ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტების სახალხო განხილვის კომისიაში 13 დეპუტატი წარადგინეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების და კონსტიტუციური კანონის პროექტების განსახილველად საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტების სახალხო განხილვის კომისიაში პარლამენტის 13 წევრი წარადგინეს. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიაში ასევე შევლენ:
· ;
· რატი იონათამაშვილი;
· გივი მიქანაძე;
· მაკა ბოჭორიშვილი;
· ანრი ოხანაშვილი;
· დავით მათიკაშვილი;
· სალომე ქურასბედიანი;
· თენგიზ შარმანაშვილი;
· სოზარ სუბარი.
კომისიის მდივანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში ოპოზიციიდან სამი დეპუტატი შევა: „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი და „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე.
კომიტეტმა 10 აპრილს გამართულ სხდომაზე ასევე შეამოწმა საპარლამენტო უმრავლესობის იმ 83 დეპუტატის ხელმოწერების ნამდვილობა, რომლებიც არიან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების ინიციატორები.
ამის შემდეგ პარლამენტის ბიურო საკითხს შეიტანს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც გადაწყვეტს პროექტების გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. მანამდე კი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პროექტის განხილვის მიზნით, „მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით“, 30 დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
განხილვის დასრულებიდან ათი დღის ვადაში კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.
ამის შემდეგ პროექტების განხილვას შეუდგებიან საქართველოს პარლამენტში. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებენ.
ამას მოჰყვება პლენარულ სხდომაზე პროექტების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება. თუ პროცედურას მივყვებით, ეს ივნისში იქნება შესაძლებელი. თუმცა საქმე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.
კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერა არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ამავე რაოდენობის დეპუტატი დაადასტურებს მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით.
დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია, ხოლო დეპუტატთა მაქსიმალური რაოდენობის (93 ხმა) მობილიზება მან გასული წლის მაისში შეძლო.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.

ასევე დაგაინტერესებთ