ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, პრეზიდენტს კი – პარლამენტი. საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში – საგარეო საქმეთა მინისტრი
თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ-საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით.
„ამ ინტერესების დაცვა არის ჩვენი პირველი მოვალეობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის.
ამ მიმართულებით თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ. ვერ მოხდება ასე. ვერაფერი შეიცვლება ჩვენს სურვილში, ჩვენს მისწრაფებებში, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები, საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოში სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
ეს არის ჩვენი მამოძრავებელი და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს იქნება ყველა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება.
თქვენ თუ მეუბნებით, რომ საქართველოს ინტერესები არის ის კომპრომისი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გასწიოს, ასეთი კომპრომისი ვერ იქნება. საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. მისივე მტკიცებით, არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით,
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით.
„ყაველაშვილს მილოცვები მიღებული აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.