ლისაბონი, 2025 წლის 15 სექტემბერი – საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავები სექტემბერში ლისაბონში ლეგენდების საქველმოქმედო მატჩისთვის შეიკრიბებიან, რათა მოიზიდონ თანხები ომისა და ადგილობრივი კონფლიქტების დროს დაზარალებული საზოგადოებისთვის მთელ მსოფლიოში.
Sport Global Group-ის ორგანიზებით, ფეხბურთის ლეგენდები ევროპის ერთ-ერთ უდიდესს საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად 2025 წლის 15 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს ეწვევიან, რომელიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძელი ქვეყანაა. ლეგენდების მატჩს 60 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება, ხოლო მილიონობით ადამიანისთვის თამაში ონლაინ გადაიცემა.
აღნიშნული საქველმოქმედო შეხვედრა SBC ლისაბონის სამიტის გარშემო დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებაა, სადაც SMH Sports-ი ჩართული იქნება როგორც ივენთის სტრატეგიული პარტნიორი. კომპანია იზრუნებს მატჩის ყველა საოპერაციო ელემენტებზე.
„მოხარულნი ვართ, რომ საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებაში SMH Sports-ი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ, SMH Sports-სა და SBC-ის მჭიდრო და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს წლების განმავლობაში მედია და სამიტების ნაწილში, რისი დასტურია SBC Summit Tbilisi-ი. წელს უკვე მესამედ, თბილისი, რეგიონის უმსხვილეს iGaming და Tech კონფერენციას SBC Summit Tbilisi 2025, 15-16 ოქტომბერს მასპინძლობს. საქველმოქმედო ლეგენდების მატჩში ჩვენი მონაწილეობა კი ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო ფართო და მასშტაბურს ხდის.” – განაცხადა SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან (FPF) თანამშრომლობით, მატჩში მონაწილეობას მსოფლიოს ლეგენდებთან ერთად, პორტუგალიელი ლეგენდებიც მიიღებენ. ამ ღონისძიების მიზანია 1 მილიონ ევროზე მეტის შეგროვება საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან იმ საზოგადოებასა და ოჯახებს, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ სხვადასხვა კონფლიქტების დროს.
ლუიშ ფიგუ, რომელმაც 2000 წელს ოქროს ბურთი მოიგო, პორტუგალიის ლეგენდების გუნდს უკაპიტნებს.
“ყოველთვის სასიამოვნოა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და ფეხბურთის თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეროვნული ნაკრების მაისური მაცვია! იმედი მაქვს, ამ ლეგენდების საქველმოქმედო მატჩისთვის ჩემს მშობლიურ ქალაქ ლისაბონში სტადიონი სავსე იქნება და თანხას მნიშვნელოვანი საქველმოქმედო მიზნებისთვის შევაგროვებთ.” – ლუიშ ფიგუ.
ფიგუს, ევრო 2016-ის გამარჯვებული გუნდიდან, შეუერთდებიან რიკარდო კუარეჟმა, ელისეუ და რიკარდო კარვალიო. ამ მატჩში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ფაბიო კოენტრაუ, მანიშე, უგო ალმეიდა, ვიტორ ბაია, ხოსე ბოსინგვა და დეკუ, ისევე როგორც სხვა ცნობილი პორტუგალიელი ლეგენდები, მათ შორის, ბეტუ პიმპარელი, ხორხე ანდრადე, დანი, ტიაგო მენდეში, ჰელდერ პოსტიგა, ნუნუ გომეში და სიმაუ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი გამარჯვებული კოშტინია იქნება.
მსოფლიო ლეგენდების შემადგენლობა კი ასე გამოუყურება: პიტერ შმეიხელი (დანია), ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები), კაფუ (ბრაზილია), ხავიერ ძანეტი (არგენტინა), დიეგო ლუგანო (ურუგვაი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), გაისკა მენდიეტა (ესპანეთი), იური ჯორკაეფი (საფრანგეთი), კრისტიან კარამბეუ (საფრანგეთი), მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი), გიორგიოს კარაგუნისი (საბერძენეთი), კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი), ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი), შოთა არველაძე (საქართველო), ხავიერ სავიოლა (არგენტინა) და რონალდინიო (ბრაზილია).
