რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია , – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას.
ამასთანავე, ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი საბოლოოდ კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.
„სანქციებთან მიმართებაში მივიღე ინფორმაცია, რომ განხილვა იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოოდ აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება კანონის სახე, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მხოლოდ და მხოლოდ, აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ასეთი ტიპის ურთიერთობების დაზიანება ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში და არ უნდა იყოს წესით არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ბუნებრივია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება არ არის კარგი, ეს ნამდვილად არ არის „მეგობრული“ ნაბიჯი. რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია“, – განუცხადა ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მილანში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
