ლაშა ხუციშვილი – ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია განათლებაში ინვესტიციების განხორციელება

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად, განათლებაში ინვესტიციების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, 2024 წლისთვის კი, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს.
„დაფინანსების ჯამური მოცულობიდან 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი ზოგადი განათლების დაფინანსებაზე მიიმართება; 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად; სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს; პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დასაფინანსებლად, 2024 წელს, ჯამში, გამოყოფილია 2 მილიარდ 70 მილიონი ლარი.
მისი თქმით, გამოყოფილი ჯამური თანხიდან სკოლების და ინკლუზიური განათლების დაფინანსებას მოხმარდება 1 მილიარდ 336 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დაფინანსების მოცულობას 170 მილიონით აღემატება.
გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი, გამოყოფილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის მოსაწესრიგებლად.
„დაახლოებით 2 კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასები გაიზარდა 125 ლარით (1000 ლარიდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10%-ით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18 ლარიდან 20 ლარამდე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ზოგადი განათლების დაფინანსების ფარგლებში, 60 მილიონ ლარამდე გამოყოფილია მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფისთვის (პირველკლასელები და წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემად), ხოლო 77 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი საჯარო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოსაწყობად.
ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, 2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი, საიდანაც 451 მილიონი ლარი საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტი სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგეგმილია დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს, ასევე, დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.
2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.