მენდიეტა, რომელმაც ვალენსიას ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში უკაპიტნა, ამ მატჩის შესახებ საუბრობს: „ეს შესანიშნავი ღონისძიებაა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა, შევაგროვოთ თანხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენზე ნაკლებად იღბლიანები არიან და რომლებსაც ამჟამად ყველანაირი დახმარება სჭირდებათ“.
ეს მატჩი წარმოადგენს ახალ ნაბიჯს „პორტუგალიის ლეგენდების“ ინიციატივაში. FPF-ის პროექტი, შექმნილია ვეტერან მოთამაშეებს, ეროვნულ ნაკრებსა და პორტუგალიურ ფეხბურთს შორის არსებული მყარი კავშირის ხაზგასასმელად, აღსანიშნავად და კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
მატჩი გაიმართება 60 000 გულშემატკივრის წინაშე „ესტადიო და ლუჟზე“ (SL Benfica Stadium) ან „ესტადიო ხოსე ალვალადეზე“ (Sporting CP Stadium). სტადიონი აგვისტოს თვეში შეირჩევა, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის კალენდარი გამოქვეყნდება.
„ლეგენდების“ საქველმოქმედო თამაშის მიზანია 1 000 000 ევროზე მეტის შეგროვება, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები, ისე პორტუგალიაში მცხოვრები ხალხისთვისაც. საფეხბურთო ოჯახი ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით ოჯახებს დაეხმაროს. თანხები შეგროვდება, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.
ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისთვისაც „ლეგენდების“ საქველმოქმედო თამაში თანხებს შეაგროვებს, არის უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება (URCS). ყოველდღიურად, უკრაინის წითელი ჯვრის ჯგუფები უზრუნველყოფენ ევაკუაციის მხარდაჭერას, ფსიქოსოციალურ და პირველად დახმარებას, უზრუნველყოფენ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას, უჭერენ მხარს დროებით თავშესაფრებს, ეხმარებიან საცხოვრებლის აღდგენაში და ავრცელებენ ინფორმაციას აუფეთქებელი საბრძოლო მასალის რისკების შესახებ. უკრაინის წითელი ჯვრის მოხალისეები და თანამშრომლები ქვეყნის ყველა რეგიონში მუშაობენ, რათა დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
უკრაინის წითელი ჯვრის გენერალური დირექტორი, მაქსიმ დოცენკო: „ომი უკრაინაში გრძელდება და სამწუხაროდ, მილიონობით ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. ისეთი ინიციატივა, როგორიცაა „ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი“, მხოლოდ შეგროვებულ თანხას არ ეხება. ისინი თანაგრძნობას გამოხატავენ და გვაჩვენებენ, რომ მსოფლიო ჩვენს გვერდით დგას. ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ, რომელიც რეალურ დახმარებად იქცევა მათთვის, ვინც ურთულეს პერიოდს გადის. მადლიერები ვართ ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ ყველაფრის ორგანიზებაში“.
ლისაბონში დაფუძნებული „Cáritas Portuguesa“, რომელიც მხარდაჭერას უწევს საზოგადოებას, რომლებიც ებრძვიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა სიღარიბე, „ლეგენდების საქველმოქმედო მატჩის“ საქველმოქმედო პარტნიორი იქნება.
„ლეგენდების საქველმოქმედო თამაშის“ ორგანიზატორის „Sport Global Group “ აღმასრულებელი დირექტორი, რასმუს სოიმარკი, განმარტავს: „წელს ჩვენს საქველმოქმედო საქმიანობას კიდევ უფრო მაღლა ავწევთ სანახაობრივი საფეხბურთო მატჩით, რათა რაც შეიძლება დიდი თანხა შევაგროვოთ ღირებული მიზნებისთვის. მატჩის ჩატარების კვირას, ლისაბონში გასამართ SBC სამიტთან თანაშრომლობით, ჩვენ ვიპოვეთ გზა, რათა ფეხბურთისა და ბიზნესის გარშემო მყოფი საზოგადოება დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოუდგენელ სირთულეებს აწყდებიან“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალური ვებგვერდის www.legendscharitygame.com მეშვეობით.
Sport Global Charitable Foundation არის ფონდი, რომელიც იმართება Prism the Gift Fund-ის (დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია საქველმოქმედო ნომრით 1099682) ეგიდით.
ლეგენდების საქველმოქმედო თამაშიდან მიღებული მთლიანი თანხა მოხმარდება Sport Global Charitable Foundation-ის ბენეფიციარებს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას და პორტუგალიის კარიტასს.