“ლაჩრები” – ტრამპმა NATO-ს მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში წვლილის შეტანაზე, და მათ “ლაჩრები” უწოდა. ტრამპის თქმით, ამ პოზიციას “დაიმახსოვრებს”.
“აშშ-ს გარეშე NATO ქაღალდის ვეფხვია! მათ არ სურდათ ბირთვული იარაღის მქონე ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა. ახლა, როცა ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხის ფასად, ისინი ნავთობის მაღალი ფასების გამო ჩივიან, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ, რომ წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, რაც მარტივი სამხედრო მანევრი და ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი განმაპირობებელია. ამის გაკეთება მათთვის ძალიან მარტივია, ხოლო რისკი ძალიან დაბალი. ლაჩრები, და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ!” – წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ნიდერლანდებმა 19 მარტს განაცხადეს, რომ “მზად არიან, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო მოძრაობა.”
ხსენებულმა ქვეყნებმა “მტკიცედ დაგმეს” სპარსეთის ყურეში “შეუიარაღებელ სავაჭრო ხომალდებზე ირანის მხრიდან ბოლო იერიშები” და აღნიშნეს, რომ “მიესალმებიან იმ ქვეყნების მზადყოფნას, რომლებიც ჩართულნი არიან მოსამზადებელ დაგეგმვაში”.
თუმცა, მოგვიანებით იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა განმარტეს, რომ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარებაზე, არამედ – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პოტენციურ მრავალმხრივ ინიციატივაზე.
იტალია, გერმანია და საფრანგეთი ჰორმუზში დახმარებას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილავენ
ირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მრავალ ქვეყანას ნავთობი და გაზი მიეწოდება, ფაქტობრივად ჩაკეტა – ისინი თავს ესხმიან სავაჭრო გემებს. შექმნილი კრიზისის ფონზე კი იზრდება ნავთობის ფასები.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს წერილობით გავრცელებულ განცხადებაში -ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს. 11 მარტიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში დაახლოებით 20-მდე გემს დაესხნენ თავს.
Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
თუმცა, გემებზე თავდასხმების მიუხედავად, რის გამოც ყოველდღიური გადაადგილება დაახლოებით 95%-ით არის შემცირებული, BBC-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ომის დაწყებიდან ჰორმუზის სრუტე 100-მდე გემმა გაიარა.
გამოცემის მონაცემებით, ომამდე სრუტის გავლით ყოველ დღე 138 გემი გადაადგილდებოდა, ხოლო მარტის თვეში ეს რიცხვი საშუალოდ დღეში 5-6 ხომალდამდე შემცირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტის გავლით გადაადგილებული გემების მესამედი ირანთან იყო კავშირში, კიდევ ცხრა გემის მფლობელ კომპანიებს ჩინური მისამართები ჰქონდათ, ხოლო ექვსი გემის საბოლოო დანიშნულების ადგილად ინდოეთი იყო მითითებული.
ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ირანის პორტებში გაჩერდა რამდენიმე არაირანული გემიც, მათ შორის, ბერძნული კომპანიების მფლობელობაში არსებული ხომალდებიც.