ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.
როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯამური თანხის 30% – 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე.
„ამასთან, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% – განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% – 2,9 მილიარდი ლარი – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე – 940 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,9 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%.
აღნიშნულ პროგრამებსა და პროექტებზე ჯამურად მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა“, – განაცხადა ხუციშვილმა.
