში იყვნენ შეყვანილები, ანუ მმართველმა გუნდმა ხმები დაკარგა…
– თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი როდის, მაგრამ შესაძლებელია ამ ოთხ წელიწადში პარლამენტში შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შემდეგ, ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული, პროკურატურის პირველი პირების ჩათვლით ძალია მძიმე დღე დაუდგებათ. ასეთ შემთხვევაში გამოძიება არ იქნება მათ მიერ კონტროლირებადი. აქვე გავიხსენებ იმას, რომ საქართველოს ისტორიაში ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში შექმნილა საგამოძიებო კომისია.
ასეთი კომისიებია შექმნილი 2002 წლის 2 ივნისს ადგილობრივი არჩევნებისას დარღვევების გამოსაძიებლად შეიქმნა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. ხოლო შემდეგ, ამავე კომისიას დაევალა და გადაეცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას დარღვევების შესწავლა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი