საქართველო „მსოფლიო ბანკთან“ სუვერენული სესხების ეროვნულ ვალუტაში აღებაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხუციშვილი განმარტავს, მსგავსი ტიპის სესხის აღებაზე მუშაობენ „მსოფლიო ბანკთან“ და გეგმავენ ამ კუთხით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობასაც.
„მსოფლიო ბანკთან“ სუვერენული სესხების ეროვნული ვალუტაში აღებაზე ვმუშაობთ; სამუშაო პროცესია ახლა. „აზიის განვითარების ბანკთან“ უფრო სწრაფად დავასრულეთ ეს პროცესი და განათლების სექტორისთვის ლარში 27 მილიონი დოლარის ეკვივალენტის სესხი გაიცა. ADB-სგან ადგილობრივ ვალუტაში ხდება დაფინანსების მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „აზიის განვითარების ბანკი“ ენდობა საქართველოს ეკონომიკას, მის ვალუტას და აქვს სანდოობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი საკუთარ თავზე იღებს იმ რისკს, რაც ადგილობრივ ვალუტასთან არის დაკავშირებული. ეს პირველი მსგავსი პროექტი იყო და ვეცდებით, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ამ კუთხით თანამშრომლობას“, – აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.
კითხვაზე, დიალოგი მიმდინარეობს თუ არა რომელიმე კონკრეტულ სექტორში „მსოფლიო ბანკის“ მიერ სუვერენული სესხის გაცემაზე, ხუციშვილი პასუხობს, რომ აღნიშნული მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში იქნება ცნობილი. მისივე განმარტებით, ნებისმიერი სესხის გაცემა სექტორული პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.
„სესხის პრიორიტეტები ქვეყანასა და საფინანსო სექტორს შორის არის შეთანხმებული და პრიორიტეტების ფარგლებში ხდება მისი გაცემა. „მსოფლიო ბანკთან“ საუბარი შესაძლოა, იყოს ნებისმიერ სექტორზე. მაგალითად, თუ განათლების სექტორი იყო ის მიმართულება, რომელზეც ამ ტიპის ხელშეკრულება ADB-სთან გავაფორმეთ, „მსოფლიო ბანკთან“, სხვა ინსტიტუტებთან ან თუნდაც სამომავლოდ კვლავ ADB-სთან შესაძლოა, ეროვნულ ვალუტაში დაფინანსება სხვა სექტორებში განხორციელდეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
